Apple Computer

ამერიკულმა კომპიუტერულმა გიგანტმა - Apple - თავის მთავარ კონკურენტს, Microsoft-ს გადაუსწრო და კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა: ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Apple-ის ღირებულებამ 222 მილიარდი დოლარი შეადგინა, Microsoft კი 219 მილიარდ დოლარად შეაფასეს. ერთადერთი ამერიკული კომპანია, რომლის ღირებულებაც Apple-ისას აღემატება, Exxon Mobil-ია. მისი ბაზრის კაპიტალიზაცია 278.64 მილიარდ დოლარად ფასდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, Apple შესაფერის დროს, შესაფერის ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კომპიუტერებსაც ყიდის, მისი შემოსავლის დიდი ნაწილი ხელის მოწყობილობებსა და მუსიკას მოაქვს.
Apple-ის პოზიციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა 2001 წლიდან, MP3 ფლეიერ iPod-ის გამოშვების შემდეგ, რომელიც მოდურ აქსესუარად გადაიქცა და რეკორდული რაოდენობით გაიყიდა. კომპანიამ გაყიდვებით, უკან ჩამოიტოვა Sony.
წარმატებული აღმოჩნდა iPhone-ის ტელეფონების წარმოებაც, რომლის საშუალებითაც უამრავმა ადამიანმა მობილური ინტერნეტით სარგებლობა შეძლო. ტელეფონებით Apple-მა უკან ჩამოიტოვა Nokia.
Apple-ის პლანშეტ iPad-ს კი, ანალიტიკოსების შეფასებით, აქვს პოტენციალი კომპიუტერების ისტორიაში ახალი ერა დაიწყოს და სრულიად შეცვალოს მომხმარებლის მიერ კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენების ჩვევა.
ტექნოლოგიების ექსპერტთა თქმით, Microsoft-თან შედარებით, Apple-ის მთავარი უპირატესობაც სწორედ ეს არის - Apple თამასას მუდამ მაღლა სწევს, ყოველთვის ცდილობს, რაიმე ახალი და ინოვაციური შექმნას მაშინ, როცა Microsoft სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე ზრუნავს.
საფონდო ბირჟაზე ასეთი წარმატების მიუხედავად, Apple-ს ახალი და ძლიერი კონკურენტი უკვე გამოუჩნდა - Google, რომელიც მობილური მოწყობილობებისა და მობილური რეკლამის კუთხით, Apple-ს მოსვენებას უკარგავს.
ტექნოლოგიების ანალიტიკოსებმა უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ კონკურენციას Apple-სა და Microsoft-ს შორის თანდათან ანაცვლებს კონკურენცია Apple-სა და Google-ს შორის.
თუმცა, ტექნოლოგიების სამყაროში, Microsoft ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი და მოგებიანი კომპანიაა. მისი Windows პროგრამა 10 კომპიუტერიდან 9-ს აქვს, Office-ის პროგრამას კი, მსოფლიო მასშტაბით, 500 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს ყოველდღიური საქმიანობისთვის, როგორებიცაა ბეჭდვა და ელექტრონული გზავნილების გადაგზავნა. ეს ორი პროგრამა Microsoft-ის ყოველწლიური შემოსავლის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
Microsoft-ის შემოსავალი 58.4 მილიარდი დოლარია. Apple-ის - 42.9 მილიარდი დოლარი. უახლოეს ფისკალურ წელს Apple-ის სუფთა შემოსავალი 5.7 მილიარდი დოლარი იყო, Microsoft-ისა - 14.6 მილიარდი.
თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ს აქვს ის, რაც არ აქვს Microsoft-ს - დიდი ტექნოლოგიური ნახტომის შანსი.



 

კომენტარები