მამრი მედეა და ტექსტის დაბადება

რას ელოდები ლაშა ბუღაძისგან? სიცილს, მარტივ სიუჟეტს და თითქმის ერთგანზომილებიან პერსონაჟებს. ჰო, კიდევ იოლ კითხვას. ოღონდ მისი ბოლო რომანები ასეთ მოლოდინს მთლად არ ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, ბუღაძის გმირები ნელა, მაგრამ თანდათან რთულდებიან.
„ლიტერატურული ექსპრესი” ლაშა ბუღაძის პირველი წიგნია, რომელშიც ის ბევრი მწერლისათვის ჩვეულ თემას ამუშავებს – ესაა, რუსი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, Из какого сора растут стихи: როგორ იქმნება ლიტერატურული ტექსტი. რომანის პერსონაჟები ერთთავად პოეტები და პროზაიკოსები არიან.
სიუჟეტი ასეთია: ლისაბონში თავს უყრიან 100 ლიტერატორს. სხამენ მატარებელში, რომელმაც ევროპა უნდა გადაჭრას. მოგზაურობისას მწერლებს ევალებათ წაიკითხონ თავიანთი ტექსტები საჯაროდ, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, დაწერონ ახალი ნაწარმოები. თხრობა პირველ პირშია, მაგრამ ლაშა ბუღაძე, როგორც ავტორი, დამატებით ემიჯნება მთხრობელ პერსონაჟს – პირველ პირში (თან თავიანთ ენაზე – ცხადია, თარგმანითურთ) წარმართავენ თხრობას ლიტერატურული ექსპრესის სხვა მგზავრებიც – ქართველი, ჩეხი, რუსი, ხორვატი, ჩეჩენი, სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი, პოლონელი თუ ლიტველი ლიტერატორები. მათ ინტიმურ ჩანაწერებს არ იცნობს ძირითადი მთხრობელი – ერთადერთი პროზაული კრებულის 28 წლის ქართველი ავტორი ზაზა.
იდეა და ძალისხმევა, თავი მოუყარო მწერლებს საიმისოდ, რომ აქედან რაღაც გზიანი და ლიტერატურისთვის ღირებული გამოდნეს, არაერთხელ აუგდიათ თავად მწერლებს. მაგალითად, „დოქტორ კრიმინალეში” მალკოლმ ბრედბერის და კორაგესან ბოილს რომანში „აღმოსავლეთი არის აღმოსავლეთი”. ორივე შემთხვევაში ლიტერატორთა მიწვევა კომფორტულ გარემოში დისკუსიებისა თუ თხზვისთვის ქმნის ირონიულ ფონს, რომელზეც რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამბავი უნდა განვითარდეს, ვიდრე ეს მწერლებისგან ნაკრები გუნდის გაკეთებაა. ასეა ლაშა ბუღაძესთანაც. მისი მთავარი პერსონაჟი იმთავითვე ამრეზით ეკიდება სავალდებულო შეთავაზებას – მგზავრობისას წეროს კოლექტივთან ერთად.
რა არის „რაღაც უფრო მნიშვნელოვანი”? ის, რაც ხდება გამოგონილი მწერლების გამოგონილ სამყაროებში თუ ის, რაც ხდება პერსონაჟთა „ნამდვილ ცხოვრებაში”?
ცოტა ხნით გვერდზე გავიდეთ და ლაშა ბუღაძის, როგორც პროზაიკოსის ზრდას თუნდაც ერთი კრიტერიუმით დავაკვირდეთ: ეროტიკულ პასაჟთა სიმსუყით ბოლო რომანებში. ეროტიკა და იუმორი, ხალხურ პოეზიას თუ არ ჩავთვლით, ქართულ მწერლობაში ძალიან იშვიათად კვეთენ ერთმანეთს. ლაშა ბუღაძის პროზაში კი თავიდანვე დაწყვილდნენ. „ლიტერატურულ ექსპრესში” ამ წყვილს ავტორმა სხვა წყვილიც ამოუყენა – სერიოზული ეროტიკა.
სერიოზულობა ჩანს მთავარი პერსონაჟის ზუსტ რეფლექსიებში, რომელთაც ის მიმართავს საკუთარი და სხვისი განცდების წვდომა-გადმოცემისას. ლაშა ბუღაძე აფიქსირებს გუნება-განწყობის უმცირეს რხევებს, ჩაიჭერს სულისა თუ სხეულის თითქოს მოუხელთებელ მიმოხრებს, რომლებიც მკითხველს მეტყველ ნიუანსებად ექცევა. ვერ ვიხსენებ, ქართულ ტექსტში ბოლო დროს ასე სავსედ როდის გაცოცხლდა დაძაბული შებოჭილობა, რომელიც შეიძლება ახლდეს გაუმხელელ ლტოლვას.
ზაზა არ არის გამოუცდელი კაცი – ქალების განხრით. მაგრამ ევროპაში არაფერი გამოსდის. ჰელენასთან – ბერძენ ქალთან მის შეუმდგარ ურთიერთობას ერთი პაროდიული ასოციაცია მოაქვს: ზაზა – თანამედროვე მედეაა, ბარბაროსი, რომელიც ბერძენ სატრფოსთან ერთად ილტვოდა ევროპისკენ, მაგრამ ის არც სატრფომ შეიწყნარა და არც ევროპამ. ეგ არის, ტრაგიკული ამ ისტორიაში აღარაფერი დარჩა. საქართველოს – „დაკომპლექსებული პროვინციალების ასექსუალურ სამშობლოს” – ჯერჯერობით ევროპაში რომ ვერ შეესვლება, კარგად არის ნაგრძნობი (თუ ნაწვნევი), როცა ზაზა ჰელენასთან ერთად, ერთ ლოგინში ათევს ღამეს – ოღონდ ქალის მიუკარებლად. ლაშა ბუღაძე გვეთამაშება: მოგვიანებით ზაზა მაინც შეაღწევს „ევროპის წიაღში” – რამდენადაც სპონტანურად, იმდენადვე ბრუტალურად და ამას იზამს მატარებლის ტუალეტში; ეს ეპიზოდი გაცილებით ექსპრესიული და დამაჯერებელია, ვიდრე იმავე ქალთან ერთ ლოგინში უკოიტუსოდ გატარებული ღამე. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ უნდილი ღამე „ნაღდი” ყოფილა, ხოლო ლიტექსპრესის ნახევრად ველური სექსი – „გამონაგონი”, ანუ ზაზას, ვითარცა მწერლის, ფანტაზიის ნაყოფი.
მატარებელი ლისაბონიდან ბერლინამდე (მოსკოვის გავლით) მოძრაობს 2008 წლის შემოდგომაზე, რუსეთთან ომის შემდეგ. ქართველებს შოკი არ დაუძლევიათ და აშკარად აქვთ გაუცნობიერებელი, მაგრამ გასასწორებელი ანგარიშები ევროპასთან. ამ „ანგარიშსწორებაზე” იცინის სწორედ ლაშა ბუღაძე. ამ ანგარიშსწორების ფორმაა ტექსტი, რომელიც ეწერება ზაზას – ხალისიან და საკუთარ თავთან ულმობელ კაცს. თუმცა, რომანის დაწერით გამოდის, რომ რაც პერსონაჟს იდიოტობად ეჩვენებოდა – მწერალთა შეყრა მატარებელში ტექსტების შესაქმნელად – იმან გაამართლა. რაგინდ აბსურდულად მოგეჩვენოს ევროპული წამოწყება, მას ემორჩილები და „რაღაც” შედეგი მაინც მოაქვს. ლიტერატურული ექსპრესი გერმანული პროექტია, ხოლო მისი მოთავე, ჰაინცი, „როგორც ყველა ჭეშმარიტი გერმანელი, ფლობდა სხვების მონადქცევის ფსიქოლოგიურ ხერხებს”.
მოტანილი ციტატის ირონიაზე უფრო მძაფრია ირონია ქართული კულტურის ფენომენების მიმართ. ლაშა ბუღაძე არ მსჯელობს, არც მისი პერსონაჟები იჭყლეტენ ტვინს, მაგრამ თითო–ოროლა ფრაზით აცოცხლებენ იმას, რასაც ვგრძნობდით და ვერკი გამოგვეთქვა. მაგალითად, სიყვარულში ხელმოცარულ ზაზას თანამემამულე ცინიკურად ანუგეშებს და ეუბნება სიტყვებს, რომლებიც ქმნიან უკიდურესად კონცენტრირებულ ფრაზას და იტევენ კარგად ნაცნობ თბილისურ სუბკულტურას. აბა ნახეთ: „შენ გინდა ერთი პატარა ვაკელი გოგო, პატარა ტაკოთი და ბევრი ნათესავით”.



 

კომენტარები