საფრანგეთის საპენსიო სისტემა გაკოტრების ზღვარზე

საპროტესტო აქცია ლილში
 გასულ სამშაბათს საფრანგეთი მორიგმა გაფიცვამ და მანიფესტაციამ მოიცვა. პოლიციის ინფორმაციით, მანიფესტაციაში 1,1 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. პროფკავშირები კი ამტკიცებენ, რომ მონაწილეთა რაოდენობა 2,7 მილიონი იყო.
გაფიცვის მიზეზი პრეზიდენტ სარკოზის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმაა, რომელიც საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას გულისხმობს. ინიციატივის განხილვა პარლამენტის ქვედა პალატამ სამშაბათს დაიწყო.
საქმე ისაა, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთში შობადობამ იკლო, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი გაიზარდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 65 წელს გადაცილებულთა ხვედრითი წილი საფრანგეთის მოსახლეობაში, დღეს თუ 25%-ია, 2050 წელს 50%-ს მიაღწევს. ეს მოცემულობა უზარმაზარი წნეხის ქვეშ ამყოფებს საფრანგეთის მოუქნელ საპენსიო სისტემას, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ადამიანები ვალდებულნი არიან თავიანთი ხელფასიდან გადაუხადონ პენსიონერებს ფული.
ეკონომიკურმა კრიზისმა ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან უმუშევრობამ იმატა და სოციალური გადასახადის ამოღება მკვეთრად შემცირდა. ვარაუდობენ, რომ საპენსიო ფონდის დეფიციტი 2010 წელს 32 მილიარდს მიაღწევს.
ყველა თანხმდება, რომ საპენსიო სისტემის რეფორმა აუცილებელია, და თუ დღეს არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული, მომავალი თაობა დაზარალდება.
მაგრამ როგორ?
დღევანდელი სისტემის ფარგლებში საპენსიო ფონდის დეფიციტის შემცირების ორი გზა არსებობს. ერთი – გაიზარდოს საპენსიო ფონდის კონტრიბუცია, მეორე კი – შემცირდეს პენსიები. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პენსიის შემცირებას საფრანგეთში მხარს არავინ დაუჭერს. რაც შეეხება კონტრიბუციის გაზრდას, ეს შესაძლებელია:
ა) დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდით;
ბ) სოციალური გადასახადის გაზრდით.
ბუნებრივია, პროფკავშირები გამოსავალს სოციალური გადასახადის გაზრდაში ხედავენ, მაგრამ ნიკოლა სარკოზიმ მათი წინადადება უარყო – საფრანგეთს ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური და მოგების გადასახადი აქვს განვითარებულ სახელმწიფოებს შორის, რაც თავისთავად უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების წარმოქმნას. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, ოპტიმალური გამოსავალი საპენსიო ასაკის გაზრდაა, რის შედეგადაც დასაქმებულთა წილი გაიზრდება, ხოლო პენსიონერთა რაოდენობა დაიკლებს.
პარლამენტის ქვედა პალატამ, რომლის უმრავლესობასაც სარკოზის პარტია – სახალხო მოძრაობის კავშირი (UMP) – წარმოადგენს, კანონპროექტის განხილვა სამშაბათს დაიწყო და, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს მიიღებს. ამის შემდეგ, ის ზედა პალატას გადაეცემა განსახილველად.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისზე წავიდეს. ქალებს, რომელთაც სამი შვილი ჰყავთ, საპენსიო ასაკის ზღვარი 60 წელი დაუტოვოს 2015 წლამდე. სარკოზი გამონაკლისის დაშვებას აპირებს ინვალიდებისთვის, მიუხედავად ინვალიდობის ხარისხისა.
OECD-ის ექსპერტი, მარტინ დურანი მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის გაზრდა მხოლოდ ნაწილობრივ დაარეგულირებს დეფიციტის პრობლემას. საფრანგეთს მეტი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეკონომიკა გამოასწოროს: ახალგაზრდების დასაქმება უნდა გამარტივდეს და ევროზონაში ყველაზე მაღალი (მთლიანი შიდა პროდუქტის 56%) საჯარო ხარჯები შეიკვეცოს.
მეტის გაკეთება კი, პროფკავშირების წინააღმდეგობის გამო, ძალიან რთულია, რადგან საფრანგეთს, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ძალაა ხელისუფლებაში, პროფკავშირები მართავენ გაფიცვების მეშვეობით. სწორედ პროფკავშირების დამსახურებაა 5-კვირიანი წლიური ანაზღაურებადი შვებულება, 35-საათიანი სამუშაო კვირა, 1983 წელს საპენსიო ასაკის 65 წლიდან 60 წლამდე დაწევა და ა.შ. შესაბამისად, პროფკავშირების წინააღმდეგობის დაძლევას და ინიცირებული საპენსიო რეფორმის წარმატებას ბევრი ექსპერტი სიმბოლურ მნიშვნელობასაც ანიჭებს, რადგან ის უკუაქცევს ფრანგებისთვის უკვე ნორმად ქცეულ ტენდენციას, რაც შეიძლება ცოტა იმუშაონ. ამას გარდა, რეფორმა საჭიროა იმისთვისაც, რომ უცხოელი კრედიტორები დარწმუნდნენ – საფრანგეთის მთავრობას უზარმაზარ სახელმწიფო ვალთან გამკლავება შეუძლია.
საპენსიო რეფორმის წარმატებამ, შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტის მომავალი განსაზღვროს. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ სარკოზის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სურს, მან ეროვნული ინტერესები საკუთარ რეიტინგზე მაღლა უნდა დააყენოს და არაპოპულარული რეფორმები გაატაროს, რადგან საფრანგეთის მოსახლეობამ, არა სარკოზის, არამედ მის რეფორმატორულ პროგრამას მისცა ხმა, რეფორმებმა კი დააგვიანა.

კომენტარები