რაფაელმა მეცხრედ მოხატა

0 კომენტარი
ფოტო: ენდი როდიკი

 სეზონის ბოლო მეიჯორის ფინალში ვერ გავიდა როჯერ ფედერერი, სერენა უილიამსმა ტკივილგამაყუჩებლით თამაშს დასვენება ამჯობინა, ძმებმა ბრიანებმა ტაი ბრეიკების სერიით ტიტული მოიგეს და ამერიკელები ამერიკაში უფრო ტურისტები იყვნენ, ვიდრე ფავორიტები. ამერიკის ღია პირველობამ ბევრი საინტერესო ამბავი დაიტია და ბოლო, კაცების ფინალის დროს ჯონ მაკინროის ტელეწამყვანის სტუდიაში დაეძინა.
ამერიკული ჰარდის მეიჯორი იყო ერთადერთი, რომელიც რაფაელ ნადალს მოგებული არ ჰქონდა. ესპანელი ფინალამდეც ვერ გადიოდა. ის აგებდა ყველასთან, ვისაც სხვა ნებისმიერ ტურნირზე უშანსოდ ტოვებდა. მიშა იუჟნი, ენდი მარეი, ფედერერი, სხვებიც – ესპანელს ამერიკაში ყოველთვის რაღაც აკლდა და წლევანდელ ტურნირს რაფაელი საუკეთესო კონდიციებში შეხვდა.
ნადალი ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა, რაც ღია ერაში მანამდე მხოლოდ ოთხ ფინალისტს გაუკეთებია. ბადის მეორე მხარეს იყვნენ როჯერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. რამდენიმე წლის წინ ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნოვაკი მეორე ეშელონის ფავორიტი გახდა და ძირითადად, რვა, მაქსიმუმ ოთხ საუკეთესოში გადიოდა, სარეიტინგო ქულებს არ კარგავდა და უმოტივაციოდ აგებდა ნადალთან ან ფედერერთან.
ფინალამდე ჯოკოვიჩმა ხუთსეტიან ეპიკში ფედერერს მოუგო. ორი მატჩ ბოლი გამოუღო, ბოლო სეტის მეათე გეიმში როჯერს სმეში დაუბრუნა და ის გათამაშებაც მოიგო. ჯოკოვიჩი როჯერზე უკეთ გადაადგილდებოდა კორტზე, უშვებდა ნაკლებ შეცდომას და რომ არ ენერვიულა, ნახევარფინალს ნაკლებ დროში და სეტში მოიგებდა. მეხუთე სეტი ნოვაკმა 7:5 აიღო, ჯამში ფედერერზე 15 ქულით მეტი (163:148) მოიგო და ნადალ-იუჟნის დაელოდა.
რაფაელთან რუსმა ითამაშა ის, რაც იცოდა და ნადალმა ისე, როგორც მოინდომა. მომენტებში ესპანელი ისეთ დარტყმებს აბრუნებდა, რამდენჯერმე აპლოდისმენტები მიშასგანაც მიიღო. ნადალმა იუჟნის მასტერკლასი საათ-ნახევარში და სამ სეტში (6:2, 6:3, 6:4) ჩაუტარა. იუჟნიმ მაქსიმუმი გააკეთა და ახალ კლასიფიკაციაში კარიერაში მეორედ პირველ ათეულში შევა. რუსი სეზონის ბოლოს პრო-ტურის შემაჯამებელ ტურნირზე (ლონდონში) მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
ფინალში იყო 9 ბრეიკი, 21 გამოუყენებელი ბრეიკპოინტი, ნადალის დომინაცია, ჯოკოვიჩის ქარიზმა და ლოგიკური ფინალი. უბრალოდ, მეორე სეტის ბოლოს, როცა ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა რაფაელი, საერთო ანგარიში გაათანაბრა და გულში მუშტი შემოირტყა, სერბი უფრო იყო პოტენციური ჩემპიონი, ვიდრე ნადალი. და ილუზია მესამე სეტის სტარტზევე გაქრა. ნადალი აკეთებს ბრეიკს და მარათონული მეორე სეტის (71 წუთი) წაგების შემდეგ, ისევ წინ გადის.
ნადალმა ფინალი 6:4, 5:7, 6:4, 6:2 მოიგო და კარიერაში მეცხრედ გახდა დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი. ესპანელმა წელს მარტო ავსტრალიაში ვერ შეძლო ჩემპიონობა და მომდევნო სამ მეიჯორზე ინადალა. 24 წლის ფენომენს ფინალამდე სეტი არ ჰქონდა წაგებული და ბოლო მატჩში უფრო მეტჯერ წააგო საკუთარი მოწოდება (3), ვიდრე წინა 6 დაპირისპირებაში. ღია ერაში ნადალი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ოთხივე დიდი ტურნირი აქვს მოგებული.
ნადალი: „ფედერერი ყველა დროის საუკეთესოა და ბედნიერი ვიქნები, თუ როჯერის შედეგს მივუახლოვდები. მას 16 მეიჯორი აქვს მოგებული, მე – 9. კიდევ 7 ან მეტი დიდი ტურნირის მოგება რთული იქნება. როჯერიც ალბათ უტიტულოდ არ დარჩება. კონკურენცია გაიზარდა, მომდევნო სეზონიდან ბრუნდება დელ პოტრო, ვისთანაც ყოველთვის პრობლემები მქონდა. როჯერიც დაისვენებს და 2011-ში კარიერაში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულის დაცვა მომიწევს”.
ამერიკელებისგან ყველაზე მეტს მარდი ფიშისგან ელოდნენ. ბოლო 5 ტურნირიდან, ფიშს მოგებული ჰქონდა 3 და ერთი ფინალი ითამაშა. ნადალის ბადეში რომ ყოფილიყო, ფიში ალბათ უპრობლემოდ გავიდოდა ნახევარფინალში, მაგრამ მეოთხე წრეში ჯოკოვიჩს შეხვდა და სამ სეტში უფრო მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა, ვიდრე სუფთად ქულა აიღო. ფიშმა წააგო, მაგრამ კლასიფიკაციაში მაინც წინ წაიწია. მეოთხე წრემდე გავიდა კიდევ ერთი ორმეტრიანი იანკი სემ ქუერი და მერე შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან წააგო. 2011-ში ფედერერი და ვავრინკა დევისის თასზე ითამაშებენ. შვეიცარიასაც ტურნირის პოტენციური ფავორიტი გუნდი ეყოლება. ვავრინკამ მანამდე მარეი დაასტატისტა და შოტლანდიელის კარიერა კვლავ უმეიჯოროდ მიდის. ალბათ, ეგრეც დასრულდება.
პირველ კვირასვე მორჩა ყველაფერი ენდი როდიკისთვის. ამერიკელების ფეშენბოი ჩოგბურთზე თითქმის აღარ ფიქრობს, ბევრს და უაზროდ ცელქობს, მონაწილეობს გოლფის საჩვენებელ ტურნირებში სილვესტერ სტალონესთან და ლებრონ ჯეიმსთან ერთად, მწვრთნელები აჰყავს და ეგრევე უშვებს. როდიკი დაისვენებს და თუ მერეც იანკო ტიპსარევიჩის დონის ხალხთან წააგებს, თავისუფლად შეუძლია ჩოგბურთიდან გოლფზე ან პულზე გადავიდეს. როდიკს სეზონის ბოლომდე ხუთასამდე ქულა ექნება დასაცავი და იდენტური, ანუ უინიციატივო ჩოგბურთით ძალიან გაუჭირდება თუნდაც პირველ ოცეულში დარჩენა. ტიპსარევიჩმა ენდის 3:6, 7:5, 6:3, 7:6 მოუგო, 16 ეისი მოუწოდა და სამი ბრეიკი გაუკეთა. როდიკმა მიღებაზე 133 გათამაშებიდან მხოლოდ 23 აიღო.
ფედერერმა ამერიკული მეიჯორის ვერმოგებით წლის ბოლოს კლასიფიკაციაში ნადალის გადასწრების შანსი დაკარგა. ესპანელი კი ნებისმიერ შემთხვევაში სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს. ყველა დარჩენილი მატჩი რომც წააგოს.
ქალებში არ იყო სერენა და 6-7 მანდილოსანს თავისუფლად შეეძლო არტურ ეშის სტადიონზე ფინალში გასვლა და ფინალის მოგება. სხვებზე უფრო კიმ კლაისტერსს გაუმართლა. ბელგიელმა ფინალში რუს ვერა ზვონარევას 3 გეიმი მოაგებინა, 59 წუთში დაასრულა ყველაფერი და ტიტული დაიცვა. კიმისთვის ეს კარიერაში მესამე მოგებული სასლემოა და სამივეჯერ კლაისტერსი ამერიკაში ხდებოდა ჩემპიონი. ზვონარევა წელს მეორედ გადის სლემის ფინალში და მეორედ ახერხებს ბოლო მატჩის ერთ საათზე ნაკლებში წაგებას. უიმბლდონზე პატარა ვერას ზორბა სერენამ გადაუარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები