Haute Couture - მოდური ანაქრონიზმი

დიორი
 მაღალი მოდა ანუ ოტ კუტური მხოლოდ რჩეული მოდის სახლების ხვედრია – სახელოსნო პარიზში, მაღალი სტანდარტების არტიზანული წარმოება, მხოლოდ საუკეთესო მასალები და საფრანგეთის მოდის სინდიკატის კეთილგანწყობა აუცილებლი პირობებია იმისთვის, რომ ტანსაცმელს ოტ კუტური ეწოდოს. ეს ყველაფერი ბრიტანელ ჩარლზ ფრედრიკ ვორს „ბრალდება”. სწორედ მან დააარსა პირველი პრესტიჟული სამკერვალო სახლი 1858 წელს პარიზში და ამით ოტ კუტურის ტრადიცია პარიზისგან განუყრელი გახადა. იმ დღიდან მოყოლებული, უავტორო ტანისამოსმა სოციალური კონტექსტი და კონკრეტული ავტორი შეიძინა.
ოტ კუტურის ოქროს ხანად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ითვლება, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ, ძველი ბრწყინვალების დაბრუნების მიზნით და ომის შემდგომ განადგურებული ეკონომიკის განვითარების სურვილით, ტექსტილისა და ტანსაცმლის ინდუსტრიის სუბსიდირება დაიწყო. ამ სწრაფად მზარდი სფეროს რეპუტაცია მაღალ ხარისხზე იყო დამოკიდებული. ამიტომ შეიქმნა საფრანგეთის მოდის სინდიკატი, რომელიც მოდის სახლებს მართავს. მის თითოეულ წევრს ევალება ისეთი აუცილებელი პირობების დაცვა, როგორიცაა გარკვეული რაოდენობის ხელოსნების დაქირავება და ყოველი სეზონისთვის დადგენილი რაოდენობის მოდელების შექმნა. სამკერვალო ატელიეები წერილით მიმართავენ სინდიკატს, რომელიც განიხილავს თხოვნას, სინდიკატი კი, თავის მხრივ, ყოველწლიურად აქვეყნებს იმ სახლების სიას, რომლებსაც ოტ კუტურის სახელი ერგებათ.
კრისტიან დიორმა და კრისტობალ ბალენსიაგამ ომის შემდგომი ოტ კუტური ლეგენდარულ ტანისამოსად აქციეს. ევროპული არისტოკრატია და სოციალური კიბის მწვერვალზე მყოფი მდიდარი ამერიკელები იმ პერიოდში მხოლოდ ოტ კუტურს უკვეთავდნენ, დღეს კი ეს ტანსაცმელი ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლქციებში ინახება, როგორც არტეფაქტი.
დღეს მსოფლიოში მხოლოდ ორასამდე ქალბატონია, ვინც ოტ კუტურს იცვამს და ამ ერთგვარ პრივილეგიაში ისინი ასტრონომიულ თანხებს იხდიან. ოტ კუტურის ფასი 20 000 ევროდან იწყება, ხოლო საღამოს კაბა 100 000 ევრო ღირს. ამ ექსკლუზიურ კლუბს თავისი წესები აქვს, სადაც წარმომავლობასა და რეკომენდაციას დიდი წონა აქვს. დიზაინერი თავად აკონტროლებს თითოეული მოდელის შექმნას, კლიენტის სახელი კი არასდროს არ ხმაურდება. მიუხედავად ამისა, ოტ კუტური ანაქრონიზმია, ანაქრონიზმი, რომელიც ერთ დროს სოციალური სტატუსის, წარმატებისა და საფრანგეთის სიამაყის მიზეზი იყო, დღეს კი გადარჩენის გზებს ეძებს. პრეტაპორტე ხაზის განვითარებამ, გლობალიზაციამ და ახალი ბაზრების გაჩენამ შეუძლებელი გახადა იმ ტემპისა და ხარისხის შენარჩუნება, რომელსაც ოტ კუტური მოითხოვს.
უკანასკნელ პერიოდში ბევრი მოდის სახლი დაიხურა. ბოლოს კრისტიან ლაკრუამ შეწყვიტა არსებობა. მდიდარი და გავლენიანი კომპანიები, რომლებსაც დიდი პრეტაპორტე წარმოება აქვთ და სხვა სახის პროდუქციასაც უშვებენ - ძირითადად პარფიუმერიას და ტყავის აქსესურებს - ჯერ კიდევ ახერხებენ ოტ კუტურ კოლექციების დაფინანსებას. საფრანგეთის მოდის სინდიკატი კი უფრო ლმობიერი გახდა: შანელისა და დიორის გვერდით ასოცირებულ წევრებსაც იღებს სხვა ქვეყნებიდან. ტრადიციული პარიზული ბრენდები ოტ კუტურს უკვე თავიანთი ესთეტიკისა და პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ და ამიტომაც ხშირად ცნობილ სახეებს პომპეზურ მიღებებზე თავად სთავაზობენ ტანისამოსს.
შემოდგომა 2010 ოტ კუტურ მოდის კვირეული პარიზში მხოლოდ ივლისის სამ დღეს გრძელდებოდა. ცნობილ სახელებს შორის კრისტიან დიორი, ჟივანში, შანელი, ვალენტინო და ჟან პოლ გოტიე იყვნენ.
კრისტიან დიორის სახლის დიზაინერმა ჯონ გალიანომ თეატრალური არტისტიზმი და სახლის ტრადიციები კიდევ ერთხელ გააერთიანა. მისი ჩვენება გიგანტური ჭრელი ტიტების ფონზე იშლებოდა და მოდელებიც ყვავილებზე დიდი დაკვირვების შემდეგ შეიქმნა. ყვავილების ფოთლები იკითხებოდა კოსტიუმების დეკორირებაში, სილუეტი კი, ძირითადად, კრისტიან დიორის 1957 წლის კოლექციის ლაიტმოტივის, ტიტას რეპლიკა გახლდათ. მოდელების თავსაბურავები, რომლებიც სტივენ ჯონსმა შექმნა, ფლორისტების ატრიბუტიკა იყო - ყვავილების შესაფუთი პოლიეთილენი, მწვანე, წითელი და იასამნისფერი.
შანელის მემორიალურ ბინაში, მაგიდაზე, პატარა ოქროს ლომი დგას, რომელსაც თათი მარგალიტზე უდევს - თავად კოკო ლომის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული. სწორედ ამ ლომის ოცმეტრიანი მეგასკულპტურა დადგა კარლ ლაგერფილდმა გრან პალეში და ჩვენება ამ მონუმენტური ცხოველის ირგვლივ გამართა, მოდელები კი გიგანტური მარგალიტიდან გამოდიოდნენ. თითოეულ კოსტიუმში სხვადასხვა სიგრძე იყო გათამაშებული - მოკლე პიჯაკი და გრძელი ქვედატანი, ბუკლე ქსოვილები, ნაქარგი, ბეწვი, ღვინისფერი და აქლემისფერი ტონალობები, მძიმე ბიჟუტერია. ფინალში კი თვალისმომჭრელი წყვილი გამოვიდა: ქალი მოდელი თეთრი კოსტიუმით და სმოკინგიანი მამაკაცი, რომელსაც ლომის თავი ეხურა და პრიალა ჩექმები ეცვა - ეს იყო ერთგვარი თვითირონია კარლ ლაგერფილდის ახლანდელ იმიჯზე.
ჟან პოლ გოტიემ, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა კონტრაქტი ერმესის პრესტიჟულ სახლთან, თანამშრომლობა დაიწყო ქალის საცვლების ლუქს ბრენდ ლა პერლასთან. შეიძლება ამიტომაც თავისი კოლექციის ინსპირაციად სტრიპტიზი, ქალის ეროტიკული საცვლები შეარჩია და მილიტარისტულ ქურთუკებს დაუკავშირა. გაზვიადებული პროპორციები, მაღალი ხარისხის შავი გაბარდინი და მძაფრი ზურმუხტისფერი ატლასის საღამოს კაბები კი სურრეალისტურ ვარცხნილობასთან ერთად აჩვენა.
სტრიპტიზისა და კორსეტის დიდი ენთუზიასტი დიტა ფონ ტისი ამ ჩვენების სპეციალური სტუმარი იყო - ის გამოვიდა გრძელი შავი კაბით, რომელიც პოდიუმზევე ნაწილ-ნაწილ დაშალა და დარჩა ხორცისფერ კორსეტში, რომელიც, თავის მხრივ, შავი კრისტალებით მოქარგულ ჩონჩხში იყო გამომწყვდეული.

კომენტარები