აშშ კონგრესი რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის წინააღმდეგ

კონგრესში ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებას (ე.წ. 123 შეთანხმება) მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. თუ საქართველოში არსებული სიტუაცია არ წარმოადგენს დაბრკოლებას ხელშეკრულების რატიფიკაციისათვის, რუსეთ-ირანის ურთიერთობებმა შეიძლება შეთანხმება ჩააგდოს. 10 მაისს შეტანილი დოკუმენტის უარყოფა კონგრესს 90 დღის განმავლობაში ხელეწიფება. თუ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, შეთანხმება ავტომატურად შევა ძალაში.
წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, დემოკრატმა ედ მარკიმ და რესპუბლიკელმა ჯეფ ფორტენბერიმ, კონგრესში შეიტანეს უარყოფითი რეზოლუცია. დაპირისპირებულ პარტიათა თანამშრომლობას ამერიკულ პრესაში უკვე უწოდეს ლიბერალთა და კონსერვატორთა უნიკალური ალიანსი. კონგრესმენთა აზრით, ხელშეკრულების რატიფიკაცია მიუღებელია შემდეგ მიზეზთა გამო: რუსეთი აგრძელებს ირანის ბირთვული პროგრამის ხელშეწყობას; შეთანხმების მიხედვით, ამერიკა და რუსეთი გაცვლიან ტექნოლოგიებს - შესაძლოა, ამერიკის მიღწევები საბოლოოდ ირანს გამოადგეს ბირთვული იარაღის შექმნისთვის; რუსეთმა ირანს მიჰყიდა განახლებული ჩვეულებრივი იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები; ხელშეკრულებით ამერიკა ღირებულს ვერაფერს მიიღებს. ჩამოთვლილ არგუმენტებს თან დაერთო რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაც. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის მაისშიც (როდესაც შეთანხმებას ხელი მოეწერა) იგივე პრეტენზიები ჰქონდათ ხელშეკრულების წინააღმდეგ. მაშინ წარმომადგენელთა პალატამ უარყოფითი რეზოლუცია მიიღო, 397 ხმით, ხოლო სენატში საქმე კენჭისყრამდე არც მისულა.
ხელშეკრულება, რომლის ვადა 30 წლით განისაზღვრება, ითვალისწინებს ტექნიკური აღჭურვილობების, მათ შორის, რეაქტორებისა და ატომური ენერგიის წარმოებისათვის საჭირო კომპონენტების გაცვლას. რუსეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის გლობალური და ამერიკული ბაზარი, რომელიც რუსულ კომპანიებს მილიარდობით დოლარის შემოსავალს ჰპირდება. მიუხედავად ეკონომიკური ხასიათისა, შეთანხმება პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცა. ობამას ადმინისტრაცია ხელშეკრულებას აკავშირებს ირანის სანქცირებასთან, რომელზეც საჭიროა რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის თანხმობა. რუსეთის გულის მოსაგებად ობამამ უკვე გააუქმა სანქციები ირანთან იარაღით ვაჭრობაში გარეულ რუსულ კომპანიებზე. გარდა ამისა, უშიშროების საბჭოში სანქციების რეზოლუციის წინასწარი ვარიანტი არ უკრძალავს რუსეთს S-300 სარაკეტო სისტემის ირანისთვის მიყიდვას. თუმცა, მასობრივი განადგურების იარაღის საკითხებში ობამას ასისტენტის, გარი სამორის თქმით, ადმინისტრაცია რუსეთისგან ამგვარ ნაბიჯს არ ელის. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ირანის დახმარებას ამერიკასთან თანამშრომლობას ამჯობინებს.
2007 წელს წარმომადგენელთა პალატასა და 2010 წელს სენატში მიღებული კანონპროექტები აშშ-ს უკრძალავენ ბირთვულ თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებიც ირანს ბირთვულ ან სხვა სახის შეიარაღებას აწვდიან. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივმა სპეციალურმა კომისიამ ორივე კანონი უნდა შეაჯეროს და ახალი კანონპროექტი წარმოადგინოს. ობამას სურს, ახალ კანონში რუსეთისა და ჩინეთისათვის გამონაკლისები დაუშვას. მაგრამ ვინაიდან ეს ქვეყნები ირანის ძირითადი პარტნიორები არიან, ეჭვქვეშ დგება მომავალი კანონპროექტის სარგებლიანობის საკითხი.
ტაბულასთან ინტერვიუში ანალიტიკური ცენტრის, Center for American Progress-ის ექსპერტმა სემუელ შარაპმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს თითოეულ პრობლემას ინდივიდუალურად მიუდგეს. 123 შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ორი სხვადასხვა საკითხია. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ცალკე პუნქტია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში. რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულება კი ხელს შეუწყობს იარაღის გაუვრცელებლობას და ამერიკას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. შარაპმა აღნიშნა, რომ ობამას განცხადება - „საქართველოში არსებული სიტუაცია აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას 123 შეთანხმების განხილვისათვის” - ეხებოდა მხოლოდ კონკრეტულ ხელშეკრულებას, თუმცა ადმინისტრაციას მეტი ყურადღება მართებდა ტექსტთან. უნდა შერჩეულიყო შესაბამისი ტონი, რათა თავიდან აეცილებინათ სხვადასხვა მხარის მიერ განცხადების არასწორი და არასასურველი ინტერპრეტაცია.
ობამას მიმართ უფრო მკაცრია Heritage Foundation-ი. არიელ კოენმა განუმარტა ტაბულას, 123 შეთანხმება აშშ-ს პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებას გამოხატავს. ეს ცვლილებები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასაც ეხება. 123 შეთანხმება რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პოლიტიკის ნაწილია, რომლის გამოც ამერიკა გარკვეულ დათმობებზე მიდის: ამერიკამ გადაიფიქრა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება, არ შეეწინააღმდეგა რუსეთისათვის მისტრალის მიყიდვას, არ გამოუხატავს მკვეთრი პოზიცია ყოფილ საბჭოთა კავშირში განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა, კოენის აზრით, ეს დათმობები ფუჭი და უშედეგოა. არც ამერიკის პოპულარობა იზრდება და არც რუსეთი ამბობს უარს დესტაბილიზაციის გამომწვევ პოლიტიკაზე. კოენს მაგალითად მოჰყავს რუსეთის მიერ იარაღის მიყიდვა უგო ჩავესისათვის.
კონგრესმენთა ნაწილი არ იზიარებს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ობამასეულ ენთუზიაზმს. ედ მარკის განცხადებით, სათანადოდ არ არის შეფასებული რისკი, რომელიც რუსეთისათვის უახლესი ამერიკული ტექნოლოგიების გადაცემას მოჰყვება. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეფ ფორტენბერიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება დეტალურ შესწავლას საჭიროებს, ირანთან და სირიასთან სამხედრო სფეროში რუსეთის თანამშრომლობის გამო. მისი თქმით, რუსეთისთვის საკითხი შემდეგნაირად დგას: მან უნდა შეწყვიტოს ბირთვული იარაღის გავრცელება, ან შეელიოს ამერიკასთან ბირთვული თანამშრომლობის შანსს.



 

კომენტარები