ტურიზმი

ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა, იმედი, შეიძლება, ცოტა გაგიცრუვდეთ. ეს ამბავი ბათუმს ეხება. აი, რა მინდა გითხრათ: არა აქვს მნიშვნელობა რა სიგრძის იქნება ბულვარი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეშენებელური სასტუმრო აშენდება, არც იმას აქვს მნიშვნელობა, პლაჟებზე კენჭები ოქროსფერი ქვიშით შეიცვლება თუ არა – ბათუმი ვერასდროს გახდება ახალი სენ-ტროპე. ცუდად არ გამიგოთ. არ ვამბობ, რომ ბათუმი არ არის ლამაზი ქალაქი, პირიქით, ვფიქრობ, შესანიშნავია, განსაკუთრებით, შემოდგომაზე. თუმცა, რაც შეეხება მედეას ქანდაკების ჩრდილში წინანდლის მწრუპავი მილიონობით დასავლელი ტურისტის ხილვას – ეს არ მოხდება. ბათუმი ნამდვილად იქნება სავსე საშუალო ფენის სომხებითა და აზერბაიჯანელებით, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სომხეთში ზღვა არ არის, აზერბაიჯანში კი ბევრი ნავთობია. სასწაული რომც მოხდეს და საერთოდ არ იწვიმოს, რატომ გადაიხდის ხალხი მეტს საქართველოს ზღვის სანაპიროზე დასვენებაში, როდესაც თურქეთში, ესპანეთში და ფლორიდაშიც კი შეიძლება გაცილებით იაფად დასვენება?

სხვა რამეც არის. სიღნაღი. ის ლამაზი, მართლა ლამაზი ქალაქია. მაგრამ სიღნაღი არც ტოსკანაა და არც პროვანსი. სამხრეთ ევროპის მთაგორიან ადგილებში ყველა პატარა ქალაქი თითქმის ამ ტიპისაა, სიღნაღი კი გაცილებით შორსაა. გარდა ამისა, „სიყვარულის ქალაქის” სიმბოლოდ ქცევა რაღაა? მგონი, პარიზი ამის სიმბოლოდ კარგა ხანია, რაც იქცა.

იმას კი არ ვამბობ, რომ საქართველო ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი. ეს ქვეყანა, ალბათ, ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილია, რაც კი მინახავს. მაგრამ, არასწორად ყიდით. საქართველოს ხიბლი ის არის, რომ ეგზოტიკური, განსხვავებული და ცოტაც ამაღელვებელი ქვეყანაა. ოღონდ არა ის ადგილები, რომლებიც დასავლური კურორტების ზედმეტად გადაპრანჭულ, დაბალფასიან ვერსიებს წააგავს. არც ერთი ფულიანი დასავლელი ტურისტი არ ჩამოვა საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სული აქვს, ნახოს, როგორი მომსახურებაა შავი ზღვის წვიმიან პლაჟებზე (ესეც ქარაგმა, რომ მომსახურების დონე ახლოსაც ვერ მივა სერვისთან ეგეოსის ზღვის მზიან პლაჟებზე). თუმცა, ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონისთვის, „ბეჭდების მბრძანებლის” მსგავსი სვანეთის, თუშეთისა და ხევსურეთის რეგიონებისათვის, უნიკალური ბუნებისა და გარეული ფრინველების ცქერისთვის და გასაოცარი კულტურის, საკვებისა და სასმელისათვის.

ცხადია, შესანიშნავია, საქართველო რომ ვითარდება, ახალი სასტუმროები რომ შენდება, რაღაც-რაღაცები რომ რესტავრირდება და მთელი ქვეყანა რომ „ევროპულ სტანდარტებს” – ამ ბუნდოვან ცნებას, ყველა მანტრასავით რომ იმეორებს – უახლოვდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში საუკეთესო არის ის, რაც მას დანარჩენი ევროპისგან განასხვავებს და არა ის, რაც ამსგავსებს. აბა, შეხვედრამდე, სენ-ტროპეში.

კომენტარები