კიმი მიქრის

კიმ კლაისტერსი
კიმ კლაისტერსი
 WTA-ს ერთი კვირის თავზე შევაჯამებთ. რამდენიმე უსახო ტურნირი მაინც დარჩა ჩასატარებელი და პრო ტურის გახუნებული, საღებავგაცლილი ვაგონიდან ჩამოსულ მგზავრებსაც დეტალურად მოგვიანებით გავშიფრავთ. დოჰაში მთელი ამ გაუგებრობის შემაჯამებელი ტურნირი, არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი მორჩა და ყველამ დიდი დოზით მიიღო საჩოგბურთო სიამოვნება. 

 მტვრიან თაროებს ტილოს გადაუსვამს ელენა დემენტიევა და თან ოჯახთან ერთად დაისვენებს, ჩოგბურთის ჰედლაინებსაც ჩამოშორდება და კარიერას 16 საერთეულო ტურნირის და ოლიმპიადის ჩემპიონად დაასრულებს, ტურმა კი რუს ქალბატონს დიდი მადლობა გადაუხადა. იქვე, დოჰას ცენტრალურ კორტზე შეკრებილი საზოგადოებიდან კი ყველამ იმდენი იტირა, რამდენიც შეძლო. ტიროდა ერთი ბუნჩულა, ჭორფლიანი და მაგარი საყვარელი გოგონაც. იმდენი იტირა, 20 წუთში კორტზე რომ გავიდა, ჩოგბურთის თამაში არ გახსენებია და ვერა ზვონარევასთან წააგო. ტირილშიც, წაგებაშიც და ერთი დღის შემდეგ, ფინალის მოგებაშიც, კიმ კლაისტერსი ყველაზე ალალი იყო. 
 
ბელგიაში კიმმა და ჟუსტინ ანენმა საჩოგბურთო ოაზისი ააგეს, რომელიც დღესაც მწვანეშია ჩაფლული. მერე, კიმი უცბად დაიღალა და წავიდა. შარლერუაში ორი ბოჩოლა იყიდა, მეგობრებთან ერთად სამხატვრო გალერეების ხშირი სტუმარი გახდა და ჩოგბურთი დაივიწყა. უბრალოდ, ჩოგბურთმა კიმი ვერ დაივიწყა და ხშირი მოკითხვით, შემაწუხებელი კომპლიმენტებით, კლაისტერსს ახალი გადაწყვეტილება მიაღებინა – კიმი დაბრუნდა.
 
დოჰაში კლაისტერსი დაბრუნების შემდეგ მეექვსე ფინალს ატარებდა და მეექვსედ გათიშა სატიტულო მოწინააღმდეგე. კიმს დაავიწყდა, რომ ფინალებს ხანდახან აგებენ და ისე აკრიფა, ასაკის განურჩევლად, მისი შემჩერებელი არ ჩანს. 
 
ფინალში ბელგიელმა მასტერკლასი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის ჩაუტარა. მშვიდად, 6:3 მოიგო პირველი სეტი. 4:1 წაიყვანა და მერე, მომდევნო 8 გეიმიდან შვიდის წაგებით ფინალი ფინალს დაამსგავსა და წააგო მეორე სეტი. დაისვენა, შესვენების დროს ჩაუსნიკერსა (კიმს მარსიც მაგრად უყვარს), ორჯერ ბანანს უკბიჩა და ტკბილად დაასრულა ყველაფერი მესამე სეტში – 6:3. 
 
კლაისტერსი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მონიკა სელეშს დაეწია. უფრო მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონატი კრის ევერტს (4), ქალბატონ შტეფი გრაფს (5) და ბატონ მარტინა ნავრატილოვას (8) აქვთ მოგებული. 
 
ჩოგბურთის პიარის, მობეზრებული ტურის გაახალგაზრდავების სურვილით, ბევრი მაგარი გოგო მიდის, ისვენებს და ბრუნდება. წავიდა კლაისტერსიც, მაგრამ დაბრუნდა არა საბანკო დავალიანების გასასტუმრებლად. ისე, მოუნდა და დაბრუნდა. ოდნავ მოიმატა წონაში, სახეზე ისევ ისეთი, ვუპი გოლდბერგივით კეთილი ღიმილი აქვს და ნიღაბს არ იკეთებს. კიმი ჩოგბურთის სახეა, ყველაზე ალალი ჩემპიონი. ჩოგბურთის ელიტაში საყვარელი ხალხი ცოტა იყო. ერთი დარჩა (კიმი), მეორე (დემენტიევა) წავიდა, კლაისტერსმა კი დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ, თავის დაქალთან, ლენასთან ერთად მოაწყო საქველმოქმედო ტურნირი, სამსაათიანი აქციიდან შემოსული თანხა კი მთლიანად უსახლკარო ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხა. 
 
შარაპოვა ცელქობს, ანენი ფიქრობს, სერენა უკანალზე სვირინგის კორექციას იკეთებს, ვენუსი თავისი დის უკანალს სვირინგის კორექციას უფასებს, სამანტა სტოსური ლესბოსელობიდან კაცებზე გადავიდა, ანა ივანოვიჩი ვიღაც თინეიჯერ შეიჰს ხვდება და თითო სადილზე ნახევარ მილიონ დოლარს ატოვებინებს. კლაისტერსი კი დღესაც მიქრის. 
 
კიმი ჩოგბურთია

კომენტარები