სამოთხის მაშხალები

აჰა, მეც მოვხვდი ეკა ხოფერიას გადაცემაში „აუდიტორია”... ქართული მუსაიფ-შოუების თემა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ახლა სხვა რამე უნდა გავიხსენო. სახელდობრ, ერთი ფრაზა, რომელიც ტელეწამყვანმა სალომე დადუნაშვილმა წარმოთქვა: „ტელევიზია განათლებას ვერავის მისცემს”. მარტო ერთი ფრაზა არ ყოფილა - მთელი იდეა განავითარა და ამით გაამართლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „სამოთხის ვაშლების” არსებობა.

იდეა მრავალგვარი კრიტიკისთვისაა გახსნილი. მაგალითად, შეიძლება ვიკითხოთ, რას გულისხმობს ამ შემთხვევაში სიტყვა „განათლება”. ცხადია, ტელევიზია დიპლომს ვერავის მისცემს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ცოდნის გავრცელებაში მისი შანსები ნულოვანია, ერთობ საეჭვო იქნებოდა.

ერთი სიტყვით, იდეის პირდაპირი კრიტიკა ღია კარის მტვრევაა. უფრო საინტერესოა იმ სოციალური ტენდენციის აღწერა, რომელსაც ეყრდნობა ზემოთ მოყვანილი ფრაზა.

ამისთვის კი გავიხსენოთ კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული აზრი, რომლის თანახმად, ის ადგილი, სადაც ბავშვი წიგნის კითხვას ეჩვევა, არის ოჯახი. ხანდახან ამავე აზრს ნეგატიურადაც გამოხატავენ: თუ ბავშვმა წიგნის სიყვარული ოჯახიდანვე არ შეითვისა, ვერასოდეს შეიყვარებს. რა კავშირია ამ და ქ-ნ დადუნაშვილის იდეას შორის?

ძველი ბერძენი ავტორები ძველეგვიპტური საზოგადოების აღწერისას აღნიშნავდნენ, რომ ეგვიპტეში სალამურის დამკვრელის შვილი აუცილებლად მუსიკოსი უნდა გამოსულიყო, მეთუნის ვაჟს კი მთელი ცხოვრება თიხაში უნდა ჰქონოდა ხელები. რატომ აღნიშნავდნენ ამ დეტალს? - იმიტომ რომ ბერძნებისთვის უცხო და ეგზოტიკური იყო ამგვარი წესი. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ყველა პროფესიის ბერძნებს ერთი რამ, სახელდობრ, მოქალაქეობა აერთიანებდა; მეორეც, ყოველ მათგანს შეეძლო პროფესიის თავისუფალი არჩევა.

ტექნიკურ საშუალებებს მნიშვნელობა არა აქვს: მაგალითად, ინდოეთის ქალაქებში ჩამოყალიბდა ტაქსის მძღოლთა კასტა, რომლის შიგნით „ფორდების” პატრონები „მერსედესის” პატრონებთან ერთად არ ჭამენ. და ეს მაშინ, როცა ინდოეთი სრულიად თანამედროვე რესპუბლიკაა, დასავლური ტიპის მმართველობასთან ერთად იქ არსებობს უნივერსიტეტები, იქაური სტუდენტები კი საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც მიემგზავრებიან სასწავლებლად.

მერედა რა? - ის, რომ ზემოთ მოტანილი ქართული მაგალითებიც ამ ეგვიპტურ თუ ინდურ ტენდენციას გამოხატავენ. მაშ ასე: ჩვენშიც არსებობს სკოლები და უნივერსიტეტები (აბა, სხვებს ხომ არ ჩამოვრჩებით!), მაგრამ, ზემოხსენებული ტენდენციის თანახმად, მათ შორის არჩევანს არ უნდა განაპირობებდეს არც გეოგრაფია (ახლოსაა თუ შორს), არც მიდრეკილება და უნარი (მომწონს - არ მომწონს, შემიძლია - არ შემიძლია), არამედ ოჯახი. სხვა სიტყვებით, ამა თუ იმ ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად უნდა განსაზღვრავდეს მისი წევრების სასტარტო პირობებს - ოჯახი მოჯადოებულ წრედ უნდა იქცეს, რათა ვერავინ შეძლოს მისი საზღვრების გადალახვა.

იტალიასა და გერმანიაში ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც პირველნი იყვნენ თავიანთ გვარში, ვინც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. სწორედ ასეთი ხალხია ყველაზე დიდი კოშმარი ქართული ელიტისთვის, უფრო ზუსტად კი მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ რბილი „ლ” კლავს, უმარცვლო „უ” კი აცოცხლებს. ისინი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ „პიისიატ ტრეწის” კურსდამთავრებულს არასოდეს შეასწროს უნივერსიტეტის კარში ონის ან მარნეულის კი არა, თუნდაც გლდანის რომელიმე მიკრორაიონის მკვიდრმა.

ამიტომაც საჯარო გამოსვლისას სიამოვნებით იხსენებენ პაგანინის მამას, რომელიც ძალით ასწავლიდა პატარა ნიკოლოს ვიოლინოზე დაკვრას, მაგრამ არასოდეს გაიხსენებენ კაცობრიობის ისტორიაში დარჩენილ იმ ათობით გენიოსს, რომლებიც მშობლებისგან მალულად ეწაფებოდნენ საკითხავს, მამის ნების საწინააღმდეგოდ იცვლიდნენ პროფესიას.

ამიტომაც არის საჭირო, მინიმუმამდე შემცირდეს ცოდნის ნაკადი, რომ არათუ რეალური საშუალება არ აღმოჩნდეს ვინმეს ხელში, არამედ სტიმულიც კი არსაიდან მოვიდეს და თვით აზრიც კი არ გაჩნდეს, რომ შესაძლებელია ყოველდღიურობის გარღვევა, რომ სადღაც სულ ახლოს არსებობს უსასრულოდ დიდი შესაძლებლობების სივრცე.

ოდესღაც ამ დამცველ ფუნქციას კორუმპირებული რექტორები ასრულებდნენ: სოციალური ცენზი კვლავ იმათ ხელში რჩებოდა, ვინც სისტემის შიგნით შოულობდა ფულს. დღეს ამ დანიშნულებას მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია ასრულებს. არაფერს ვამბობ ტელეთამაშებზე - ალბათ ღარიბ საზოგადოებას სჭირდება სოციალური შეკავების ეს მექანიზმი, როცა დღეში ნახევარი საათით მაინც ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვა, უფრო იღბლიან ადამიანთან. არაფერს ვამბობ სხვა გასართობ ტელეპროექტებზე, რადგან მათი ავკარგიანობა სულ სხვა საუბრის თემაა.

აქ ყველაზე საშიში ის არის, რომ ზემოთ ნახსენებს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი ისეთი პოზიცია უჭირავს, თითქოს ისიც კერძო ტელევიზია იყოს და კონკურენტებს ებრძოდეს. არა, არავინ აწყობს შეთქმულებებს, არავინ გეგმავს ვერაგ სტრატეგიას - ყველა ისე იქცევა, როგორც გონება და აღზრდა ჰკარნახობს. ამიტომაც ჰგონიათ, რომ ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, ეკრანზეც ის ვნახოთ, რასაც ცხოვრებაში ვხედავთ - სახლში ყავაზე შემოსული კარის მეზობელი, გაქექილი და ათას ოხერზე გადამხტარი კულტურული ქალი, ციური. ამათი გაგებით, ამაზე მეტი არ დაგვიმსახურებია.

კომენტარები