დედას - რემინგტონი, მამას - სკეიტბორდი

ალენ აივერსონი
 სპორტში დიდი ხალხი დიდ ჰონორარს იღებს. ძირითადად, პირველი პროფესიული კონტრაქტით ყველა მილიონამდე ადის წლიურად და თუ ინდივიდუალურ სახეობაშია, ჯამური ბონუსით, ნებისმიერ შემთხვევაში, მილიონზე მეტს აგროვებს. ფულთან მიმართებით გაპიარებულ და პიარის გარეშეც სერიოზულ ფიგურებს საინტერესო და განსხვავებული მიდგომა აქვთ.

ალენ აივერსონი
(კალათბურთელი, NBA-ს 2001-ის MVP )
აივერსონი ყოველთვის ცელქობდა. ჯორჯთაუნის კოლეჯში, ისტორიის ლექციის დროს, წამოდგა, გაშიშვლდა, მასწავლებელ დორინ მარეის მაგიდასთან მივიდა და აღრიცხვის წიგნზე მოშარდა. სიქსერზის იტალიური ტურნეს პირველივე დღეს ფლორენციის სანტა მარია ნოველას ეკლესიის წინ ჰაშიში გააბოლა. სპაიკ ლისთან ერთად, MTV-ს დაჯილდოებაზე მწვანე ტანგით მივიდა. დედიკოსაც პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ორიგინალური საჩუქარი მიუძღვნა. ალენმა ენ აივერსონს ცეცხლსასროლი იარაღი, Remington 870 აჩუქა: დედა, ჩვენი ნაძირალა მამის გამო შენს სიცოცხლეს ყოველთვის საფრთხე ემუქრებოდა და ამით უფრო მშვიდად იქნებიო. ალენმა საჩუქარში 615 დოლარი გადაიხადა.

ბიორნ ბორგი
(ჩოგბურთელი,
მოიგო 11 მეიჯორი)
ფულს ლეგენდარული შვედიც ორიგინალურად ხარჯავდა. პირველ ცოლს, რუმინელ მარიანა სიმონესკუს, 3 000 დოლარად სამი თვის ალიგატორი უყიდა. მეორე ცოლს, იტალიელ პოპ-სექს-სიმბოლოს, ლორედანა ბერტეს, კოლუმბიაში მიწის უზარმაზარი ნაკვეთი უყიდა. 1980-ში, ამერიკის ღია პირველობის ფინალში წაგების მერე, როდესაც ორგანიზატორებმა 75 000 დოლარი მისცეს, ბორგმა მალმიოში დაიწყო ოთხთვიანი აქციები სლოგანით Fuck For The Future. აქციამ თითქმის ასი ათასი დოლარი აითვისა, ბორგი დაიჭირეს (სკოლაში სამ მეძავთან ერთად გახდილი შევიდა) და ორი წლის შემდეგ ბანკროტად გამოაცხადეს.

მარკ ფილიპუსისი (ჩოგბურთელი, დიდი სლემის ორი ტურნირის ფინალისტი)
მარკმა 1995-ში, ავსტრალიურ მეიჯორზე, პიტ სამპრასს მოუგო, მერე მარკ ვუდფორდთან წააგო და საპრიზოებად ასი ათასზე მეტი მიიღო. მამამისს სკადმა სკეიტბორდი უყიდა და გაუხსნა საბანკო ანგარიში, რომელზეც პირველი ოთხი თვე სტაბილურად ურიცხავდა ორ კვირაში ერთხელ 400 დოლარს. მაშინვე, ფილიპუსისს Fila-მ რვაწლიანი კონტრაქტი (სეზონში 2 მილიონ დოლარზე მეტი) გაუფორმა. ოთხი თვის შემდეგ მარკს მამამისისთვის აღარაფერი ჩაურიცხავს. 2003-ში ფილიპუსისი უიმბლდონის ფინალში გადის, სადაც როჯერ ფედერერთან აგებს. ტურნირის დასრულების შემდეგ ფედერერმა მოაწყო საქველმოქმედო საღამო, სადაც ყველა სტუმარს უსახლკარო ბავშვების ფონდში, სულ მცირე, 750 ევრო უნდა გადაერიცხა ან თანხა იქვე, საღამოს მსვლელობის დროს დაეტოვებინა. 238 სტუმრიდან თანხა მხოლოდ მარკ ფილიპუსისს არ დაუდია.

ლებრონ ჯეიმსი
(კალათბურთელი, ორჯერ გახდა MVP)
ლებრონმა დედამისს, გლორია ჯეიმსს მისცა პირობა, რომ, როგორც კი დედიკო მესამედ გათხოვდებოდა, ბაჰამებზე Bird Cay-ს კუნძულს აჩუქებდა. კუნძული მაშინ 24 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. გლორია ჯეიმსი მალე დაოჯახდება, მისი მეუღლე კი ლებრონის მეჯვარე, კლივლენდის მსროლელი დელონტე უესტია. საეჭვოა, ლებრონმა უესტს „მამიკო” დაუძახოს.
გორან ივანიშევიჩი
(ჩოგბურთელი, უიმბლდონის ჩემპიონი)
ხორვატმა 2003-ში პულაში Park Hotel შეიძინა, ორი წლის შემდეგ კი ივანიშევიჩი გაკოტრდა. სასტუმროს მოდერნიზებას გორანმა თითქმის 4 მილიონი დოლარი დაახარჯა, თანხა ვერ ამოიღო და იძულებული გახდა, მონტე კარლოში, რომსა და ფილადელფიაში უძრავი ქონება გაეყიდა. ვალები ვერც ამან დაფარა. ბოლო ოთხი წელია, ივანიშევიჩი არ ტოვებს ვეტერანთა ტურნირებს, იგივე მსოფლიო სერიას, სადაც საშუალოდ 20-25 ათას ევროს იღებს. ივანიშევიჩმა შარშან 2003-ში შეძენილი Aston Martin DB9 185 000 ევროდ გაყიდა. ამ სპეცშეკვეთაში ხორვატმა თავის დროზე თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა.

როჯერ კლემენსი
(ბეისბოლისტი, შვიდგზის
(!) საუკეთესო პიტჩერი)
1995, ტორონტო - როჯერმა ტორონტოს გამაჯანსაღებელ ცენტრში ორი კვირა გაატარა, ცენტი არ გადაიხადა და ცენტრის მფლობელებს სამახსოვროდ სავარჯიშო ხელთათმანი დაუტოვა. 1997 წელს კლემენსმა ბოსტონ რედ სოქსის დაღუპული ფანის ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. 25-მა ბეისბოლისტმა ჯამში 200 000 დოლარი შეაკოწიწა, დაზარალებულის ოჯახმა კი ამ თანხის ნახევარი მიიღო. იმ სეზონში როჯერ კლემენსმა, მხოლოდ გუნდთან გაფორმებული კონტრაქტით, 5 მილიონზე მეტი მიიღო. 2003 - კლემენსი ევროტურზე ჩადის და მილანის ერთ-ერთ სასტუმროში 8 დღე ცხოვრობს. როჯერი სასტუმროდან გამოწერისას თანხის მაგივრად მადლობას იხდის. 1984 წლიდან როჯერ კლემენსს მხოლოდ კონტრაქტებით გამომუშავებული აქვს 279 მილიონი დოლარი.

სერგეი ფიოდოროვი (ჰოკეისტი, სტენლის თასის სამგზის მფლობელი, 1994 წლის MVP )
რუსი ყველგან ექსტრავაგანტური იყო - ყინულზეც, პირად ცხოვრებაშიც. 20 თვე სერგეის ცოლი ანა კურნიკოვა იყო. ფიოდოროვის პირველი საჩუქარიც ძალზე ორიგინალური გახლდათ - კურნიკოვა ქალის საცვლის ბუტიკების ქსელის My Boudoir-ს მფლობელი გახდა. სერგეიმ 7 ბუტიკში თითქმის 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. როგორც კი ფიოდოროვი და ანა დაშორდნენ, კურნიკოვამ ბუტიკები ჯერალდინა ნიუვალს 7.75 მილიონად მიჰყიდა.

დევიდ რობინსონი (კალათბურთელი, 1995 წლის MVP, NBA-ს ორგზის ჩემპიონი)
ადმირალი ყოველთვის წესიერი, სამაგალითო ადამიანი იყო. პირველი სამოყვარულო ხელფასით ტეხასში სამხედრო აკადემიის პირველწლიანებს სპორტული ამუნიცია უყიდა. NBA-ს ლეგენდა გახდა და, თავისთავად, გაიზარდა მისი შემოსავალიც. რობინსონმა 1993-2006 წლებში ტეხასში 12 ეკლესიის მშენებლობა დააფინანსა და სამხედრო აკადემიას აუშენა სპორტული კომპლექსი, რომელსაც 7 მილიონი დოლარი დაახარჯა.

კომენტარები