50 ნოვატორი კომპანია

The Daily Beast-მა 50 ნოვატორი კომპანია გამოავლინა. მთავარი კრიტერიუმი პატენტებისა და თანამშრომლების რაოდენობის თანაფარდობა იყო. მკვლევართა აზრით, ნოვატორობის გასაზომად მხოლოდ პატენტების მექანიკური ჯამი საკმარისი არ არის: მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ყოველ კომპანიაში თითო თანამშრომელზე რამდენი ნოვაცია მოდის. კვლევამ ერთ-ერთ ფაქტორად გაითვალისწინა ბაზრის კაპიტალიზაციაც, ანუ თვითონ მომხმარებელი რამდენად ნოვატორად და კონკურენტუნარიანად მიიჩნევს ამა თუ იმ კომპანიას.
The Daily Beast ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური ვებგვერდია. მისი დამფუძნებელი ცნობილი ჟურნალების – Vanity Fair და The New Yorker – ყოფილი რედაქტორი თინა ბრაუნია. ვებგვერდზე მკითხველს შეუძლია გაეცნოს, როგორც ორიგინალ მასალებს, რაც გამოცემის მესამედს შეადგენს, ასევე, სხვა გამოცემების მიერ დაბეჭდილ სტატიებსაც.
The Daily Beast-ის კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა კომპანიამ – InterDigital Communications, რომელმაც მობილური ტელეფონებისთვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტ ჩამოტვირთვის სისტემა განავითარა, კვლევისთვის საინტერესო პერიოდში – 2005-2009 წლებში, თითო თანამშრომელზე პატენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, სულ, 717 პატენტი დააგროვა. პირველ ნომერს ყველაზე ნაკლები – 299 თანამშრომელი ჰყავს და, ამ პარამეტრის მიხედვით, დანარჩენ კომპანიებს დაახლოებით 73-ჯერ ჩამორჩება.
საყოველთაოდ ცნობილი კომპანიები, მაგალითად, Intel, Microsoft, Samsung, Sharp, LG, Fujifilm, Canon, მართალია, მოხვდნენ ორმოცდაათეულში, მაგრამ საპრიზო ადგილებიდან ძალიან შორს – 29-ე, 34-ე, 35-ე, 42-ე, 44-ე, 45-ე და 49-ე ადგილებზე, შესაბამისად.
ყველაზე მეტი – 186 897 თანამშრომელი ჰყავს კომპანიას Canon, რომელმაც შარშან შემოდგომაზე ფოტოსფეროში ახალი ტექნოლოგია დანერგა – ხმით კონტროლი: ერთი სიტყვა და ფოტოაპარატის დისპლეის სიმკვეთრე თუ სხვა პარამეტრი მფლობელის სურვილისამებრ შეიცვლება. 2005-2009 წლებში, კომპანიამ 10 ათასზე მეტი პატენტი დააგროვა. 49 მილიარდდოლარიანი ბაზრის კაპიტალიზაციით კომპანია The Daily Beast-ის კვლევაში ბოლოს წინა ადგილს დასჯერდა.
ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 227 მილიარდი დოლარი აქვს კომპანიას Seiko Epson, რომელიც ცნობილია საბეჭდი კარტრიჯების ტექნოლოგიით. თავის 79 ათასზე მეტ თანამშრომელთან ერთად, კომპანიამ 2005-2009 წლებში 6 ათასამდე პატენტი დააგროვა და რეიტინგში 39-ე ადგილზეა.
ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 61 მილიონი დოლარი აქვს კომპანიას OKI Electric, რომელმაც იაპონიაში პირველი ტელეფონი შექმნა. შარშან, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოიგონა მიკროპროტექტორი, რომელიც ტელეფონის ხმაურს და მის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს. თავის 18 ათასამდე თანამშრომელთან ერთად, კომპანიამ 2005-2009 წლებში, ათასზე მეტი პატენტის დაგროვება შეძლო.
ნოვატორული იდეების მრავალფეროვნების ნაკლებობას ყველაზე მეტად ქსელური მყარი დისკების (networking hardware) ინდუსტრია განიცდის. ამ ინდუსტრიაში კვლევამ ნოვატორი მხოლოდ ერთი კომპანია – Juniper Networks გამოავლინა. 432 პატენტით, 7 ათასზე მეტი თანამშრომლითა და 13 მილიარდ დოლარამდე ბაზრის კაპიტალიზაციით კომპანია რეიტინგში 47-ე ადგილზეა.
ნოვატორული იდეებით ყველაზე მდიდარია გადამყვანების (semiconductors) (რომლებიც ძირითადად მიკროსქემების დასამზადებლად გამოიყენება) ინდუსტრია. ამ ინდუსტრიაში 22 კომპანია ფლობს პატენტს, ციფრული ვიდეოს წაკითხვიდან დაწყებული და მართვის პულტების პროგრამირებით დასრულებული.
მექანიკური დაჯამებით, ყველაზე მეტი პატენტის მფლობელია კომპანია Samsung Electronics, რომლის მთავარი გამოგონებაა ყველაზე დიდი მეხსიერების მქონე ჩიპი. 2005-2009 წლებში კომპანიამ 14 ათასამდე პატენტის დაგროვება შეძლო.

კომენტარები