უგულავას პორტრეტი ინტერიერში

„არჩევნები მეორედ მოსვლასავით არის, მუდმივად უნდა ელოდო” - ამ ფრთიანი ფრაზის ავტორი მოლა ნასრედინი არ გეგონოთ, ის ქალაქის თავს - გიგი უგულავას ეკუთვნის. არჩევნები შედგა და ისიც მეორედ მოვიდა, ოღონდ ამჯერად პირდაპირ, საკრებულოს გავლის გარეშე.

„კონკასთან ჩავიარე და, ფიროსმანის მეეზოვის ქანდაკების ნაცვლად, უგულავა დამხვდა” - იხუმრა დავით პაიჭაძემ. ჟურნალისტი თბილისის მერის კამპანიას ეხმაურებოდა. წინასაარჩევნოდ მან გამოაცხო პური, დაჩეხა შეშა, ჩაასხა ბენზინი, დაგავა ეზო... მისმა მონდომებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა ჩათვალა, რომ უგულავას ძალისხმევა ხელოვნური იყო. თუმცა მის წარსულს თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ 35 წლის მერი დარაჯიც ყოფილა, სტიქაროსანიც, მენახშირეც, მასწავლებელიც, ჟურნალისტიც, სამოქალაქო აქტივისტიც... „18 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეგობრის მამამ, ზალიკო ქიქოძემ სოროსის ფონდის ღამის დარაჯობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, ხელფასი ასი დოლარი მქონდა, თანამშრომლების მორჩენილი საკვები ჩემს განკარგულებაში იყო. დარაჯობისას ვისწავლე კომპუტერთან მუშაობა, აბა მთელი ღამე რა უნდა მეკეთებინა, - იხსენებს უგულავა ტაბულასთან საუბარში, - ყველაზე მეტად ოფიციანტობა გამიჭირდა, მაშინ გერმანიაში ვსწავლობდი და თავი უნდა შემენახა. ძნელია თვითონ, რომ მშიერი ხარ, სხვისთვის საჭმლის მიტანა”.

გიგი უგულავა და გასტრონომია განსაკუთრებული თემაა. შთამბეჭდავი მადის გარდა, მას ყბადაღებული დიეტითაც იცნობენ.

თუ დღეს მისი მთავარი საზრუნავია დასაქმება, სახურავებისა და ლიფტების შეკეთება, გზების მშენებლობა და სხვა მიწიერი თემები, 17 წლის წინათ უგულავა უფრო მაღალ მატერიებზე ფიქრობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, პარალელურად, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიას სწავლობდა. როგორც თვითონ ამბობს, მიწაზე დაშვება გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ტელეკომპანია იბერიაში ჟურნალისტობა შესთავაზეს. ჟურნალისტობას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია - ალპე, სადაც ის სამართლებრივი განათლების პროგრამას ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ დაუახლოვდა ქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მაშინდელ იუსტიციის მინისტრს - მიხეილ სააკაშვილს.

ფართო საზოგადოებას უგულავა თავისუფლების ინსტიტუტთან თანამშრომლობამ და “კმარამ” გააცნო. მას ხშირად ნახავდით ახალგაზრდებთან ერთად პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაწოლილს. როგორც თვითონ ამბობს, „კმარა” ერთმანეთისგან განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებს აერთიანებდა ერთი დევიზით: „ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება”.

რევოლუციის შემდეგ მან რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა, იყო უშიშროებისა და იუსტიციის მინისტრების მოადგილე, პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელოსა და ზემო-სვანეთში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2006 წელს კი თბილისის საკრებულომ ქალაქის მერად აირჩია.

ცვლილებებს ვერც მისი პირადი ცხოვრება გადაურჩა. შარშან უგულავა მეუღლეს დაშორდა და, ლელა კილაძესთან ერთად, ახალი ოჯახი შექმნა. ტასო, კოკო, თინა, ლევანი და კიდევ ერთი, რომელიც ივლისში გაჩნდება - აი, მათი შვილების ჩამონათვალი. „მინდა ვიყო იმ ადამიანთან, ვინც მიყვარს და არავინ მოვატყუო, ვთვლი რომ ტყუილი დანაშაულია”, - ამბობს მერი.

2009 წლის გაზაფხულზე უგულავამ რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით გვამცნო, რომ მხარს უჭერს მერის პირდაპირი წესით არჩევნების იდეას. მისმა ზოგიერთმა თანაპარტიელმა ინიციატივა საჯაროდ გააკრიტიკა. როგორც თავად აღნიშნა ტაბულასთან საუბარში, ეს არ ყოფილა სპონტანურად წამოსროლილი სიტყვები, „მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩემი გუნდის უმრავლესობამ საკითხი თბილისის მოსახლეობის ნების სასარგებლოდ გადაწყვიტა. მართალია, მერის არჩევნების არსებული მეთოდი მთლიანად შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც პირდაპირ წესს ანიჭებდა უპირატესობას”.

ეს სვლა მომგებიანი გამოდგა. უშედეგო აქციების გამო დემორალიზებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და მათ მხარდამჭერებს, არჩევნების სახით, ახალი საფიქრალი გაუჩნდათ და პოლიტიკური დისკურსიც მეტ-ნაკლებად ზომიერ რეჟიმში ჩადგა.

მერის არჩევნების წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უგულავამ, რომელიც შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ ითვლებოდა, პოლიტიკური თემები დაივიწყა და მთლიანად სამეურნეო და სოციალურ საკითხებზე გადაერთო.

ამ გარდაქმნას მისი მრჩევლები საზოგადოების განწყობას უკავშირებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფდა, რომ თბილისის მოსახლეობას აღიზიანებდა გიგი უგულავა, როგორც პოლიტიკოსი. თბილისელები ქალაქის ხელმძღვანელისგან თბილისზე და მის მცხოვრებლებზე ზრუნვას ითხოვდნენ. “ეს გასაგებიცაა - აღნიშნა უგულავამ - თუ მუშაობ დღე-ღამეში 12 საათს და ამ 12 საათიდან 8 საათი დაკავებული ხარ პოლიტიკით, არ გრჩება საკმარისი დრო იმისთვის, რის საკეთებლადაც აგირჩიეს. თუმცა იყო ობიექტური გარემოებანი, რამაც საზოგადოების ზედმეტი პოლიტიზაცია გამოიწვია და, შესაბამისად ჩემიც. ეს აღარ განმეორდება, მე შემდეგი ოთხი წელი დანაპირების ასრულებაზე - უმუშევრობის დაძლევაზე ვიმუშავებ”.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის გაზაფხულზე, ანუ ამ ინიციატივის გაცხადების დროს, უგულავას რეიტინგი, ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით გრინბერგ ქუინლან როზნერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 30%-ს ძლივს აღწევდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაღალი იყო არჩევანში ჩამოუყალიბებელი მოქალაქეების რიცხვი. როგორც არჩევნებზე მიღებულმა 55%-მა დაგვანახა, პოლიტიკისგან დისტანცირების ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა.

უგულავა კამპანიისას უკვე შესრულებულ სამუშაოზე და სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე აპელირებდა. ცდილობდა, ზედმეტი დაპირებებისგან თავი შეეკავებინა, რადგან მისივე მრჩევლების აზრით, ქართული ელექტორატი საკმარისად დაღვინდა საიმისოდ, რომ არარეალისტური დაპირებები ადეკვატურად შეაფასოს. მან წარმატებით მოახერხა თბილისელთა უმრავლესობის დარწმუნება, რომ საუკეთესოდ მოუვლის ქალაქს და მის მცხოვრებლებს.

მაგრამ აი, რას წერს 30 მაისის არჩევნების შესახებ ყოველკვირეული ბრიტანული გამოცემა ეკონომისტი: “ეს არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ თერმომეტრად, მიხეილ სააკაშვილის რეფერენდუმად და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად განიხილებოდა ...” - თუ ეს მართლაც ასეა, ისმის კითხვა: ხომ არ სცილდება დედაქალაქის პირდაპირი წესით არჩეული მერის მანდატი სამეურნეო და სოციალურ საკითხებს და ხომ არ გაჩნდება უგულავას მიმართ უკმარისობის განცდა? გასაგებია, უგულავას მიდგომა პრაგმატულია და და ოპონენტებს მასზე თავდასხმის შესაძლებლობას უზღუდავს, მაგრამ არის კი ეს საკმარისი იმ პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, რომელსაც, პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა?

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალაქის მერის ცალკეული ინიციატივები ძალიან კარგია, მაგრამ მას ჩამოყალიბებული, ერთიანი პოლიტიკური ხედვა არ გააჩნია, რაც შეუძლებელს ხდის მის დამოუკიდებელ პოლიტიკოსად აღქმას. თუმცა, როგორც თავად ამბობს, „საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ჩემი, როგორც საგარეო ისე შიდა პოლიტიკური ხედვა მთლიანად ემთხვევა ჩემი გუნდისას. ასე რომ არ იყოს, ერთად ვერ ვიქნებოდით. მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმეზე უნდა ისაუბროს. იმ გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე კომპეტენტურად ისაუბრებენ საგარეო პოლიტიკაზე, ჩემი საქმიდან მოცდენა არ არის ამისთვის აუცილებელი”.

„ის ჯერ კიდევ იზრდება, როგორც ლიდერი - განუცხადა ტაბულას მისი კამპანიის ერთ ერთმა მრჩეველმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, - და ჯერ მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი იმ ქალაქთან, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, საცხოვრებელი პირობები - გასაუმჯობესებელი და პოლიტიკური ჰარმონია - დასამყარებელი. თუმცა, გიგისთან თანამშრომლობის გამოცდილება მყარ საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ის სწრაფად ვითარდება და კიდევ ბევრჯერ გააკვირვებს საზოგადოებას სასიამოვნოდ”.

ევროპელი დამკვირვებლების აზრით, 30 მაისის არჩევნები, ხარვეზების მიუხედავად, აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე, სამართლიანი იყო. კონსტრუქციულ კამპანიასთან ერთად, ამ არჩევნებს ისიც გამოარჩევდა, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად, ანგარიშგასაწევმა დამარცხებულმა კანდიდატებმა, გამარჯვებულს და მის ამომრჩეველს მიულოცეს.  

კომენტარები