ბრიტანეთი არჩევანის ზღვარზე

0 კომენტარი
ფოტო: ტელე დებატები

გაერთიანებული სამეფო 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. თემთა პალატის 650 სკამისთვის ძირითადად იბრძვის სამი მთავარი პარტია. ლეიბორისტები ეცდებიან მეოთხედ დარჩნენ მმართველ პარტიად; გადახალისებული კონსერვატორები 90-იან წლებში ნაწვნევი მარცხის შემდეგ, ახალი ლიდერის, დევიდ კამერონის დახმარებით ფურორით დაბრუნებას გეგმავენ; ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია კი ძალას იკრებს, რათა ადგილი დაიმკვიდროს ორპარტიულ სისტემაში. არჩევნები პირველია როგორც ტონი ბლერის გადადგომის შემდეგ 2007 წელს მოსული გორდონ ბრაუნისთვის, ასევე დევიდ კამერონისა და ნიკ კლეგისათვისაც. ბრიტანული საარჩევნო სისტემის თავისებურებების გამო, კონსერვატორებს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, ამომრჩეველთა ხმების 11%-იანი უპირატესობა ესაჭიროებათ. You.Gov-ის, 21-22 აპრილის კვლევის თანახმად, 34%-ით ლიდერობენ კონსერვატორები; 29%-ით მეორე ადგილზე არიან ლეიბორისტები; ლიბერალ-დემოკრატებს კი მოსახელობის 28% უჭერს მხარს.
კონსერვატორება და ლეიბორისტებს გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია მერყევი ამომრჩევლის გადაბირება, რისთვისაც პარტიის ლიდერები მუხლშეუდრეკლად იღვწიან. გამოქვეყნდა მათი მანიფესტები. სამივე პარტიის გეგმის მთავარი თემებია: კრიზისიდან თავის დაღწევის მეთოდები, ეკონომიკა, განათლება და იმიგრაცია.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკას, რადგან პარტიების დამოკიდებულებას ეკონომიკისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ლეიბორისტების გეგმა ასეთია: 2014 წლისთვის დეფიციტის განახევრება, 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ბიზნესინვესტიციებით ეკონომიკის წახალისება, ინფრასტრუქტურის განვითარება და, შედეგად, მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა. საპირისპიროდ, კონსერვატორები საპროცენტო განაკვეთების შემცირებას სთავაზობენ ამომრჩეველს. ამასთანავე, კამერონი გამოდის ფინანსური რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით. კონსერვატორების ერთ-ერთი მთავარი მიზანია გადასახადების შემცირება, და ამ მხრივ, გაერთიანებული სამეფოს კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო სარბიელზე. ლიბერალ-დემოკრატები კი ბანკების კონტროლის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რათა აღარ განმეორდეს რისკიანი კრედიტების გაცემა.
სამივე პარტია თანხმდება პოლიტიკური რეფორმების აუცილებლობაზეც, თუმცა თითოეული თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს ამომრჩეველს. ლეიბორისტები ლორდთა პალატის რეფორმაციას და მისი წევრობის მემკვიდრეობითობის გაუქმებას გეგმავენ; აგრეთვე, ამომრჩეველს ჰპირდებიან საარჩევნო ასაკის 16 წლამდე დაწევას და არჩევნების მაჟორიტარული სისტემის ალტერნატიულით შეცვლას. კონსერვატორები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრენი არიან, რადგან ის მოქალაქეებს არასასურველი მთავრობის გადაყენებას უადვილებს. კონსერვატორებიც ლორდთა პალატის რეფორმაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამ საკითხზე კონსესუსის შემუშავების იმედი აქვთ და კონკრეტული გეგმა არ გააჩნიათ. ლიბერალ-დემოკრატების მთავარი დაპირება წერილობითი კონსტიტუციის შემოტანა და ლორდთა პალატის სრულიად არჩევით ორგანოდ გადაკეთებაა.
მანიფესტებში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა საგარეო პოლიტიკას. სამივე პარტია ერთხმად აცხადებს, რომ ქვეყანა არ შეუერთდება ევროზონას. კონსერვატორები უფრო შორს წავიდნენ. მათ სურთ, რომ რეფერენდუმის გარეშე ვერც ერთი შემდგომი მთავრობა ვერ შევიდეს ევროზონაში. თუმცა, ევროკავშირთან თანამშრომლობას ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხებში სამივე პარტია აპირებს.
საინტერესოა პარტიათა დამოკიდებულება რუსეთისა და აშშ-ს მიმართ. საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დროს კონსერვატორთა პარტია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებდა ჩვენს ქვეყანას და გმობდა რუსეთის ინტერვენციას. დევიდ კამერონი აცხადებდა, რომ ერთადერთი გზა „ჩხუბისთავს გააგებინო, რომ არაფერი გამოუვა, მსხვერპლის დაცვაა”. იგი იყო პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც ომის დროს თბილისში ჩამოვიდა და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. კომენტატორთა აზრით, რომ არა კამერონის ვიზიტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბანდი არც აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. გორდონ ბრაუნი შედარებით თავშეკავებული იყო, თუმცა ისიც აკრიტიკებდა რუსეთს.
გორდონ ბრაუნს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან, რაც აისახებოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. იგი მხარს უჭერდა ომს ერაყში და ავღანეთში. ობამას მოსვლის შემდეგ ბრიტანეთისა და აშშ-ს ურთიერთობამ დაკარგა „განსაკუთრებულობა”. დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, მას არ შეეშინდება ობამას უთხრას „არა”: „ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესო მეგობრები და არა ახალი მეგობრები. საუკეთესო მეგობარი გეუბნება, რაც აუცილებელია, ხოლო ახალი უბრალოდ იმას, რისი გაგონებაც გსურს”. ნიკ კლეგი კიდევ უფრო რადიკალურია. მისი განცხადებით, „განსაკუთრებული ურთიერთობა” აშშ-სა და ბრიტანეთს შორის დასრულდა. ბრაუნი კონსერვატორებს ანტიევროპეიზმში, ხოლო ლიბერალებს- ანტიამერიკანიზმში ადანაშაულებს.
პარტიის ლიდერები ცდილობენ დაუმტკიცონ ამომრჩეველს, რომ შეძლებენ მათ მანიფესტებში წარმოდგენილი გეგმის შესრულებას. წელს, პირველად გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, ჩატარდა ტელედებატები, სადაც ერთმანეთს პრემიერმინისტრობის კანდიდატები ეპაექრებოდნენ. მსგავსი დებატების დანიშვნა ერთ რამეზე ნათლად მიანიშნებს, ხდება პრემიერმინისტრობის პრეზიდენტალიზაცია. თუ ადრე ბრიტანელი ამომრჩეველი არჩევანს პარტიის პოლიტიკის მიხედვით აკეთებდა, 2010 წლის თებერვლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ელექტორატი ახლა პარტიის ლიდერით განსაზღვრავს ვის მისცეს ხმა. პირველი დებატები შიდა პოლიტიკას შეეხებოდა. 22 აპრილს იყო დებატები საგარეო პოლიტიკის შესახებ. დარჩა ერთი რაუნდი, რომელიც 29 აპრილისთვის იგეგმება. საუბარი იქნება ეკონომიკასა და გადასახადებზე.
პირველი დებატები ნიკ კლეგის აშკარა გამარჯვებით დასრულდა. მცირე ხანში მისი რეიტინგი 67%-ით გაიზარდა და ისევ განაგრძობს ზრდას. ფაინანშელ თაიმსი ნიკ კლეგს ვინსტონ ჩერჩილის შემდეგ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსს უწოდებს. მეორე დებატებზე კლეგი უფრო სუსტი იყო. გაზეთ სანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ეს დებატები კამერონმა მოიგო.
დებატებს, როგორც წესი, არ აქვს დიდი გავლენა ამომრჩეველზე, განსაკუთრებით ორპარტიული სისტემის მქონე ქვეყნებში, სადაც ამომრჩეველს თითქმის ყოველთვის წინასწარ ჰყავს განსაზღვრული ფავორიტი. თუმცა, დებატებით შეიძლება გულის მოგება ე.წ. სტრატეგიული ამომრჩევლისა, რომელიც ხმას აძლევს ლეიბორისტებს ან კონსერვატორებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ხმა არ „გაიფლანგოს”, რადგან მესამე პარტიას გამარჯვების შანსი არ აქვს. ნიკ კლეგის პოპულარობა სტრატეგიულ ამომრჩეველს აძლევს შესაძლებლობას ხმა მისცეს პარტიას, რომლის მსოფლმხედველობაც მისთვის ახლობელია და, ამავდროულად, რწმენას, რომ პარტიას მართლა აქვს გამარჯვების პერსპექტივა. კლეგის რეიტინგის ზრდა არ აწყობთ კონსერვატორებს. ისინი მხოლოდ რამდენიმე პროცენტით უსწრებენ ლეიბორისტებს და უნდათ რაც შეიძლება მეტი ადგილი წაართვან ლიბერალ-დემოკრატებს. დევიდ კამერონი ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერობა, ის ამომრჩეველს აშინებს: „ხმა მიეცი კლეგს, მაგრამ მოვა ბრაუნი”. მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელია. კლეგის პოპულარობის მიუხედავად, მისი პარტია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. კლეგის პოპულარობის შედეგად კამერონი კარგავს სტრატეგიულ ამომრჩეველს, ურომლისოდაც იგი ბრაუნს ვერ გაუსწრებს. ამ შემთხვევაში კი პარლამენტი უმრავლესობის გარეშე დარჩება. უმრავლესობის არარსებობა რეფორმების გატარებას თითქმის შეუძლებელს გახდის. თუ ასე მოხდა, მომავალი მთავრობის ბედი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელში დარჩება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები