ბიზნესინკუბატორი

ბიზნესინკუბაცია ბიზნესის მხარდაჭერის პროცესია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესკომპანიების სწრაფ განვითარებას, ბაზარზე ადგილის დამკვიდრებასა და გაყიდვების ზრდას. კლიენტებისათვის სერვისების შეთავაზების მეთოდები, ორგანიზაციული სტრუქტურა და სამიზნე კლიენტთა კატეგორიები, ინკუბატორების მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავდება. განსხვავებულია მიზნებიც, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დივერსიფიცირება, საფინანსო-სამრეწველო რეგიონებში დასაქმების ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება.
ბიზნესინკუბატორი საქართველოში, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი პროექტით, 2002 წელს შეიქმნა. პროექტის ხელმძღვანელის ვაჟა გოგინაშვილის განცხადებით, ინკუბატორი სამ კომპანიას ეხმარება. სამივე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, ძირითადად, ვების, სოფთვეარ დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობისათვის შექმნილი ინკუბატორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. ამერიკა ამ ინდუსტრიის პიონერი ქვეყანაა. 1980 წელს აშშ-ში 100-მდე ინკუბატორი არსებობდა, 2000 წელს კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზარდა. ინკუბატორის კლიენტებმა 1980 წლიდან ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შექმნეს.
დასავლეთ ევროპაში დღეისათვის დაახლოებით 900 ინკუბატორია. ბიზნესინკუბატორები ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ევროგაერთიანების დიდ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია. ყველაზე მეტი - 300 ინკუბატორი - გერმანიაშია.
აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესინკუბატორებმა 90-იანი წლებიდან მოიკიდეს ფეხი. პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი, ხორვატია, ბულგარეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ბიზნესინკუბატორები 90-იანების დასაწყისში შეიქმნა. ლიტვაში ბიზნესინკუბატორთა ქსელის განვითარება შედარებით გვიან დაიწყო - პირველი ინკუბატორი 1998 წელს დაარსდა. აღმოსავლეთევროპული მოდელის ინკუბატორები ძირითადად ტექნოლოგიური და შერეული ტიპის სპეციფიკისაა.
დსთ-ს ქვეყნებში ბიზნესინკუბაციის პირველი მოდელი უზბეკეთში შეიქმნა. დსთ-ში ძირითადად ტექნოლოგიური, შერეული და სპეციფიკურ ჯგუფებზე გათვლილი ინკუბატორები არსებობს. ქვეყნების უმრავლესობაში ინკუბატორთა მიზანია ინოვაციების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა.
ბიზნესინკუბაციის კუთხით, აზიაში ყველაზე განვითარებულია ჩინეთი, სადაც UNDP - ის მიერ 1987 წელს პირველი პროექტი განხორციელდა. პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა და დღეს ჩინეთში 127 ინკუბატორი მოქმედებს. ჩინური ინკუბატორები, რომლებსაც 10.000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი უჭირავთ, მომხმარებლებს ძირითადად საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზებით მომსახურებას სთავაზობენ.
აზიაში ამ კუთხით ყველაზე ნაკლებგანვითრებული ინდოეთია, თუმცა ბიზნესინკუბატორთა დაფუძნების პროცესი უკვე მიმდინარეობს ნიუ დელიში (ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტი), მუმბაიში, სამხრეთით მდებარე ბიოტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ჰაიდერაბადსა და სხვა ადგილებში.
ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ბიზნეს-ინკუბატორების შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ლიბერალიზაცია, კანონმდებლობის დახვეწა და შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა-განვითარება, რადგან ამ შემთხვევაში, ინკუბატორის როლს თავად სახელმწიფოც წარმატებით გაართმევს თავს.


 

კომენტარები