სახალხო კრებაზე გაზაფხულიდან დაუმორჩილებლობის დაწყება გადაწყდა

პარლამენტის წინ ”წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე” მომიტინგეებმა დღეს 12 საათისთვის დაიწყეს შეკრება. სამი საათისთვის მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა დელეგატმა მიიღო. ორგანიზატორების განცხადებით, მხოლოდ რეგიონებიდან 12 ათასზე მეტი დელეგატი ჩამოვიდა. 

კრებამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს „უნდობლობა გამოუცხადა“ და ისინი „ბათილად სცნო“. შეკრებილებმა ასევე დაამტკიცეს  „უნდობლობის ვერდიქტი“ მიხეილ სააკაშვილის, მთავრობისა და პარლამენტის მიმართ. საღამოს ექვსი საათისთვის ნინო ბურჯანაძემ კრება დასრულებულად გამოაცხადა.

თავიდან ორგანიზატორებმა აქციაზე შეკრებილებს დღის წესრიგი გააცნეს. შემდეგ დამტკიცდა წესდება. კრების მონაწილეები პოზიციას მანდატის აწევით გამოხატავდნენ. მომიტინგეთა დიდი უმრავლესობა ყველა წინადადების მომხრე აღმოჩნდა. აქციის წამყვანის, გოგი ქავთარაძის შეკითხვები — ”წინააღმდეგი ვინ არის?”,  ”თავი ხომ არავინ შეიკავა?” — ძირითადად ურეაქციოდ რჩებოდა.

აქციის მონაწილეებმა ერთხმად აირჩიეს რამდენიმე ათეული ადამიანი სათათბირო და აღმასრულებელი საბჭოების წევრებად. კრებაზე ასევე ახალი „სახალხო პატრულის“ ჩამოყალიბება გადაწყდა. დღევანდელ აქციაში უკვე მონაწილეობდნენ ”სახალხო პატრულის” სპეციალურ ლაბადებში ჩაცმული ადამიანები.

ნინო ბურჯანაძის თქმით, შეიქმნება მხარდამჭერთა კომიტეტები რეგიონებში, "რომლებიც მოამზადებენ დიდ დაუმორჩილებლობის აქციას“, რომლის დაწყება გაზაფხულიდან იგეგმება. კრებაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ბრძოლის საბოლოო მიზნად „სამართლებლივი გზით არსებული ხელისუფლების შეცვლა" გამოაცხადდა.

”ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება,“ — განაცხადა ბურჯანაძემ. გუბაზ სანიკიძემ კი ხალხს განუმარტა, რომ ”სააკაშვილის დემონტაჟისთვის უფრო მეტი ქართველია საჭირო, ვიდრე დღეს შეიკრიბა”.

საზოგადოებრივი მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ აქციის მონაწილეებს შეახსენა, რომ მეუფე იობმა ისინი ”საქართველოს სულიერი დეოკუპაციის” მიზნით ერთად დგომისთვის აკურთხა.

ბურჯანაძის განცხადებამ კრების დასრულების შესახებ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ჟურნალისტებთან საუბარში, ზოგიერთმა მათგანმა გამოთქვა აზრი, რომ თუ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმებოდა, ხალხი რეგიონებიდან არ უნდა ჩამოეყვანათ.

საპასუხოდ, გუბაზ სანიკიძემ ხვალისთვის ახალი მიტინგი დანიშნა და 200-მდე უკმაყოფილო მოქალაქეს პარლამენტის წინ დარჩენა სთხოვა.

კრების ინიციატორი ნინო ბურჯანაძის ორგანიზაცია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოა. აქციის წინა დღეებში მას ეროვნული ფორუმი და ეროვნული საბჭო  შეუერთდნენ.

 

კომენტარები