აქ ნუ დადგებით, 37-ე გვერდისკენ იარეთ

პირველი წიგნებიც ერთად წარადგინეს. ისიც გამომცემლობა „დიოგენეში’’. ერთი პოეტია, მეორე - პროზაიკოსი. ეკა ქევანიშვილმა და ნინო თარხნიშვილმა (იგივე ამელი) საუკუნის დასაწყისში მორიდებით შეაღეს ქართული ლიტერატურის კარი და დღეს იქ საკუთარი, გამორჩეული კუთხე აქვთ – ორიგინალური, თავისთავადი.
ახალი წიგნების წარდგინება 25 მაისს მუსიკის თანხლებით და პრეზენტაციისთვის დამახასიათებელი ექსპრომტ-რეცენზიებით გაიმართა ლიტერატურის მუზეუმის მყუდრო ეზოში.
ეკას ლექსების კრებულს ჰქვია „აქ ნუ დადგებით”, ნინოს მოთხრობებს კი დამაინტრიგებელი წარწერა აქვს: „სათაური 37-ე გვერდზე’’. მოთხრობებს ეგზოტიკური სურნელი ასდით, სათაურებიც უცხოა – „ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე’’, „ჩემი პატარა პეკინელი საყვარელი ანუ ჩემი ცოლის ჩინური თმა.’’ ეკას ლექსები თითქოს სათაურივით დანაღმულია. კითხვისას მოულოდნელად ფეთქდება, უმეტესად ფინალში. იშვიათად შეხვდებით სოციალური და ინტიმური მოტივების ასეთ ნაზავს. ორივე წიგნის დიზაინერი გურამ წიბახაშვილია. ეკას კრებულში მაკა ლდოკონენის ნახატებია, ნინოს წიგნში კი - ბარათები, სოფო აბუთიძის ფოტოებით.
ტაბულა პოეტსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს გაესაუბრა: „განსაკუთრებით მიხარია დღევანდელი დღე. ორივე ჩემი საყვარელი ავტორია, ორივეს სამწერლო ასპარეზზე გამოჩენისთანავე ვგულშემატკივრობდი და მათი ნაწარმოებების ერთ-ერთი პირველი შემფასებელი ვარ. მათთან ზუსტადაა მოძებნილი ენა, რომელიც დღეს ავტორს საკუთარი განცდების გადმოსაცემად სჭირდება.’’
ეკა ქევანიშვილი: „ამ წიგნში შევიტანე ყველაფერი, რაც 2006 წლის შემდეგ დამიწერია. ლექსები ქაოსურადაა მიმობნეული. ამ კრებულს არავითარი კონცეფცია არ აქვს. ორივე წიგნი ძალიან განსხვავდება ჩვენი წინა ნამუშევრებისგან. პრეზენტაციებს კი მხოლოდ მეგობრობის გამო ვმართავთ ერთად.’’


 

კომენტარები