ელექტრონული პირადობა

მირიან ტორონჯაძე
0 კომენტარი

2011 წლიდან  საქართველოს მოსახლეობა ახალი სახის, ელექტრონული პირადობის მოწმობებით სარგებლობას შეძლებს. საკრედიტო ბარათის ზომის საბუთზე ძირითადი, პირადი მონაცემების გარდა უამრავი სხვა ინფორმაციაც იქნება დატანილი. ეს დიდი რაოდენობით განსხვავებული ბარათების მუდამ ტარების საჭიროებას მოხსნის და ამავდროულად, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს მოქალაქეებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. ელექტრონული პირადობის მოწმობის ერთ-ერთი უპირატესობა მასზე დატანილი ელექტრონული ხელმოწერაა. ეს სისტემა ახალი არ არის. ის მსოფლიოს 30 განვითარებულ ქვეყანაში გამოიყენება. ამ ტიპის ხელმოწერით შესაძლებელია დოკუმენტების ონლაინ-დამოწმება. მაგალითად, თუკი დღეს რომელიმე სახელმწიფო უწყებაში განაცხადის შეტანაა საჭირო, როგორც წესი, მოქალაქე უნდა მივიდეს შესაბამის ორგანიზაციაში, ქაღალდზე შევსებულ განაცხადს ხელი მოაწეროს და კანცელარიაში ჩააბაროს. ახალი პირადობის მოწმობის შემოღების შემდეგ კი მოქალაქე ამ განაცხადის სახლიდან გაუსვლელად შევსებას და ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებას შეძლებს. ელექტრონულ ხელმოწერას აქვს იურიდიული ძალა და მისი მეშვეობით დოკუმენტის დამოწმების შემდეგ, რაიმე სახის ცვლილების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, აქ თავს იჩენს პატარა პრობლემა – ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, ხსენებული ოპერაციის ჩასატარებლად, მომხმარებელი იძულებული იქნება შეიძინოს დამატებითი მოწყობილობა – ელექტრონული ბარათის წამკითხველი, რომელიც კომპიუტერს უერთდება. აპარატის ფასი 5 ლარიდან იწყება. 

ბარათს ელექტრონული ინფორმაციის ორი საცავი (მატარებელი) ექნება – ერთი კონტაქტური, მეორე უკონტაქტო. ერთ-ერთ  მატარებელზე შესაძლებელია განთავსდეს: სადაზღვევო პოლისი, დაგროვების, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობის ბარათები და სხვა. მომავალში მის მფლობელს შეეძლება ბარათზე შეინახოს სამედიცინო ისტორია. მოქალაქე თავისუფლად გაეცნობა საჯარო და კერძო სექტორში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას. მაგალითად, თუკი თქვენ გადაწყვეტთ გუდაურში სათხილამუროდ წასვლას – ბილეთების წინასწარ შეძენას შეძლებთ. ოპერაციის შესახებ ინფორმაცია კი პირადობის ელექტრონულ მოწმობებზე  ჩაიწერება. 
 
პირველ ეტაპზე მოქალაქე ინტერნეტით  მოახერხებს: მისამართის შეცვლას, ქონების რეგისტრაციას, ელექტრონულ დეკლარირებას, გვარის შეცვლას, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციას. მოქალაქეებს ამ სერვისების მისაღებად შესაბამის უწყებებში მისვლა აღარ მოუწევთ.
შეუძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემების პირდაპირი შემოწმება, თუმცა, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, არასწორი მონაცემებისგან დაცვის მექანიზმი არსებობს. 
 
მთელი ინფორმაციის ერთ ბარათზე ჩაწერა გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, თქვენ კარგავთ ყველა სერვისთან წვდომას. საბანკო ანგარიშების ერთ ბარათზე გადატანასთან ერთად, რის შესაძლებლობასაც ელექტროპირადობები იძლევა, იზრდება შანსი, რომ ყველა ერთად დაიკარგოს. მართალია, ბარათის დაბლოკვა და აღდგენა მალევე მოხერხდება, მაგრამ კრიტიკულ შემთხვევაში ეს ალბათ დიდი ვერაფერი შეღავათია. 
 
და კიდევ ერთი. ყველა ციფრულ სისტემას, რომელიც პაროლითაა დაცული, აქვს ნაკლი – ადრე თუ გვიან შესაძლებელია მისი „გატეხვა” ანუ დაცულ მონაცემებში უცხო პირის შეღწევა. ვაშაძის თქმით, პიროვნების ელექტრონული ბაზა 24-თანრიგიანი შიფრაციით იქნება დაცული, რაც მის გატეხვას თითქმის შეუძლებელს ხდის. ასეთ სისტემაში შეღწევას საკმაოდ მძლავრი კომპიუტერული სისტემა და დაახლოებით 7-წლიანი მუშაობა დასჭირდება. ელექტრონული ხელმოწერის განახლება კი სავალდებულოდ  ყოველ ორნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. უკანონო საბანკო მაქინაციებისგან დასაცავად მაქსიმალური გადარიცხვების ოდენობა 10 ათას ევრომდე იზღუდება.
 
მართალია, ელექტრონული ხელმოწერის სისტემა ახალი არ არის, მაგრამ ასეთი ტიპის ბარათი, რომელზეც ყველაფერი ერთად იქნება, ნოვაციას წარმოადგენს. 2011 წლის ზაფხულიდან შეწყდება ძველი ტიპის პირადობის მოწმობების გაცემა და  მხოლოდ ახალი, ელექტრონული ბარათები დარიგდება. მათთვის კი, ვის პირადობასაც ჯერ ვადა არ გასვლია, ელექტრონული პირადობის აღება ნებაყოფლობითი იქნება. პროექტი სახელმწიფოს 17 მილიონი დოლარი დაუჯდება, ხოლო მოქალაქეს, პირადობის აღება 10-წლიანი ვადით – 30 ლარი. ვაშაძის ვარაუდით, უახლოეს ხუთ წელიწადში სამ მილიონამდე ასეთი ბარათის გაცემა მოხერხდება. ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად იგეგმება სპეციალური საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება. ყველა სერვისს მიეძღვნება ცალკეული ვიდეოგაკვეთილები, ასევე დარიგდება ინსტრუქციები, რომელსაც პირადობის მოწმობასთან ერთად გასცემენ. 
 
ელექტრონული მონაცემთა ბაზები სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სოციალური ხარჯები უფრო ეფექტიანი გახადოს. მაგალითად, თუ პირი სიღარიბის შემწეობას იღებს და იმავდროულად მანქანას ყიდულობს, ელექტრონული სისტემის პირობებში ეს მონაცემი მყისიერად გახდება ცნობილი შესაბამისი უწყებისათვის. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები