ფოკუსი

მინიმუმ, ერთ ნარკომანს ყველა ვიცნობთ. შეიძლება ახლობელიც კი იყოს იგი ჩვენი, ნათესავი, მეზობელი, ოჯახის წევრი და ა.შ. კერძოდ, წამალდამოკიდებულებს ვგულისხობ და არა უწყინარ ქეშებს ან საძაგელი ვინტის თუ ჯეფის მომხმარებლებს. ისე, ვინ იცის, შეიძლება ჩვენც ნარკომანები ვართ? ლატენტური მაინც.

რაც შემეხება მე, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, სხვაზე ოდნავ უკეთ ვიცნობ ნარკომანთა ცხოვრების სტილს, სურვილებს, ოცნებებს, შესაძლებლობებს, მუღამებსაც კი. იყვნენ თბილისში ნარკომანები, რომლებზეც მთელი ლეგენდები დადიოდა. ქალაქის თითქმის ყველა უბანს ჰყავდა თითო კოლორიტული ნარკომანი მაინც, რომლის სახელი ანეკდოტებში და კურიოზულ ისტორიებში ხვდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ არც ნარკომანთა რომანტიზებას ვაპირებ და არც მათ ადვოკატობას. სულ სხვა რამ მინდა მოგითხროთ.

მე მინახავს, როგორ ხარშავენ (ზოგ შემთხვევაში „ხსნიან”) ნარკომანები ნარკოტიკს. თვითონ პროცესს აქ არ აღვწერ. მით უფრო, რომ მოსაყოლად და სანახავად დიდი არაფერია. მხოლოდ გეტყვით, რომ ამ პროცესის ყოველი მონაწილე იდეალური დამკვირვებელია. თითოეული მათგანი ისე გაფაციცებით აკვირდება მეორის ყოველ მიმოხვრას და ხელის მოძრაობას, ეს მეორე ჯადოქარიც რომ იყოს, პირველს ვერაფერს გამოაპარებს. არადა, ნარკოტიკის ხარშვის (გახსნის) პროცესი ესაა ქრონოტოპოსი - დრო და სივრცე, სადაც პროფესიონალი ცხვირწინ ისე აუორთქლებს არიფს მთელ წამალს (ფაქტს), თითქოს არც ყოფილა. ფაფუ. ამაზეა ნათქვამი, წყაროზე წაიყვანეს და მწყურვალი დატოვესო.

არიან საქმის ისეთი ვირტუოზები, ვისაც ამ დარგის პროფესორებისთვისაც კი თვალწინ აუცლიათ ასაცლელი. ხან საკუთარ ფრჩხილში შეუმალავთ, ხან ცხვირის ნესტოში, ხან ყურის ნიჟარაში... ერთმა, ზუსტად ვიცი, საკუთარ თვალშიც კი დამალა! მართალია, იმ ტიპს ერთი თვალი შუშის ჰქონდა და სწორედ იმ შუშის თვალის უკან შემალა შესამალი, მაგრამ ეს არაა მთავარი. ასეთ დროს მთავარია, ხელის სწრაფი მოძრაობა და არავითარი ჯადოქრობა. აი, ესაა უმაღლესი ლიგა - როცა ყველამ იცის, რომ მამაძაღლობ, მაგრამ ფაქტზე ვერ გიჭერენ. ფოკუსის კეთებისას მეფოკუსესაც ხომ სრულიად უშედეგოდ აკვირდება პუბლიკა ხელებში. მაგრამ მე აქ საქმის არსზე გიყვებით, ნარკოტიკის „მოტეხვის” რეცეპტს კი არ გთავაზობთ. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, რასაც მოტეხავ, შენია, რაც არა - დაკარგულია.

ყოველი არჩევნების შემდეგ საქართველოში იმართება საგანგებო ბრიფინგები, ისმის პიკეტირების, გაფიცვის, დაუმორჩილებლობის მოწოდებები, იწერება მამხილებელი სტატიები... ერთხელ და სამუდამოდ რომ მორჩეს ეს გაუგებრობა, შემომაქვს წინადადება, არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩვენი თანამემამულე ნარკომანები მოვიწვიოთ. არა მგონია, მცირედი ანაზღაურების სანაცვლოდ და ძმურ ამბავში უარი თქვან. მით უფრო, რომ საქმე ქვეყნის პრესტიჟს ეხება. ოღონდ იმ პირობით, რომ 20.00 საათამდე დოზას არ მიიღებენ. როგორ ფიქრობთ, შეაპარებს მათ ვინმე ზედმეტ ბიულეტენს, მკვდარ სულს ან სხვის დოკუმენტს? ეს ხომ სრულიად გამორიცხულია! თან რომელი სათვალთვალო კამერა, სკანერი და რენტგენი შეედრება მათ. ნარკომანი თვალით თუ ვერ დაინახავს, ბოლოს და ბოლოს, ყნოსვით მიაგნებს მისაგნებს. და თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ რომელიღაც ლიტველს, ფინელს ან დანიელს უკეთ შეუძლია დაკვირვება, ვიდრე ქართველ ნარკომანს, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ. არადა, გვყავს კადრები. კადრები კი ყველაფერს წყვეტენ.

კომენტარები