არჩევნები მკაცრი კონტროლის ქვეშ ჩაივლის

30 მაისის არჩევნები ისტორიის კუთვნილება გახდა. ცესკოს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უახლოესი დღეები გვიჩვენებს, თუ როგორ მიიღებს მოსახლეობა არჩევნების შედეგებს. სწორედ მოსახლეობის დამოკიდებულება განსაზღვრავს არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხს. მოსახლეობის აზრის ფორმირებაზე გავლენას ახდენენ: მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლები, საერთაშორისო დამკვირვებლები და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციები. სხვადასხვა ქვეყნისათვის ეს სია განსხვავდება. საქართველოში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტი ჩაბმულია საარჩევნო პროცესში.
საინტერესოა, ვის ენდობა არჩევნების შედეგების შეფასებისას საქართველოს მოსახლეობა. ამერიკული ორგანიზაცია NDI-ს მიერ დაფინანსებულმა კვლევამ, რომელიც აპრილში ჩატარდა, შემდეგი შედეგები გვაჩვენა - 46%-მა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად საკუთარ აზრს ენდობა, 35% ენდობა „მისი” პარტიის (რომელსაც მხარს უჭერს) განცხადებებს, 27% - ცესკოს, 23% - ეუთოს დამკვირვებლებს, 15% - ადგილობრივ დამკვირვებლებს, 14% - საქართველოს მთავრობის განცხადებას (რესპონდენტს შეეძლო აერჩია რამდენიმე პასუხი, ამიტომ პროცენტების ჯამი 100-ს აღემატება).
არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონის კომისიებში ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 6-6 წევრი ჰყავთ. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას შეუძლია ხმის უფლების არმქონე წარმომადგენელი დანიშნოს ყველა კომისიაში. ამავე უფლებით სარგებლობს კანდიდატიც.
პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივაც გამორჩეულია. დამკვირვებელი შეიძლება გახდეს ფაქტობრივად ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს 36 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათგან ყველაზე ცნობილი და აქტიურია: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა”, „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” და „სამართლიანი არჩევნები”. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზაციების უმეტესობა საჩივრების რაოდენობაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე მათ ხარისხზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობაც ეჭვქვეშ დგება, როდესაც ყველასთვის აშკარაა მათი პარტიული სიმპათიები.
საერთაშორისო დამკვირვებლების ფუნქცია ოდნავ განსხვავებულია. ისინი პროცესს აკვირდებიან და საბოლოო ვერდიქტი გამოაქვთ, თუ რამდენად შეესაბამება არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს. საერთო ჯამში ცესკომ 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაარეგისტრირა. მათგან ყველაზე ცნობილია „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებების ორგანიზაცია (ODIHR)”. საერთაშორისოთა ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რადგან ამ რაოდენობის მისიები არათუ ადგილობრივ, არამედ ხშირ შემთხვევაში ეროვნულ არჩევნებზე არ იგზავნება, თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. თუმცა, საქართველოს მიმართ გადაჭარბებულ ინტერესს ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, ისევე როგორც იმას, რომ „მაღალი სტანდარტებით” გვაფასებენ. ამის კიდევ ერთი მაგალითი ეუთოს შუალედური ანგარიშია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანგარიშში უხვად არის საკითხები, რომლებიც არჩევნებს და საარჩევნო გარემოს არ ეხება, ასევე მეორე და მესამე წყაროს მიერ მოწოდებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეუთოს ანგარიშები უკვე დიდი ხანია პოლიტიკური კონიუნქტურის მძევალი გახდა და სისტემისთვის აუცილებელ ცვლილებებზე უკვე ორგანიზაციის შიგნითაც დიდი ხანია საუბრობენ.
კიდევ ერთი კომპონენტი ეგზიტპოლებია. ეგზიტპოლები ორ ფუნქციას ასრულებს: ერთი, რომ ის იძლევა ადრეულ რეზულტატს და ავსებს საინფორმაციო ვაკუუმს, რომელიც უბნების დახურვიდან არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე წარმოიქმნება და მეორე, მისი შედეგებით შესაძლებელია ოფიციალური მონაცემების გადამოწმება. ერთი ამ არჩევნებისთვის, ტელეკომპანიების: რუსთავი-2-სა და იმედის დაკვეთით, კომპანია ედისონ რისერჩმა შეასრულა, მეორე კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, კომპანია GfK-მ. ორივე ეს კომპანია საკმაოდ ცნობილია. უახლოეს წარსულში GfK-ს ბრიტანულმა ოფისმა 99%-იანი სიზუსტით გამოაქვეყნა ბრიტანეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მონაცემები. ედისონ რისერჩის მომსახურებით კი მუდმივად სარგებლობენ ისეთი გავლენიანი და რეიტინგული მედიასაშუალებები, როგორიცაა: CNN, ABC, CBS, FOX NEWS, AP და სხვები. სწორედ ედისონ რისერჩმა ჩაატარა აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი. შედეგები ორივე კომპანიამ 30 მაისს, საღამოს გამოაცხადა და ამ სატატიის გამოქვეყნებისას უკვე ცნობილი იქნება.


 

კომენტარები