ოთხიდან პირველი ნიუ იორკი

0 კომენტარი
ფოტო: ჰელმუტ ლანგი

 გულახდილად რომ ვთქვათ, მსოფლიო მოდა, მიუხედავად დიდი მრავალფეროვნებისა, ოთხი ქალაქის მოდის კვირეულებზე ყალიბდება და ვითარდება. ჯერჯერობით ამ ქალაქების კვირეული მზა ტანსაცმლის ინდუსტრიის სწრაფი განვითარებისათვის სრულიად საკმარისია.
ნიუ იორკი კონსერვატიულ, ზომიერად ნოვატორულ კოლექციებს გვთავაზობს. ლონდონი, მონარქიის მიუხედავად, ბრიტანული მუსიკისთვის დამახასიათებელ რევოლუციურ მუხტს ამ სფეროშიც იზიარებს და ხშირად თამამი და მოულოდნელი იდეებით შემოდის ასპარეზზე. მილანი ის ადგილია, სადაც ხელობა ტანსაცმლის შექმნის მაღალ ხელოვნებად იქცა. პარიზი კი ყველაფრის კრისტალიზაციას ახდენს და საბოლოოდ წინასწარმეტყველებს ყოველ მომავალ სეზონს.
გასულ ხუთშაბათს ნიუ იორკის კვირეული დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ასე გაცვეთილი, უტრირებული მხრების შემდეგ მინიმალიზმი თავის უკანასკნელ, ყველაზე გამოკვეთილ პერიოდთან მივიდა. 90-იანი წლები თამამად შეგვიძლია ახალ, ზოგად ტენდენციად განვიხილოთ.
რიჩარდ ჩაიმ, რომელიც დამოუკიდებელ კარიერას მეორე წელია აშენებს, აღნიშნა: „მე 90-იანების ბავშვი ვარ და ეს ყოველთვის შეიმჩნევა ჩემს ნამუშევრებში”. მან ხისტი ფორმები რომანტიკულ მინიმალიზმად წარმოადგინა, გამჭვირვალე აბრეშუმები და გაუმჭვირვალე ფაქტურები სხვადასხვა სიგრძის დეტალებთან ერთად გრძელ, ჰაეროვან სილუეტებად აჩვენა.
მარკ ჯაკობსი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული დიზაინერია, რომელიც ერთ სეზონზე სამ კოლექციას ქმნის – ორს საკუთარი ბრენდისათვის და ერთს ღრმად ბურჟუაზიული ლუი ვიტონისათვის. მარკ ჯაკობსმა ამჯერად ჰედონისტური 70-იანი წლების ციტირება მოახდინა, როგორც ყოველთვის, ოდნავ სიურრეალისტური, მაგრამ უაღრესად კომერციული ჭრელი კოლექციით, გიგანტური ორქიდეებით და ჩალის ქუდებით.
Y-3 იოჯი იამამოტოს შედარებით იაფიანი ხაზია, რომელსაც ის ნიუ იორკში აჩვენებს. ურბანული, პრაქტიკული ტანისამოსის კოლექციები, როგორც წესი, სპორტული ეკიპირების და მისი პირადი ესთეტიკის კომბინაციას წარმოადგენს. ისტორიული დეტალები აქ ყოველდღიურ ტანისამოსად იყო წარმოდგენილი, მაღალხარისხიანი ინოვაციური ქსოვილები და იამამოტოს საყვარელი ინდიგო, შავი და წითელი.
კრაფტის ქაღალდის ფაქტურას და ტონალობებს მიამსგავსა დონა კარანმა თავისი კოლექციის თითქმის ყველა მოდელი. ხან დაჭმუჭნული, ხან კი გახუნებული კრეპსატინის, მეტალის სარჟის და თხელი აბრეშუმის მოკლე ქურთუკები გრძელ, უსახელო კაბებთან ერთად აჩვენა. მიუხედავად თანამედროვე ქსოვილებისა, მათი დამუშავების გამო ტანსაცმელს სასიამოვნო ორგანული აურა ჰქონდა.
კელვინ კლაინი ამერიკული ოცნების და ამ ოცნების დიზაინის ერთ-ერთი ლეგენდაა. მოდის სახლს ამჟამად ფრანჩესკო კოსტა მეთაურობს. ის ზუსტად ხვდება ამ ცივი, მაგრამ ამავდროულად უაღრესად კომერციული ბრენდის ესთეტიკას. მან ორმხრივი აბრეშუმი, მინიმალისტური კონსტრუქცია და ვერტიკალური ნაკეცები გრაფიკულ ტანისამოსად აქცია. კლაინის კაბებსა და პიჯაკებზე თარგის დეტალები არქიტექტურულ ნახატს ქმნის, ჯიბე დეკორირების ელემენტად იქცევა, ხოლო სახელო – მონუმენტური დეტალია.
ნიუ იორკში მოღვაწე ავსტრიელ დიზაინერს ჰელმუტ ლანგს უკავშირდება 90-იანი წლების ინოვაცია და მინიმალიზმი. კომპანია პირადად ჰელმუტ ლანგის გარეშე სხვადასხვა მფლობელების ხელში განაგრძობს მოღვაწეობას, 2007 წლიდან კი კოლექციებს ცოლ-ქმარი მაიკლ და ნიკოლე კოლვოები ქმნიან. ამჯერად მათ მთავარ კონცეპტუალურ მოდელად თეთრი კრეპის უსარჩულო პიჯაკი და მიკროშორტები აირჩიეს, შემდეგ კი თავიანთი პრეზენტაცია ლანგისეული ლექსიკონით განაგრძეს – ასიმეტრიული კაბები, უსაყელო ქურთუკები და მინიმალისტური საღამოს სექსუალური კაბები.
მომავალ კვირას კი ლონდონი გველის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები