შუა აზია: „გადატვირთვა” არ უშველის!

0 კომენტარი

7 აპრილს მსოფლიო ცდილობდა, მიეკვლია რუსული ანაბეჭდისთვის ყირგიზეთის გადატრიალებასა და პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის ჩამოგდებაში. ამერიკის მაგალითიდანაც ჩანს, რომ რეჟიმის შეცვლამ შეიძლება სოციალური დაძაბულობა გამოიწვიოს. როგორც ჩანს, მოსკოვს კარგად გამოსდის დამსხვრევა, მაგრამ არ შეუძლია გატეხილის შეწებება.

კვირებიც არ დასჭირდა ეთნიკური ყირგიზებისა და უზბეკების ერთმანეთთან გადაკიდებას. პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას დროებითი მთავრობა უუნარო ან უნებისყოფო აღმოჩნდა უზბეკების დასაცავად ყირგიზული ბანდებისა და სამხედრო ქვედანაყოფებისაგან.

სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური ყირგიზები, უზბეკები და ტაჯიკები მოქცეულები არიან სტალინის დროინდელ საზღვრებში, რომელიც სწორედ ეთნიკური შუღლის გასაღვივებლად დააწესეს.

პრობლემის თავი და თავი ნაყოფიერი ფერგანას ველია, რომელსაც სამი ქვეყანა იყოფს. უზბეკეთი ფლობს ხეობას, ყირგიზეთი - გარშემო მთებს, ტაჯიკეთი კი - განაპირა ნაწილს, საიდანაც ხეობაში მდინარე სირ დარია მოედინება.

უზბეკეთი ტაჯიკეთთან ურთიერთობაში ელექტროენერგიითა და გაზით მანიპულირებს. დუშანბე მდინარე ვახშის შევიწროებას აპირებს, რაც გამოიწვევს ნაკადის შემცირებას უზბეკეთისაკენ. პასუხად, ტაშკენტმა ტაჯიკეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზი დაახშო.

ყირგიზეთის საზღვართან უზბეკეთის სამი მოწყვეტილი ნაწილის არსებობა უფრო ძაბავს ურთიერთობას. მიმოსვლა, მწყემსვის უფლება და წყალი ის სადავო საკითხებია, რამაც ყირგიზები და უზბეკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყო ბოლო კვირების განმავლობაში.

არალის ზღვის დაშრეტასთან ერთად მთელი რეგიონი შრება. მოსახლეობის რჩენა ძნელდება, რაც დაპირისპირებას უფრო ამწვავებს. ამას დაუმატეთ რეგიონის სიახლოვე ავღანეთთან, მილსადენები, ბუნებრივი რესურსები, ნარკოტრეფიკი, ორგანიზებული დანაშაული და რადიკალური ისლამისგან მომავალი პოტენციური საფრთხე. შედეგად, მივიღებთ მუდმივ შფოთვას - მღელვარებას, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს რეგიონში მოქმედი ექვსი უმთავრესი ძალისა და გაძლიერებული უზბეკეთის ყურადღებას.

რეგიონი მეტწილად ამერიკისა და რუსეთის ყურადღებას მოითხოვს. მათი ბაზები რამდენიმე კილომეტრშია ერთმანეთისგან და ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან.

„გადატვირთვის” პოლიტიკის ერთგული ვაშინგტონი მოსკოვთან თანამშრომლობით კმაყოფილდება, გასცემს ათი მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას და საშუალო დონის დიპლომატს ავალებს სამხრეთ ყირგიზეთში მომხდარი მოვლენების გამოძიებას (დიპლომატები იკვლევენ მაშინ, როცა არ იციან, სხვა რა აკეთონ).

რუსეთმა 500 პარაშუტისტ-მედესანტით გაამაგრა ბაზა და ოტუნბაევას ძალოვნები გაუგზავნა დასახმარებლად, მაგრამ უარი უთხრა სამშვიდობო ძალებით დახმარებაზე. გრძელი ლოჯისტიკური ხაზითა და დასუსტებული არმიით მოსკოვი არ რისკავს უზბეკებთან შებმას.

ტაშკენტს არ მოსწონს თავისი სამხრეთ საზღვარი და მგზნებარედ სურს, დაიცვას ეთნიკური უზბეკები. შუააზიური სტანდარტებით, უზბეკეთი ძლიერი ქვეყანაა. შესაძლოა მან კონფლიქტი საზღვრების შესაცვლელად და რეგიონალური მნიშვნელობის გასაზრდელად გამოიყენოს.

უზბეკეთის მზარდი მნიშვნელობა არ გამოჰპარვია ინდოეთს, რომელიც ბუნებრივად დაინტერესებულია პაკისტანით, ავღანეთითა და სხვა მიმდებარე ქვეყნებით. ახალი დელი ამყარებს სამხედრო კავშირს ტაშკენტთან და, ამავდროულად, ინარჩუნებს ფახორის საჰაერო ბაზას ტაჯიკეთში.
ჩინეთს ეშინია, შუააზიური მღელვარება ქსინიანის მოუსვენარ რეგიონსაც არ მოედოს. თურქმენეთ-უზბეკეთ-ყაზახეთ-ჩინეთის 40 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის მილსადენი ყირგიზეთის ჩრდილოეთ საზღვართან გადის, რომლითაც იგი ყაზახეთს ემიჯნება. უზბეკეთ-ყირგიზეთ-ჩინეთის რკინიგზა კი ზუსტად ყირგიზეთის სახიფათო რაიონშია განლაგებული. ამ ხაზით დაინტერესებულია თურქეთი და ირანიც.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეტ დავითოღლუ, ყაზახეთში იმყოფებოდა, ყირგიზეთის დახმარების კოორდინირებისთვის. დახმარებას აგზავნის თურქული ფონდიც, რომელიც დაუპირისპირდა ისრაელის სამხედროებს ღაზას სანაპიროსთან. ინდოეთის მსგავსად, ირანიც დაინტერესებულია პაკისტანით, ავღანეთითა და სხვა მიმდებარე ქვეყნებით. თეირანში კი ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობას, განავრცონ ისლამური რევოლუცია.

ახლა რადიკალური ისლამი თითქოს განდევნილია შუა აზიიდან, მაგრამ ყირგიზეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა კვლავ დააბრუნებს მას სარბიელზე.

გადაუწყვეტელი პრობლემები და მაღალი გეოპოლიტიკური ფსონი რეგიონს არეულობებით ემუქრება. რუსეთს არც სურდა და არც აქვს სურვილი გაამთელოს ის, რაც გატეხა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ალბათ მალე ჩაერთვება შუააზიურ საქმეებში და არ დაუშვებს ამერიკის გავლენას რეგიონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკელ სამხედროებზე. ვაშინგტონს ამ დარტყმის მოგერიება მხოლოდ „გადატვირთვის” პოლიტიკაზე უარის თქმით შეუძლია. იგი უნდა შეეშვას შუა აზიაში საკუთარი ინტერესების დაქვემდებარებას მოსკოვისათვის და უნდა აწარმოოს მხნე დიპლომატია თითოეულ შუააზიურ ქვეყანასთანაც და სხვა გარე ძალებთანაც.

*დევიდ ჯ. სმიტი - საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი და პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაზა ურუშაძე

კომენტარები