ეგვიპტე მუბარაკის შემდეგ

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში მოქმედმა რეჟიმმა სახელმწიფოს სადავეები ხელთ იგდო. მუბარაკი გზაგასაყარზეა. ჯერჯერობით იგი დუმს. უცნობია, წამოაყენებს თუ არა მუბარაკი საკუთარ კანდიდატურას მომავალი 5-წლიანი ვადისთვის, 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ეგვიპტის პოლიტიკურ სისტემაში თვალსაჩინოა, რომ ძალაუფლების ყველა ბერკეტი პრეზიდენტის ხელში იყრის თავს. გასათვალისწინებელია მუბარაკის ასაკიც. იგი 82 წლისაა, პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან.
ეს გარემოება ბადებს კითხვას - ვინ შეცვლის ჰოსნი მუბარაკს? ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, 2011 წელს იგი განზე გადგება და ასპარეზს დაუთმობს თავის უმცროს ვაჟს, გამალ მუბარაკს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც მოქმედ პრეზიდენტს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, აჰმედ ნაზიფი შეცვლის. პრეზიდენტის სავარძელზე ასევე მოიაზრებიან მისი პოლიტიკური ძალის - ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის - რომელიმე სხვა მაღალი რანგის ჩინოსნები.
ბოლო დროს ეგვიპტე სხვადასხვა რეიტინგებში სახარბიელო პოზიციებით არ გამოირჩევა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, ქვეყანა 70-ე ადგილზეა, ცხოვრების დონით - მე-80-ზე, ხოლო ადამიანის განვითარების დონის მიხედვით - 123-ეზე (UNDP Human Development Index). The Economist-ის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, ეგვიპტეს, შესაძლო 10-დან, მხოლოდ 3,89 ქულა ერგება და 119-ე ადგილზეა.
Freedom ჱouse-ის მონაცემებით, პოლიტიკური თავისუფლების მიხედვით, ეგვიპტე 6 ქულას იმსახურებს, როცა ყველაზე უარესი მაჩვენებელი 7 ქულა შეიძლება იყოს. სამოქალაქო თავისუფლებისა და რელიგიური თავისუფლების მაჩვენებლებში ეგვიპტე, იგივე შვიდქულიანი შკალით, 5 ქულას აგროვებს, ხოლო პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, 100 სავალალო ქულიდან 60-ს იმსახურებს.
Transparency International-ის კორუფციის ინდექსის მიხედვით, ეგვიპტე 111-ე ადგილს იკავებს. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, ქვეყანამ 100-დან 59 ქულა დააგროვა და 94-ე ადგილს დასჯერდა.
ეგვიპტური ოპოზიცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ერთ მოთხოვნას - იგი ძალიან სუსტი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეპრესიები გარდაუვალია. უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანება, ფუნდამენტალისტური მუსლიმური საძმო, 2005 წლის არჩევნების შემდეგ, როცა მათ საკანონმდებლო ორგანოს მეხუთედი შეავსეს, კანონგარეშე გამოცხადდა. მარტში სამართალდამცავებმა მისი 300 წევრი დააპატიმრეს. აპრილში პოლიციამ ქაიროს ცენტრში პოლიტიკური რეფორმის მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტთაგან ორი მოკლა და ათობით დააპატიმრა.
აქამდე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არ ჩანდა ძლიერი ლიდერი, რომელიც დაქსაქსულ ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებდა და როგორც ეგვიპტის საზოგადოებაში, ისე დასავლეთში, მუბარაკის წასვლით გამოწვეული ქაოსის შიშს გაანეიტრალებდა.
ნობელის პრემიის ლაურეატ და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილ გენერალურ დირექტორის მუჰამედ ელ ბარადეის სახით სწორედ ასეთი ლიდერი გამოიკვეთა. მისი პოლიტიკური ბაზა ძირითადად ეგვიპტის სამოქალაქო საზოგადოება, მეცნიერები და ლიბერალური წრეებია. რამდენიმე დღის წინ მას მუსლიმურმა საძმომაც მხარდაჭერა გამოუცხადა.
ეგვიპტის კონსტიტუციით, კანდიდატს, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ლეგალურ პოლიტიკურ პარტიას, არ შეუძლია პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა. ამიტომ, ელ ბარადეი იბრძვის კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად.
მუბარაკის მმართველი პარტიის წევრი, მუსტაფა ელვი საიფი, ელ ბარადეის ურჩევს, ხალხის განწყობა კარგად შეისწავლოს. „კონსტიტუცია ყურანი არ არის. ეს არ არის წმინდა ტექსტი, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. მაგრამ 18 თვე არ არის საკმარისი ასეთი ცვლილებების განსახორციელებლად და საკმარისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად”, - აცხადებს იგი.
აპრილში ელ ბარადეიმ დააფუძნა მოძრაობა - ნაციონალური ასოციაცია ცვლილებებისათვის. მოძრაობამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ლიბერალური პოლიტიკური რეფორმების შვიდპუნქტიანი გეგმის მხარდასაჭერად, რომელმაც ეგვიპტეს უფრო მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება უნდა მოუტანოს.
ამჟამად ელ ბარადეის გაპრეზიდენტების შანსები მაღალი არაა, თუმცა მისი გამოჩენა საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს რეჟიმისთვის, ვინაიდან ელ ბარადეის საერთაშორისო რეპუტაციის გამო მუბარაკის რეჟიმს გაუჭირდება თავისი თავის ისლამისტების ერთადერთ ალტერნატივად გასაღება და ამ მოტივით მმართველობის ავტორიტარული მეთოდებისათვის კრიტიკის თავიდან აცილება.
ჯერჯერობით ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლები თავს არ დასხმიან ელ ბარადეისა და მისი მოძრაობის ლიდერებს, მაგრამ თებერვალში დააპატიმრეს ორი ახალგაზრდა აქტივისტი, რომლებიც ელ ბარადეის მხარდამჭერ სლოგანებს წერდნენ შენობებზე. პრობლემები შეექმნა პიროვნებას, რომელმაც დაწერა ელ ბარადეის მხარდამჭერი წიგნი. პოლიციამ მას კომპიუტერი ჩამოართვა და რამდენიმე დღე ციხეში გაატარებინა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ელ ბარადეი უნდა გაწევრიანდეს ლეგალურ პოლიტიკურ პარტიაში. ამას ეწინააღმდეგება ელ ბარადეის საარჩევნო კამპანიის შტაბის უფროსი აბდელ რაჰმან იუსუფი. ამ უკანასკნელის განცხადებით, ლიცენზირებულ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება რეჟიმის წისქვილზე დაასხამს წყალს.
ცვლილებების განხორციელებაში მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ს როლი. ობამას ადმინისტრაციის წინაშე რთული ამოცანაა - მხარი დაუჭიროს ეგვიპტის დემოკრატიულ ძალებს, ისე რომ არ გაიფუჭოს ურთიერთობა თავის ძველ მოკავშირე მუბარაკთანაც.


 

კომენტარები