საქართველოს მთის დაცარიელება - რატომ არის ეს ცუდი

ამ აგვისტოს სვანეთში ვიმოგზაურე. იქ ბევრი რამ არის კარგი და საინტერესო, ბუნებისა და ისტორიული ძეგლების ჩათვლით. მაგრამ ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ სვანეთი არის დასახლებული რეგიონი, სადაც ბევრი ადგილობრივი ბავშვი და ახალგაზრდა ცხოვრობს და სადაც ამჟამად ძალიან აქტიურად ვითარდება ტურისტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ეს ცოცხალი რეგიონია.

საქართველოს ჩრდილოეთში მდებარე სხვა მთიან რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა. ეს განსაკუთრებით ხევსურეთს და თუშეთს ეხება. ზამთარში ამ ორ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება. თუკი არსებული ტენდენცია არ შეიცვლება, ამ რეგიონების სრული დაცლა მოსახლეობისგან უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.

საქართველოს მთის რეგიონების მოსახლეობისგან დაცლაში გადამწყვეტი როლი ბოლშევიკურმა რეჟიმმა ითამაშა. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ხევსურეთში დაახლოებით 6 500 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლშევიკების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, 1950-იანი წლებისთვის ხევსურეთის დემოგრაფიული ბაზა ხელოვნურად განადგურდა ჯერ რეპრესიების, შემდეგ კი იძულებითი გადასახლების მეშვეობით. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გადასახლებულთა ნაწილი დაბრუნდა მთაში, მაგრამ ამჟამად ხევსურეთი კვლავ იცლება.

ამ პროცესს კონკრეტული მიზეზები აქვს. ასეთ მიზეზთა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია ის გარემოება, რომ პირიქითა ხევსურეთში არ არსებობს არავითარი სატელეფონო კავშირი, მათ შორის – არც მობილური. ეს უამრავ პრაქტიკულ პრობლემას ქმნის – მაგალითად, ზამთარში სერიოზული დაავადების შემთხვევაში ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის ძალზედ რთულია სამედიცინო დახმარების მიღება, რადგან სამანქანო გზა ზამთარში იკეტება, ადგილზე სამედიცინო დაწესებულება არ არსებობს, ხოლო ვინმეს შეტყობინება პრობლემის შესახებ შეუძლებელია, მობილური კავშირის არარსებობის გამო. ამ ტიპის პრაქტიკული პრობლემები ხევსურეთის და თუშეთის მოსახლეობას მრავლად აქვს.

ხევსურეთის და თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მათი მოსახლეობისგან დაცლა ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ეს რეგიონები მოიცავენ უღელტეხილებს კავკასიონის მთავარ ქედზე, მათ შორის ორ უღელტეხილს, რომლებზეც სამანქანო გზები გადის.

ამას ემატება ისიც, რომ ხევსურეთის ნაწილი და თუშეთი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობენ. ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ისინი ჩრდილოეთ კავკასიას ეკუთვნიან. ამასთან ერთად, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან საქართველოში გადასასვლელები მხოლოდ ამ ორ რეგიონზე გადის, ძირითადად კი ხევსურეთზე. თუკი გავითვალისწინებთ ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ დაძაბულ ვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო კონტროლი ამ რეგიონთან მიმდებარე საქართველოს საზღვრის მონაკვეთებზე. მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში სახელმწიფო უწყებების, მათ შორის მესაზღვრეების მუშაობა უაღრესად გართულებული იქნება.

უფრო ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად აუცილებელია კონტროლი საქართველოს ფარგლებში შემავალ კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებზე. ხევსურეთის და თუშეთის სრული დაცარიელება ასეთ კონტროლს გაართულებს. შესაძლოა, დღეს ეს ვინმეს არააქტუალურად მოეჩვენოს იმ ორი დიდი „ხვრელის” გამო, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე არსებობს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის სახით, მაგრამ ადრე თუ გვიან ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და ეს „ხვრელები” ჩაიკეტება. ჩრდილოეთ კავკასია კი ძალიან დიდი ხნის მანძილზე დარჩება არასტაბილურ და სახიფათო რეგიონად – იმის მიუხედავად, იქნება თუ არა იგი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, კონტროლი ხევსურეთის და თუშეთის მთიან გადასასვლელებზე საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. ამ რეგიონების სრული დაცარიელების შემთხვევაში, მომავალში იქ ადამიანთა დასახლების ნულიდან დაწყება რთული იქნება. საჭიროა დაცარიელების პროცესის შეჩერება დღესვე.

ხევსურეთი და თუშეთი იმ გამონაკლისი შემთხვევის მაგალითებია, როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად ეკონომიკურად თვითმყოფადნი არიან ან შეიძლება იყვნენ ეს რეგიონები. მნიშვნელოვანია მათი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
დასახლებული ტერიტორიის ფართობის და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, ხევსურეთი და თუშეთი სვანეთზე შეუდარებლად უფრო პატარა რეგიონებია. მათი განვითარება შედარებით მცირე ფინანსური რესურსების ინვესტირებას მოითხოვს.

სვანეთში არსებული პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და იქ მიმდინარე დინამიკური განვითარება დადებით მაგალითს წარმოადგენს. სვანეთის პოზიტიური გამოცდილება უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა მთის რეგიონებთან მიმართებაშიც.

კომენტარები