ვინ შეცვლის ლეხ კაჩინსკის

20 ივნისს პოლონელები საჰაერო კატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის შემცვლელს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლეხ კაჩინსკის მეორედ გამარჯვების შანსი მინიმალური იყო. გამოკითხვებმა მთავარ კანდიდატად პრემიერ ტუსკის პარტიის წარმომადგენელი, სეიმის თავმჯდომარე ბრონისლავ კომოროვსკი გამოავლინა.
კატასტროფის შემდეგ კომოროვსკი ფაქტობრივად უკონკურენტოდ დარჩა. კაჩინსკისთან ერთად კატასტროფაში დაიღუპა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, იეჟი შმაიძინსკი, რომელიც პრეზიდენტობის მესამე კანდიდატად ითვლებოდა. კომოროვსკის კამპანია მაინც არ იქნება იოლი, რადგან არაპოპულარული კაჩინსკის კრიტიკა ძალიან მარტივი იყო. სხვა საქმეა კრიტიკა „წამებული” პრეზიდენტისა, რომელიც გმირულად დაიღუპა კატინის ლეგენდარულ საფლავთან.
დღეს კომოროვსკის მთავარი კონკურენტი არის ლეხ კაჩინსკის ტყუპი ძმა, პარტია „კანონი და სამართლიანობის” ლიდერი, 2006-2007 წლებში პოლონეთის პრემიერი - იაროსლავ კაჩინსკი.
საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისში მყოფი პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, რადიკალური ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაიხსენეს, თუ რატომ მოუწია პრეზიდენტ კაჩინსკის კატინში გაფრენა სწორედ 10 აპრილს და არა სამი დღით ადრე, როდესაც იქ ტუსკი იმყოფებოდა. ეს მოხდა პრემიერების - ტუსკისა და პუტინის განსაკუთრებული ურთიერთობის გამო.
ორი ქვეყნის ურთიერთობაში, წლების მანძილზე, კატინი განხეთქილების ვაშლის როლს ასრულებდა. რუსეთის წარმომადგენლები ჯიუტად არ აღიარებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას ტრაგედიაზე. ლეხ კაჩინსკისთვის კატინი რუსეთის კრიტიკის ამოსავალი წერტილი იყო.
მოსკოვში გადაწყვიტეს, სამუდამოდ დაესვათ წერტილი ამ თემისათვის. პუტინმა პოლონეთის პრემიერი მიიპატიჟა და შესთავაზა, ერთად მიეგოთ პატივი კატინში დაღუპული ადამიანებისათვის. ანტირუსულად განწყობილი კაჩინსკის დაპატიჟება აზრადაც არავის გაუვლია. რუსებმა თანამშრომლობისთვის პრაგმატული ტუსკი არჩიეს. თავდაპირველად კაჩინსკის გადაწყვეტილი ჰქონდა ტუსკისთან ერთად გამგზავრება, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ორი პრემიერის გარემოცვაში რუსეთში ჩასვლა, თანაც მიპატიჟების გარეშე, დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევა იქნებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო.
მომხდარმა საგრძნობლად გაზარდა იაროსლავ კაჩინსკის პოპულარობა, მაგრამ საბაზისო რეიტინგი იმდენად დაბალი იყო, რომ მისი შანსები არჩევნებზე მაინც მცირეა. კაჩინსკის საუკეთესო თვისებად ითვლება პიროვნული პატიოსნება. სმოლენსკის ტრაგედიას ერთვის ისიც, რომ კაჩინსკების დედა მძიმე ავადმყოფია. იგი ერთადერთი ადამიანია მთელ პოლონეთში, რომელმაც ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შესახებ არაფერი უწყის. ხალხში ეს იაროსლავის მიმართ თანაგრძნობას აღძრავს.
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი სლოგანი იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა: „პოლონეთი უპირველეს ყოვლისა”. პოლონელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ სლოგანით კაჩინსკი ხალხს ეუბნება, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, მიუხედავად სმოლენსკის ტრაგედიისა; და რომ სახელმწიფო ინტერესები მისთვის ყოველთვის უმთავრესი იქნება. რაც შეეხება ბრონისლავ კომოროვსკის სლოგანს - „თანხმობა აშენებს”, კანდიდატი ხაზს უსვამს თანხმობისა და მშვიდობის როლს ქვეყნისათვის.
სიძლიერით მესამე, მემარცხენე დემოკრატიული ალიანსის კანდიდატს, გჟეგიჟ ნაპერალსკის ჯერ საკუთარი სლოგანი არ გაუხმაურებია. მას ძირითადად ახალგაზრდა ლიბერალები უჭერენ მხარს.
დამოუკიდებელი კანდიდატი ანდრეი ოლეხოვსკი პოლონელებს ეუბნება - „აირჩიე საკუთარი კეთილდღეობა”. ოლეხოვსკი ლეხ ვალენსას მმართველობის დროს ჯერ ფინანსთა მინისტრი იყო, შემდეგ კი - საგარეო საქმეთა მინისტრი. არსებობს ვარაუდი, რომ იგი კომოროვსკის სასარგებლოდ მოხსნის კანდიდატურას. მისი რეიტინგი ძალიან დაბალია.
უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით დიდი ალბათობით გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება. კომოროვსკის ამომრჩეველტა 46%-ი უჭერს მხარს, კაჩინსკის კი - 29%. მესამე ადგილზეა გჟეგიჟ ნაპერალსკი - 7%-ით, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ოლეხოვსკის გამოკითხულთა 3% ემხრობა.




 

კომენტარები