L’Accent Français par excellence

 ორიოდე თვის წინ აბანოს ქუჩაზე, სუვენირების მაღაზიის გვერდით მდებარე შენობის კარზე გაკრულ წარწერას მოვკარი თვალი: „გვესაჭიროება დამლაგებელი, 25-40 წლამდე”. ცოტა არ იყოს, მეუცნაურა. თბილისში, განსაკუთრებით აბანოთუბანში, დამლაგებელს ასე არ ეძებენ, მოგეხსენებათ. აქ რამე უცხო და ახალი ხომ არ ცხვება-მეთქი, ჩემთვის გავიფიქრე. თურმე ნუ იტყვი.
ჯერ სათაური მომწონს. არა იმის გამო, რომ, ლაქსან ფრანსე ანფრანსე ფრანგულად ლამაზად ჟღერს; უფრო იმიტომ, რომ ზუსტად შეესატყვისება იმ ატმოსფეროს, რაც ამ ღვინის ბარშია, ფრანგული ღვინისა და სამზარეულოს საუკეთესო გაგებით. თუმცა, სასიამოვნო გარემოს აქ მომუშავე ადამიანები ქმნიან და არა დეკორატიული ელემენტები. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, სტერილური ევრორემონტია, ღია ფერის კედლებით, მინის კარადებში გამოკეტილი ღვინის ბოთლებითა და ატრიბუტიკით. პრიალა იატაკზეც არ ვგიჟდები. სიტუაციას ვერც იასამნისფერი ბრები და არც სპილოსძვლისფერი ავეჯი ეხმარება მაინცდამაინც. იმის თქმა კი არ მინდა, კედლებზე რობერტ დუასნოს პარიზული ფოტოესკიზები ან ასე გაცვეთილი ტულუზ ლოტრეკის აფიშები რომ ეკიდოს, აქაურობა უფრო ფრანგული იქნებოდა. არა. გარემო აშკარად ვერ ეხმიანება იმ ღირსებას, რაც აქსანფრანსეს სომელიემ - სტეფან პატრიმ და შეფ-მზარეულმა გილიან ბერნარმა აქაურობას შესძინეს. მიხვდებოდით, ორივე ფრანგია.
ლაქსან ფრანსეში ღვინის გარშემო ვტრიალებთ, ოღონდ მხოლოდ ფრანგულის და, ცხადია, სხვანაირად. თამამად და პირდაპირ შეიძლება ითქვას: ეს ბარი თბილისში ყველაზე მრავალფეროვანი და ძვირად ღირებული ენოლოგიური დაწესებულებაა. სამზარეულო მხოლოდ ღვინის ატრიბუტი, აკომპანემენტია და მენიუ ტაპასის მცირე ულუფებით განისაზღვრება. პროვიზია ყოველკვირეულად მოედინება საფრანგეთიდან და ფურცელზე ამობეჭდილი მენიუც მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ტაპასი, თქვენი არჩევანის მიხედვით, ოთხნაჭრიანი ან ექვსნაჭრიანია, მზარეულის არჩევანი - მრავალფეროვანი და თავისუფალი, ყოველი ნაჭერი რუდუნებით მომზადებული.
სხვანაირად არც შეიძლება: Foie Gras - ბატის ღვიძლის პაშტეტი (16ლ, აქ და შემდგომ ოთხი ნაჭრის ფასით) ლეღვის პურის ნაჭერზე, ღვინოში დავარგებული მარილის წითელი, მსხვილი კრისტალებით დასრულებული. თევზეულიდან ზუთხის კარპაჩო პესტოთი (12 ლ.) ან საოცრად გემრიელი პასტისის (ანისულის მადისაღმძვრელი ნაყენი) სოუსში შემწვარი მსხვილი კრევეტები (13 ლ). თევზეულს, ძეხვეულსა და ყველეულს შორის ლოკოკინას ერთი კერძიც გახლავთ გამორეული, სპეციალური შიგთავსით (12ლ). დესერტიდან Crème Brulée (12ლ.) - ზედაპირმომწვარი კრემი ჰარმონიულად იყო ორკესტრირებული და თუ ჩემს კვალს დაადექით, აქეთ მოხვდით და იგივე მენიუ დაგხვდათ, იქნებ ლიმონისა და პიტნის ჩისქეიქიც (11ლ) დააგემოვნოთ, ერთი - ჩემს მაგივრად.
ისეთ ნამუშევარზე, როგორიც ლაქსან ფრანსეს ათგვერდიანი ღვინის ბარათია, ძნელია, ორი სიტყვით რაიმე ღირებული თქვა, თუმცა, რა გაეწყობა. სტეფან პატრის მიერ მოწყობილ ღვინის სარდაფში (ხრეშნაყარი იატაკით) ნამდვილი განძი ვარგდება: აქ 200-მდე დასახელების ფრანგული ღვინო ინახება; სარდაფი ჯერ მხოლოდ ივსება.
ღვინის ბარათი Devaux-ის შამპანურების მაგნუმებით (1.5-ლიტრიანი ბოთლი) იხსნება და უმაღლესი კატეგორიის, premier cru-ს ღვინოებით გრძელდება (cru - საკლასიფიკაციო წარწერაა და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის აპელასიონის ღვინოებზე გვხვდება). ასე, მაგალითად, ბორდოული წითელი Château Cheval Blanc - 3,193 ლარად. ბარათს პოპულარული, ადგილობრივი ღვინოები (vins de pays) ასრულებს. მაგალითად, Vin de Pays d’Oc (37 ლ). ამათ შორის საფრანგეთის მეღვინეობის თითქმის აპელასიონია წარმოდგენილი: ბორდო თუ ბურგუნდია, რონის ნაპირები, ალზასი. ჩვენ ლუარას ხეობის თეთრი სოვინიონისგან დაწურული Pouilly Fumé, Pascal Jolivet 2006 - 89 ლ. დავაჭაშნიკეთ. მსუბუქად მინერალური ღვინოა, სასიამოვნოდ მსუსხავი დაჟანგების ტონებით და სავსე, პოლიფონიური დაბოლოებით. რეზულტატი გემრიელი და მაცოცხლებელია. ძალიან მოუხდა კრევეტებს. მოუხდება ზუთხის კარპაჩოსაც.
უდავოა, ღვინის ბარი განსაკუთრებულია, აქ მიღებული გამოცდილება - ღირსშესანიშნავი, ფინალი - ამამაღლებელი. აქ მოხვედრილმა ღვინის მოყვარულმა, შესაძლოა, ღვინის გასინჯვა ჭიქით იმიტომაც მოინდომოს, რომ, რაც შეიძლება, მეტ ჭაშნიკს გაუგოს გემო. თუმცა, არ გირჩევთ: ერთი ჭიქის ფასი 20 ლარიდან იწყება და ორი ჭიქა უკვე ხარჯია. ამიტომ, უმჯობესია, შედარებით დაბალფასიანი* (ბუნებრივია, აქაური საზომით) ჩამოსხმა დააჭაშნიკოთ და აქ ყოფნის სიამოვნება ამგვარად გაიხანგრძლივოთ. სიამოვნება კი უსასრულოა, თქვენს ხარჯსა და არჩევანზე დამოკიდებული.

* შედარებით ხელმისაწვდომი ჩამოსხმებიდან სტეფან პატრი რონის ნაპირების აპელასიონის - Muscadet, Domaine du Val Fleuri-ს ან ლუარას ხეობის აპელასიონის Cote du Rhône “les Abeilles”, Jean Luc Colombo-ს გირჩევთ. თუმცა, უმჯობესია, თავად დაეკითხოთ. ყველაფერზე ეტყობა, რომ თავის საქმეს დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ეკიდება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სიამოვნებას ანიჭებს. ასე რომ, არ დაგზარდებათ.


ფრანგული აქცენტი - ღვინის ბარი
აბანოს 11, თბილისი 0105
უბანი: აბანოთუბანი
ტელ: 72 08 88, 72 08 89
სამზარეულო: ფრანგული, ევროპული
საათები: ყოველდღე, 12-24
ბარათები: მიიღება, ამერიკან ექსპრესის გამოკლებით
ფასი: 140 ლ - 3200 ლ (სადილი ორ კაცზე,
ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: აბანოს ქუჩაზე, რესტორნის წინ
www.laccent-francais.fr



 

კომენტარები