სმარტი ახალ მოდელებს რენოსთან ერთად გამოუშვებს

0 კომენტარი

სმარტმა თავისი ჯუჯა ავტომობილების ამერიკაში გაყიდვა შარშან დაიწყო და ერთობ წარმატებულადაც, მაგრამ წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დაიმლერის შტო იმედოვნებს, რომ ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებით, გაყიდვების მოცულობა გაიზრდება. ახალი ავტომობილების შემუშავებაში კი გერმანულ კომპანიას რენო-ნისანის ალიანსი დაეხმარება.
ახალ ავტომობილებს შორის, პირველი ახალი თაობის ფორთუ იქნება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ფრანგულ-იაპონური ალიანსი მიიღებს. ამას კი ოთხადგილიანი ავტომობილი მოჰყვება. დაიმლერსა და რენო-ნისანს შორის პარტნიორობის მთავარი მიზანი, საწარმოო ხარჯების შემცირებაა.
მალე სმარტ ფორთუს რესტაილინგი ჩაუტარდება და დაიმლერი იმედოვნებს, რომ ეს ავტომობილის გაყიდვებსაც გამოაცოცხლებს. რაც შეეხება ახალი თაობის მოდელს, ის ახალი რენო ტვინგოს პლატფორმაზე აიგება და ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება.
ფორთუს რესტაილინგური ვერსიის პარალელურად, სმარტი ოქტომბერში დაიწყებს მისი ელექტრული ვერსიის გაყიდვებს. ამ ელექტრომობილის შემუშავებაში დაიმლერს ელექტრომობილების მწარმოებელი კალიფორნიული კომპანია ტესლა მოტორზი ეხმარება, რომლის აქციების პაკეტიც გერმანულმა გიგანტმა შარშან შეისყიდა.
დაიმლერს სულ 250 ცალი ელექტრული სმარტ ფორთუს გაყიდვა აქვს დაგეგმილი. ამასთან, გაყიდვები მხოლოდ ლიზინგით იგეგმება. მყიდველს თვეში 599 დოლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, მყიდველთა უმეტესობა კორპორატიული კლიენტი იქნება და სმარტის ელექტრომობილების შეძენას მხოლოდ 50 კერძო პირი შეძლებს.
ორი წლის შემდეგ, ელექტრული სმარტ ფორთუ მოდერნიზაციას გაივლის. შეიცვლება მისი ინტერიერი, თუმცა მთავარი ისაა, რომ ენერგიის წყაროდ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს გამოიყენებენ. ამ აკუმულატორებს ჯუჯა ელექტრომობილისთვის დაიმლერისა და კომპანია ევონიკ ინდასტრიზის ერთობლივი კომპანია – დოიჩე აკუმოტივი დაამზადებს.
დაბოლოს, უკვე გადაწყვეტილია ოთხადგილიანი სმარტის წარმოება. შესაბამისი პროექტი შტუტგარტელებმა 2006 წელს შეაჩერეს. ეს ავტომობილი ფორთუს დაგრძელებულ პლატფორმას დაეყრდნობა. მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება და ძრავიც უკან მოთავსდება. იმავე პლატფორმაზე, ტვინგოს გრძელბაზიან ვერსიას რენოც გამოუშვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები