ევროპაში იაფად და სწრაფად

17 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილი ხელშეკრულება - ვიზების გამარტივების შესახებ - საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, გაცილებით იაფად და მარტივად გაემგზავრონ ევროპაში.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა და საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა. ევროკავშირის მხრიდან ხელშეკრულებას არ შეერთებია დანია, გაერთიანებული სამეფო და ირლანდია.
ამ ხელშეკრულებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ვიზა გაიაფდება 60-დან 35 ევრომდე, ზოგისთვის - მაგალითად, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, ევროპაში მცხოვრები ქართველების ნათესავებისთვის, სტუდენტებისთვის - უფასო იქნება. ვიზის ასაღებად ნაკლები დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს - ბიზნესმენებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ. მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ევროპაში მგზავრობა და ვიზის პირობები არასდროს დაურღვევიათ, გაიცემა გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზები. გარდა ამისა, საკონსულოები ვალდებულნი იქნებიან, 10 დღის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება ვიზის გაცემა-არგაცემის შესახებ.
სესილია მალმსტრომმა ვიზების გამარტივება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, ეს ერთგვარი გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ ევროკავშირი მათთვის ღიაა.
ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ კი განაცხადა: „ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო ევროკავშირთან არა მხოლოდ ინსტიტუციურად დავაახლოოთ, არამედ ხალხებითაც”.
პარალელურად, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკება რეადმისიის ხელშეკრულების შესახებ. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს ვალდებულებებსა და პროცედურებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ხელშეკრულების ხელმომწერი მესამე ქვეყნებისათვის, თუ როგორ და როდის უნდა მოხდეს იმ ადამიანების უკან დაბრუნება, ვინც არალეგალურად ცხოვრობს მხარეთა ტერიტორიებზე. მას უახლოეს კვირებში მოეწერება ხელი. ვიზების გამარტივებისა და რედმისიის ხელშეკრულებები ერთსა და იმავე დღეს შევა ძალაში.
„ეს ხელშეკრულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეალური შედეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობას და გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში,” - განაცხადა საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა.




 

კომენტარები