სახელდობრ, რას ვზეიმობთ 9 მაისს?

გამარჯვების დღის აღლუმის რეპეტიცია. მოსკოვი
შევეჩვიეთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ჩვენი საზეიმოცაა. მეც მგონია, რომ ეს კარგი თარიღია და აღნიშვნას იმსახურებს. მაგრამ რატომ?
პასუხი თითქოს აშკარაა - იმიტომ, რომ ჩვენი მამები, ბაბუები, ბიძები და ა. შ. იმ ომში იბრძოდნენ, გაიმარჯვეს და მათ პატივი უნდა ვცეთ. კი, მაგრამ კონკრეტული ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოხატვა ერთია, ხოლო ერის მიერ ისტორიული მოვლენის ზეიმი - სხვა. საამისოდ ეს გამარჯვება ჩვენი, როგორც ქვეყნის გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ, ამ გამარჯვებაში რაღაც წილი უნდა გვქონდეს. ასეა?
მოდი, დავფიქრდეთ: ვინ არის ის „ჩვენ”, ვინც მეორე მსოფლიო ომში მოგებულთა ერთობას მოიცავს? და ვინ დარჩა იმ ომში წაგებული?
ბავშვობიდან ჩამრჩა რუსი მწერლის ალექსანდრ სოლჟენიცინის ნათქვამი, რომელიც მისი კომუნისტი მამხილებლის სტატიაში ამოვიკითხე: მთავრობა რომ ომს მოიგებს, ხალხი შეიძლება წაგებული დარჩესო. მან ეს სწორედ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით თქვა, რასაც ხსენებული მამხილებელი საშინელ მკრეხელობად უთვლიდა. მე კი გავიფიქრე მაშინ, მართალი უთქვამს-მეთქი, და აზრი ახლაც არ შემიცვლია (ამ საკითხზე - თავად სოლჟენიცინზე წარმოდგენა კი წამიხდა მერე მეტ-ნაკლებად, მაგრამ ეს სხვა საკითხია).
კონვენციური ჭეშმარიტებაა: მეორე მსოფლიო ომი მოიგეს საბჭოთა კავშირმა, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ხოლო წააგეს გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ და მათმა მოკავშირეეებმა. სწორია?
მთავრობების დონეზე - კი (თუმცა, საფრანგეთის შემთხვევაში ესეც საეჭვოა: ე. წ. „ვიშის მთავრობა” ჰიტლერის მოკავშირე იყო, ხოლო დე გოლი ამერიკამ და ბრიტანეთმა აქციეს მთავრობად). მაგრამ ერების დონეზე? ისტორიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით?
მეორე მსოფლიო ომის მთავარი შედეგი იყო ევროპის გაყოფა ორ მკვეთრად დაპირისპირებულ ნაწილად: დასავლეთში ჩამოყალიბდა თავისუფალი სამყარო - ანუ პოლიტიკური დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის სფერო; აღმოსავლეთში - ლამაზი უტოპიით და საყოველთაო ძალადობით გაერთიანებული სახელმწიფოების ბანაკი.
შედეგად, რეალურად მოგებული დარჩა ის, ვინც დასავლეთით აღმოჩნდა, ხოლო წაგებული - ისინი, ვინც აღმოსავლეთში მოხვდა. ეს თვალნათლივ დადასტურდა 45 წლის შემდეგ, როცა ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცა. წაგებული ქვეყნებიდან ჯერ ინდივიდებმა მასობრივად სცადეს მოგებულებთან გაქცევა, მერე კი გათავისუფლებული ერები ერთიანად მიაწყდნენ მოგებულთა გაერთიანებებს - ნატოს და ევროკავშირს.
ამიტომ მეორე მსოფლიო ომის შედეგები რადიკალურად განსხვავდება გამარჯვებულთა და დამარცხებულთა თვალით. დასავლელთათვის ეს იყო მორალური სიცხადისა და ცხოვრების ახალი დასაბამის აღმნიშვნელი ნიშანსვეტი: აბსოლუტური ბოროტება - ფაშიზმი - დამარცხდა, ამის წყალობით კი დაიწყო დემოკრატიული მშვიდობისა და კეთილდღეობის უპრეცედენტო ერა. აქ ყველაფერი ცხადია: კონსენსუსს ფორმალურად „დამარცხებული” (მაგრამ რეალურად გამარჯვებულთა შორის მყოფი) გერმანელები და იტალიელებიც იზიარებენ.
მაგრამ ელბის აღმოსავლეთით ომმა მორალური ბუნდოვანება დატოვა. ფაშიზმი რომ ბოროტებაა, ამაზე აქაც თანხმდებოდა ყველა, მთავრობაც და მოქალაქეც. მაგრამ რამდენად უკეთესი იყო მისი ძლევამოსილი ალტერნატივა, კომუნიზმი? თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, არც არაფრით. ტერმინი „ტოტალიტარიზმი”, რომელიც თავდაპირველად ფაშიზმის მიმართ შექმნეს, ანუ მთლიანის (კოლექტივის, სახელმწიფოს) სრული კონტროლი ინდივიდზე, კომუნიზმზე ზედგამოჭრილი უფროა. თუ ადამიანზე ძალადობის ინდიკატორს შევხედავთ, კომუნიზმი არც მსხვერპლის რაოდენობით და არც გამოჩენილი სისასტიკის ხარისხით არ არის ნაკლები. იმ ერებისთვის, ვინც თავის სამშობლოდ რუსეთს არ თვლის, იდეოლოგიურ მონობას უცხო ქვეყნის ბატონობაც ემატებოდა. ამ ერებს შეუძლიათ, იმარჩიელონ, რომელი ურჩხული შესთავაზებდა ნაკლებად ცუდ სტატუსს, მაგრამ რუსულ-კომუნისტური ჩექმის ქვეშ ყოფნა არც ერთი ლოგიკით არ გამოდის გასახარელი.
მაშ, რას ვზეიმობთ 9 მაისს? იმას, რომ ორი ბოროტებიდან ერთ-ერთის ბატონობის ქვეშ აღმოვჩნდით, თუმცა არ ვიცით, იყო თუ არა ჩვენი ბოროტება ნაკლები? გამარჯვებას ომში, რომელშიც დამარცხებული დავრჩით?
მაქვს პასუხი: საზეიმო ისაა, რომ საბოლოოდ მაინც ჩვენებმა მოიგეს. ჩვენებმა, ანუ ამერიკელებმა, ინგლისელებმა და, ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელმა ადამიანებმა. სწორედ ამ ომის მოგებამ შეაძლებინათ, შეექმნათ ნატო და ევროკავშირი, ანუ თავისუფლების ყველაზე ძლიერი და მდგრადი სამეფო კაცობრიობის ისტორიაში. მართალია, იალტის შეთანხმებით ისინი ფაქტობრივად დაეთანხმნენ ჩვენს მონობას, რასაც ნამდვილად ვერ ჩავუთვლით მოსაწონ საქციელად - თუმცა, ზოგადად, უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ თავს ზევით ძალა არ იყო და სტალინისთვის ანგარიშის არგაწევა ყველას გაუჭირდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოროტების აღმოსავლური იმპერია დაინგრა, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ ერებსაც მიეცათ შანსი, თავისუფლების სამყაროს შეერთებოდნენ.
მოკლედ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება იმდენადაა ჩვენი საზეიმო, რამდენადაც გვაქვს შანსი, ვისარგებლოთ ამ გამარჯვების შედეგებით. მან საფუძველი ჩაუყარა ევროატლანტიკური სივრცის, ანუ რაციონალობისა და თავისუფლების სამყაროს შექმნას, რომელშიც ინტეგრაციის შანსი, ნახევარი საუკუნით გვიან, ჩვენც მოგვეცა. ეს რომ არ იყოს, მაშინ მართლა ჩვენ რაღა გვიხარია?

კომენტარები