გადახდის პიკი საპრეზიდენტო არჩევნების წელს უწევს

ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეკონომისტთა ნაწილის აზრით, დღეს, როცა მიმართება 40%-მდეა, ეს რისკიანი გადაწყვეტილებაა - ისედაც მაღალი ვალის მქონე საქართველოს, შესაძლოა, გაუჩნდეს ახალი ვალის აღების ცდუნება, რასაც მომავალში ბუმერანგის ეფექტი ექნება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 8631.9 მლნ აშშ დოლარია. მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების ვალი ყველაზე მაღალი - მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ია.
ვალი გაიზარდა 2008 წელს - ჯერ კიდევ ომამდე 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებისა და წლის მეორე ნახევარში დონორებისაგან მიღებული თანხების შედეგად. ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე დაპირებული 4.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარებიდან 3 მილიარდი ანუ 63% კრედიტია.
საქართველოს თავის ვალებში ყველაზე დიდი თანხის - 800 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უწევს: თუ დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4% ხმარდება, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 3.5-ჯერ ანუ 14%-მდე გაიზრდება.
ეროვნული ბანკი შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს: სახელმწიფო ვალის 3.7 მილიარდი აშშ დოლარიდან, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის ვალი შედის, 2.4 მილიარდი აშშ დოლარი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკისგან მოზიდული თანხაა. ეს ფინანსური რესურსი დაბალპროცენტიანია და მისი საპროცენტო ხარჯი 1%-ზე ნაკლებია. სამაგიეროდ, ძვირია (7.5%) ევროობლიგაციების ვალი, რომელიც უახლოესი სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.
ერთ სულ მოსახლეზე ვალი, დაახლოებით, 2000 დოლარია. ვალის გადახდისას მთავრობა საბიუჯეტო სახსრების გარკვეულ ნაწილს ამცირებს ან ზრდის გადასახადებს, რათა საგარეო ვალდებულებები შეასრულოს. სხვა შემთხვევაში კი ეს თანხები ეკონომიკური ეფექტის მქონე სხვადასხვა პროგრამას ან გადასახადების შემცირებასა და ეკონომიკის სტიმულირებას მოხმარდებოდა.
მსოფლიო ბანკის ზრდისა და კრიზისის პროგრამის ხელმძღვანელისა და წამყვანი ეკონომისტის რაჯ ნალარის აზრით, შედარებით ღარიბმა ქვეყნებმა უნდა აკონტროლონ, რომ საგარეო ვალმა 50%-იან ზღვარს არ გადააჭარბოს და, ამავდროულად, მხოლოდ კონცესიური ანუ დაბალპროცენტიანი სესხები აიღონ: ვალის გადახდისუნარიანობის გრძელვადიანი შეფასებისას, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მშპ-სთან შეფარდებაა. მათი პარამეტრებით, ვალი, რომელიც მშპ-ს 40-50%-ს აღემატება, არასაიმედოა და ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოდ მიიჩნევა.
ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო ვალის მშპ-სთან მიმართება უახლოესი წლების განმავლობაში 30-40%-ის ფარგლებში იმერყევებს.
ამდენად, ეკონომიკურ პრობლემათა კვლევის ცენტრის დამფუძნებლის დავით ნარმანიას თქმით, თავისუფლების აქტის 60%-იანი ზღვარი, კერძოდ, დეკლარირება იმისა, რომ არსებობს კონსტიტუციით აღიარებული ზღვარი, მისაღებია ერთადერთი პირობით, თუ ქვეყნის პოლიტიკა იქნება „რაც შეიძლება ნაკლები საგარეო ვალი და რაც შეიძლება მჭიდროდ მოჭერილი ქამრები.”
2013 წელს ქამრების მჭიდროდ მოჭერა და წინასაარჩევნოდ პოპულისტურ მოტივებზე უარის თქმა მმართველი გუნდისთვის რთული ტესტი იქნება.



 

კომენტარები