კოსოვოს დამოუკიდებლობა კანონიერია

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, ჰააგა.
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 22 ივლისს განმარტა, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეზიდენტმა, ჰისაში ოვადამ წაიკითხა: „სასამართლოს დასკვნით, დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას - 2008 წლის 17 თებერვალს - არ დაურღვევია საერთო საერთაშორისო სამართალი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1244 ან კონსტიტუციის სტრუქტურა. შესაბამისად, დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის რომელიმე შესაბამისი ნორმა”.
სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართალში არ არსებობს „შესაფერისი კანონი დამოუკიდებლობის გამოცხადების” შესახებ. სასამართლოს არ დაუდგენია, აძლევს თუ არა საერთაშორისო სამართალი „სხვა სახელმწიფოში არსებულ ერთეულებს უფლებას, ცალმხრივად გამოეყონ ამ სახელმწიფოს”. აქედან გამომდინარე, არც განუხილავთ, იყო თუ არა კოსოვოს გამოყოფა ლეგიტიმური. აგრეთვე, განხილვის მიღმა დარჩა დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შედეგები - შედგა თუ არა კოსოვო როგორც სახელმწიფო ან სხვა ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის მართებულობა. საერთაშორისო სასამართლომ გვერდი აუარა პოლიტიკურ კითხვებს და განაცხადა, რომ „კოსოვოს ლეგიტიმურობა დადგენილი იქნება არა სასამართლოს, არამედ იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც აღიარებენ მას”. დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, სასამართლოს განაჩენს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ჰააგაში მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს. 2009 წელს სერბეთის დაჟინებული მოთხოვნით გენერალურმა ასამბლეამ მიმართა საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის თხოვნით. სერბეთის შეფასებით, კოსოვოს ეთნიკური ალბანელების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო. სერბეთის მტკიცებით, გაეროს რეზოლუცია №1244, რომელმაც დაასრულა ომი კოსოვოში, აღიარებდა სერბეთის საზღვრების ურღვეობას, რაც თავისთავად მოიცავდა კოსოვოს სამხრეთ რეგიონსაც. საპირისპიროდ, კოსოვო აცხადებდა, რომ რეზოლუცია არ ისახავდა მიზნად გამოყოფის აკრძალვას. გარდა ამისა, კოსოვოს ტერიტორიაზე 1990-იან წლებში დაწყებულმა ძალადობამ, ეთნიკურმა წმენდამ, გენოციდმა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულებებმა, ბელგრადს სადავო ტერიტორიის მართვის ყოველგვარი უფლება ჩამოართვა.
საქმის განხილვაში, მონაწილე მხარეების გარდა, ჩართული იყო 29 სახელმწიფო, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა კომენტარი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება.
გაეროს მიერ კოსოვოს მართვის მეცხრე წელს, 2008 წლის თებერვალში, ყოფილი სერბული პროვინციის ალბანური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს მომენტალურად დაუჭირა მხარი აშშ-მ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ. დღეისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობას 69 სახელმწიფო ცნობს. აღიარებას ეწინააღმდეგებიან ქვეყნები, რომლებიც თავად უფრთხიან სეპარატისტებს, მაგალითად, ესპანეთი, ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი.
რუსეთმა ამერიკის მიერ კოსოვოს ცნობა პრეცედენტად განიხილა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ უკანასკნელთ კი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, ფართო საერთაშორისო აღიარების იმედი მიეცათ. ოკუპირებული აფხაზეთის მმართველის, სერგეი ბაღაფშის თქმით, „იურიდიული და ისტორიული თვალსაზრისით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მეტი უფლება აქვთ დამოუკიდებლობაზე, ვიდრე კოსოვოს ... დასავლეთის ორმაგი სტანდარტების გათვალისწინებით, იგივე სასამართლოზე აფხაზეთის საკითხი რომ განხილულიყო, შედეგი სულ სხვა იქნებოდა”.
კოსოვოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებით სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა თვითგამორკვევის უფლება და სუვერენულობა. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია კოსოვოს სხვა ავტონომიებთან, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან შედარება. კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო ჩარევის შედეგი იყო, რათა შეეჩერებინათ კოსოვარი ალბანელების ეთნიკური წმენდა. სრულიად საპირისპირო რამ მოხდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარმა გამოაძევა ეთნიკური ქართველები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გამოიწვევდა ეთნიკური წმენდის ლეგალიზებას საზღვრების შეცვლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რადგან სწორედ ამგვარად შეიქმნა იქ ხელოვნური უმრავლესობა. როდესაც იურისტები თვითგამორკვევის უფლებაზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ მოსახლეობის მიერ საკუთარი მომავლის არჩევის უფლებას. კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ. აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობის 80% კი იძულებით გადაადგილებული პირია.

კომენტარები