ცვლილებები პოლიციის კანონში

პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცავს უფლება ეძლევა, შეაჩეროს პირი, თუ გაუჩნდება „გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ”. გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი, ან გარშემომყოფთა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლიციელს შეეძლება ზედაპირულად, ტანსაცმელზე გარეგანი შეხებით, შეამოწმოს, არის თუ არა იგი შეიარაღებული. შესაბამისი საფუძვლის გაჩენის შემთხვევაში, შემოწმება ჩხრეკაში შეიძლება გადაიზარდოს.
კანონპროექტის თანახმად, პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს იმ გონივრულ დროს, რაც ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისათვის არის საჭირო. ამ პიროვნებას 5 დღის ვადაში აქვს უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების და შემოწმების კანონიერება. მას შეეძლება, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან დაუსაბუთებელი შეჩერების და შემოწმებისთვის.
კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა ეჭვი, რომ მსგავსი უფლებები პოლიციელის ხელში დისკრიმინაციის საშუალებად იქცეოდა. თუმცა, ახალი კანონი პოლიციას პრინციპულად ახალ ძალაუფლებას არ ანიჭებს. მოქმედი სამართლის ფარგლებში მას თავისუფლების შეზღუდვის ბევრად უფრო უხეში ზომების გამოყენება – დაკავება და ჩხრეკა შეუძლია.
რამდენიმეწუთიანი შეჩერება და ზედაპირული შემოწმება, რომელიც არ სრულდება დაკავებით და ჩხრეკით, ყოველთვის იყო პოლიციური საქმიანობის რუტინული ნაწილი, მაგრამ აქამდე ამ პრაქტიკის სამართლებრივი რეგლამენტაცია არ არსებობდა. ახალი კანონით მასზე სასამართლო კონტროლი დაწესდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცვლილებებს პროგრესულს უწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე, ამბობს, რომ სამართალდამცავების ვალდებულებაა, დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოება და, ამავე დროს, არ შელახონ ადამიანის უფლებები. „პოლიციელები ნებისმიერი გადაცდენისა, თუ კანონდარღვევისთვის ისჯებიან და დაისჯებიან”. შეჩერებისა და შემოწმების პროცესის სწორად წარმართვაც მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება. ზღულაძე მიესალმება და ელის საზოგადოებრივ მონიტორინგსაც. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, კანონში ჩადებული მუხლი კომპენსაციის შესახებ კიდევ ერთი გარანტიაა, რომ პოლიციელი ამ უფლებას ბოროტად არ გამოიყენებს. კომპენსაციის გადახდა ხომ სახელმწიფოს უწევს.
ცხადია, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი – შეჩერებისა და შემოწმების – პრინციპი მოქმედებს. ეს პროცედურა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო პროცესი შეჯიბრებითობას ეფუძნება – მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. საქართველო, რომელიც ასევე შეჯიბრებით პროცესს ამკვიდრებს, ძირითადად ამერიკულ გამოცდილებას იზიარებს.
 

კომენტარები