იაფი გაზი ბაზების სანაცვლოდ

ვიქტორ იანუკოვიჩმა და მისმა რუსმა კოლეგამ, დიმიტრი მედვედევმა, ოთხშაბათს საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინის ქალაქ ხარკოვში დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთს ენიჭება უფლება 2043 წლამდე დატოვოს თავისი ფლოტი უკრაინის აუზში, ყირიმის მისადგომებთან. სანაცვლოდ, კრემლი გაზის ფასს 30%-ით დააგდებს.
სწორედ ეს საკითხი იყო ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის მიზეზი. იანუკოვიჩის პროდასავლურად ორიენტირებული წინამორბედი, ვიქტორ იუშჩენკო, მოითხოვდა, რომ რუსულ ფლოტს დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წელს. ამჟამინდელი პრეზიდენტი რუსეთისადმი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
კონფერენციაზე მედვედევმა განაცხადა, რომ გაზის ფასი და ბაზების საკითხი თავიდანვე დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. მისი თქმით, რუსული ფლოტის უკრაინაში დარჩენა საუკუნის შუა წლებამდე ხელს შეუწყობს ევროპულ უსაფრთხოებას.
ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთისთვის ნაკლებად მოგებიანია შეთანხმების პირობები, რასაც გაზპრომის მთავარი დირექტორი ალექსეი მილერიც ადასტურებს. წელს უკრაინა გაზზე 1,5 მილიარდ დოლარს დაზოგავს, რაც საშუალებას მისცემს ხელახლა აიღოს სესხი საერთაშორისო მონეტარული ფონდისგან.
უკრაინის ოპოზიციონერი ლიდერები ეწინააღმდეგებიან ხელშეკრულებას. ყოფილი პრეზიდენტის, „ჩვენი უკრაინის” ლიდერ ვიქტორ იუშჩენკოს აზრით, ხელშეკრულება ქვეყანას „რუსიფიკაციამდე” მიიყვანს. ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო კი შეთანხმებას ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხედ განიხილავს. გარდა ამისა, ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის განცხადებით, ახალი შეთანხმება 27 აპრილს ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ რატიფიცირდება.



 

კომენტარები