ნაბუქო ფართოვდება: ევროპას გაზს ერაყიც მიაწოდებს

 აგვისტოს ბოლოს ნაბუქოს მმართველმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება თურქეთთან შემაერთებელი ორი მკვებავი მილსადენის მშენებლობის დაწყების შესახებ. აქედან ერთი საქართველოზე, ხოლო მეორე ერაყზე გადის. ამ გზით ნაბუქო გაზის სამი ძირითადი წყაროდან მომარაგდება: აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ერაყი.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას: თურქეთი აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად 11 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. გადაზიდვები 2017 წლიდან დაიწყება და, სავარაუდოდ, ამ გაზის ნაწილით ნაბუქოც ისარგებლებს. პარალელურად, ჩრდილოეთ ერაყი მზადაა, ნაბუქოს გაზის საკუთარი რესურსები მიაწოდოს.
კონსორციუმის განცხადებით, ნაბუქოს გაზსადენი, 2018 წლამდე, დამატებითი კომპრესორი სადგურის აშენების შემდეგ, ყოველწლიურად 8-10 მილიარდი კუბური მეტრით ზრდის პირობებში, უკვე შეძლებს სრული დატვირთვით მუშაობას. იმედი, რომ ჩრდილოეთ ერაყში არსებული გაზის მარაგები ნაბუქოს პროექტს ახალ სიცოცხლეს აჩუქებდა, 2009 წლის მაისში გაჩნდა: გაზის მოცულობა – ყოველდღიურად დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი – ნაბუქოს აშენების ფინანსურ გამართლებად გამოდგა. ნაბუქოს პროექტში ერაყის ჩართვის გაჟღერებამდე რამდენიმე დღით ადრე გააქტიურდა რუსეთიც. რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ბულგარეთის, იტალიისა და სერბეთის ენერგოკომპანიებთან კონკურენტი მილსადენის – სამხრეთის ნაკადის მშენებლობის დაჩქარებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმებები ნაბუქოსთვის განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო, რადგან პროექტის მომგებიანობასთან დაკავშირებით ეჭვები ისედაც არსებობდა. ერაყული გაზის გამოყენების შესახებ განცხადებამ კი ცხადყო, რომ ნაბუქო სამხრეთის ნაკადთან ასე იოლად დანებებას არ აპირებდა.
ევროკავშირი ნაბუქოს პროექტთან დაკავშირებით განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა. 2008 წლის 13 აგვისტოს, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და ბაქო-ერზრუმის გაზსადენი უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა. ერთი კვირით ადრე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა შეაჩერა მუშაობა თურქეთში კომპრესორ სადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო. ბათუმის ნავთობტერმინალიც შეფერხებებით მუშაობდა რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო. პრობლემურმა სატრანსპორტო ხაზებმა მკვეთრად შეამცირა აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის წარმოება.
ევროკავშირის წუხილს რუსეთის ენერგობაზარზე მიმდინარე პროცესებიც იწვევდა. ამ პერიოდში, Shell-სა და BP-ის გაზპრომის სასარგებლოდ საკუთარი აქტივების იძულებით დათმობა მოუწიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის პირას იდგნენ. მიუხედავად ამისა, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა ევროპულმა ქვეყნებმა არ გამოიყენეს მის მიმართ ეკონომიკური სანქციები.
შედეგმაც არ დააყოვნა და სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირმა პასუხად გაზის კრიზისი მიიღო.
ევროპა ბუნებრივი აირის მეოთხედს რუსეთიდან იღებს. ამ გაზის 80% უკრაინაზე გადის. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ბულგარეთი, მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ენერგოგიგანტზე – გაზპრომზე. ამდენად, როცა 2009 წლის იანვარში რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ფასზე უთანხმოება ენერგობლოკადაში გადაიზარდა, ბულგარეთი და ევროპის კიდევ 17 ქვეყანა გაყინვის პირას დადგა.
უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების კვალდაკვალ, ქვეყანა ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში რუსეთისკენ გადაიხარა. 2010 წლის აპრილში ხელმოწერილი ხელშეკრულებების თანახმად კი, სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის განთავსების ვადის 32 წლით გახანგრძლივების სანაცვლოდ, უკრაინამ რუსულ გაზზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღო. ამ შეთანხმებიდან ერთი თვის თავზე, 2010 წლის 28 მაისს, რუსეთის გაზპრომმა და უკრაინის ნაფტოგაზმა პარიტეტულ საწყისებზე საერთო კომპანია დააფუძნა, რაც მომავალში ორი გიგანტის პოტენციური შერწყმის წინაპირობად მოიაზრება.
უკრაინაში გაძლიერებული პოზიციების პარალელურად, რუსეთი ძალას კარგავს ბულგარეთში. ბულგარეთის ახალმა მთავრობამ უარი თქვა სამხრეთის ნაკადის გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე. ქვეყანა არც ბურგას-ალექსანდროპოლისის ნავთობსადენის და არც ბილინის ატომური სადგურის პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთის გაუთავებელი მტკიცების მიუხედავად, თითქოს, სამხრეთის ნაკადისთვის საკმარისი გაზის მარაგი არსებობს, გაზპრომი ვერასდროს ასახელებს კონკრეტულ წყაროებს; მაშინ, როცა წინასწარი გათვლებით, პროექტი 30 მილიარდი დოლარი ჯდება, არც დაფინანსების წყაროებია საჯარო.
გერმანიას, რომელიც რუსეთის ყველაზე ახლო მეგობრად ითვლება, სამხრეთის ნაკადისადმი მხარდაჭერა საჯაროდ ერთხელაც არ დაუდასტურებია. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა არ არის ნაბუქოს პროექტის ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ყაზახეთში ვიზიტისას, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან ნაბუქოსთვის გაზის მიწოდების საკითხიც განიხილა.
ნაბუქოს 3 300-კილომეტრიანი მილსადენი გვერდს აუვლის რუსეთს, კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის გაზის მაგისტრალს და თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის გავლით, გაზს ევროპულ ბაზრებამდე მიიტანს. მშენებლობის დაწყება 2011 წელს იგეგმება და უკვე სამი წლის შემდეგ მის ამოქმედებას ვარაუდობენ.
გაზის წყაროებისა და მათი ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირებით ევროპა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე – რუსეთზე დამოკიდებული აღარ იქნება. კითხვას – თუ როგორ შეძლებს კასპიის ნავთობი და ბუნებრივი გაზი რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ბაზრებამდე მიღწევას, პირველი პასუხები 2006 წლის ივნისსა და დეკემბერში გაეცა, როცა ჯერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ხოლო შემდეგ, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენები ამოქმედდა.
მანამდე, ტრადიციულად, კასპიის ნავთობი დასავლურ ბაზრებს რუსეთის შავი ზღვის ტერმინალებიდან მიეწოდებოდა. თუმცა ამან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში საცობები და გარემოს დაბინძურების პრობლემა წარმოშვა. შედეგად, ბოსფორის სრუტისთვის გვერდის ამვლელი რამდენიმე პროექტი შემუშავდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების პირველი პირდაპირი დამაკავშირებელი იყო, რომელიც როგორც თურქეთის სრუტეებს, ისე რუსეთს უვლიდა გვერდს. ამერიკამ მხარი ამ, ეკონომიკურზე მეტად, გეოპოლიტიკურად მომგებიან პროექტს დაუჭირა – ის არ კვეთდა არც რუსეთს, არც სომხეთს, არც ირანს; ამდენად, დასავლეთსა და აზერბაიჯან-თურქეთს შორის კომპრომისს ბადებდა.
დღეს ნავთობსადენების რამდენიმე პროექტი არსებობს. ბურგას-ალექსანდროპოლისის ნავთობსადენის გარდა, რომლის დიდი წილის მფლობელიც რუსეთია, ყველა პროექტი ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ არის ინიცირებული – თუმცა, არც ერთ ამ პროექტთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროგრესი არ შეინიშნება.
არის ერთი სირთულეც – კასპიის რეგიონიდან ნავთობის ტრანსპორტირება რამდენიმე გზით შეიძლება, გაზის შემთხვევაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საშუალება – მილსადენი არსებობს. დღესდღეობით ერთადერთი გაზსადენი, რომელიც კასპიის გაზს დასავლეთისკენ რუსეთის გვერდის ავლით ატარებს, თბილისზე გადის – ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით, რომელიც 2006 წლის დეკემბერში ამოქმედდა. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის მილსადენების სხვადასხვა პროექტები არსებობს. მათგან ევროკავშირი და აშშ ერთხმად მხოლოდ ერთს – ნაბუქოს პროექტს – უჭერს მხარს.
სანამ დასავლეთში ხსენებულ პროექტებზე დებატები არ წყდება, ჩინეთი ორივე ფრონტზე პოზიციების გამყარებას ცდილობს: ამ სახელმწიფომ უკვე გამოიყვანა ნავთობსადენი ყაზახეთიდან; შარშან დეკემბერში კი, თურქმენეთ-ჩინეთის მილსადენის მშენებლობა დაიწყო.
შარშან ჰადსონის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ გაზპრომი მზად იყო მცირე მოგების შემთხვევაშიც კი გამოეყენებინა საკუთარი მილსადენები. ამ სვლით რუსეთი ალტერნატიული პროექტების განვითარების, ხოლო ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით – კონკურენციის შანსს კლავს. შედეგად, რუსეთი მიიღებს მილსადენების ქსელს, რომელსაც მხოლოდ თვითონ გააკონტროლებს. ამ შემთხვევაში, ჰადსონის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ზეინო ბარანის აზრით, რუსეთი ენერგეტიკულ შანტაჟს უფრო მასშტაბურ სახეს მისცემს და გაზის სანაცვლოდ, ევროპას პოლიტიკურ ქრთამს უფრო ადვილად დასტყუებს. სწორედ ამიტომაც, ევროკავშირს დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება, გამოიმუშაოს ენერგეტიკული სტრატეგია, რომელშიც შავი ზღვის რეგიონი არა არასტაბილურობის, არამედ გარკვეული შესაძლებლობების კერად მოიაზრება.

კომენტარები