კუნძულოვანი პრობლემა

ბარაკ ობამამ ათდღიანი აზიური ტურნე იაპონიაში მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა აღიარა, რომ ამერიკა მისი ქვეყნის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად რჩება. ობამამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ამერიკას იაპონიის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად ხილვა სურს. იაპონიამდე გაეროში დაწინაურებაზე დახმარება ობამამ ინდოეთსაც აღუთქვა.

კანის წინამორბედმა იუკიო ჰატოიამამ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ იაპონია ამერიკის ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას აპირებს. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ჰატოიამას განცხადების გადაჭარბებული ამბიციურობა აჩვენა. იაპონიის ბოლო ორი პრემიერი საგარეო პოლიტიკაში ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებდა აქცენტს, თუმცა ბოლო თვეების მანძილზე ქვეყნებს შორის მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა. სექტემბერში იაპონიის სანაპირო დაცვამ სენკაკუს კუნძულებთან დააკავა ჩინური სარეწაო გემი და მისი კაპიტანი. სენკაკუს კუნძულებს ამჟამად იაპონია აკონტროლებს, თუმცა მათზე ჩინეთსაც აქვს პრეტენზია. ინციდენტმა ჩინური მხარის განრისხება გამოიწვია. იაპონელებმა კაპიტანი მალე გაათავისუფლეს, თუმცა პეკინი ამით არ დაკმაყოფილდა. ჩინელებმა ზარალის ანაზღაურება და ოფიციალური ბოდიში მოითხოვეს. ეს ულტიმატუმი იაპონურმა მხარემ არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის მანძილზე ჩინეთის ქალაქებში გრძელდებოდა ანტიიაპონური გამოსვლები. გაჩნდა ეჭვი, რომ ნაციონალისტური სენტიმენტების ამოფრქვევაში მთავრობის  ხელიც ერია.
 
სექტემბერსა და ოქტომბერში გამართულ საერთაშორისო სამიტებზე ჩინეთისა და იაპონიის ლიდერებმა მხოლოდ 15 წუთით მოახერხეს არაფორმალურ გარემოში შეხვედრა. ოქტომბრის ბოლოს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე დაგეგმილი შეხვედრა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს შორის კი ჩინეთის მხარემ გააუქმა. ამერიკელებმა სცადეს პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდნენ მეზობლებს. ჰილარი კლინტონმა მხარეებს მედიატორობა შესთავაზა, თუმცა უშედეგოდ. ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და კანი, ობამას ვიზიტისას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა 20-წუთიანი დიალოგი ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა სიტუაციის გამოსასწორებლად.
 
ჩინეთმა გადაწყვიტა საკუთარი ეკონომიკური ბერკეტები აემოქმედებინა და ამერიკასა და იაპონიას იშვიათი მეტალების ექსპორტი შეუწყვიტა. ხსენებული მეტალები (სულ 17 უიშვიათესი ელემენტი, მათ შორის ლანთანუმი და ცერიუმი) უახლესი ტექნიკური აღჭურვილობის (კომპიუტერული ჩიპებისა და ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით) დასამზადებლად გამოიყენება. იაპონიისა და ამერიკის ინდუსტრიას მისი დეფიციტი ემუქრება. პეკინს სურს, ამერიკულმა და იაპონურმა კორპორაციებმა საკუთარი ქარხნები ჩინეთში განალაგონ. ამით ქვეყანა პირდაპირი ეკონომიკური დივიდენდების გარდა (ტექნოლოგიებისა და განათლების სწრაფი ტრანსფერი), მსოფლიოს უდიდეს კორპორაციებზე გარკვეულ ბერკეტებს მოიპოვებდა. ამერიკას იშვიათი მეტალების საკუთარი რეზერვებიც აქვს, ჩინეთიდან იმპორტის მიზეზი კი სიიაფე იყო. იაპონიას ასეთი რესურსები არ გააჩნია.
 
გამოღვიძებული წითელი დრაკონის გარდა, რუსეთის სახით იაპონიას ახალი საზრუნავი დაემატა. ორიოდე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კუნძულ კუნაშირს ეწვია, რომელიც კურილიის კუნძულებს მიეკუთვნება. დავა რუსეთსა და იაპონიას შორის მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული არსებობს. მთელი არქიპელაგი რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა, თუმცა იაპონია საკუთარ პრეტენზიებს არ თმობს. ნაოტო კანის განცხადებით, მედვედევის ვიზიტმა უარყოფითად იმოქმედა იაპონელი ხალხის გრძნობებზე. მედვედევმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ კუნძულს რუსების გულშიც არანაკლები ადგილი უჭირავს.
 
ორ ცეცხლს შორის აღმოჩენილმა ნაოტო კანმა არ დაახანა ობამასთან აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის აღნიშვნა. ამას გარდა, ის თეთრის სახლის პირველ პირს დაჰპირდა, რომ ნოემბრის ბოლოს ოკინავაზე განლაგებულ ამერიკულ ბაზას კუნძულის დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანენ.
 
ობამას ვიზიტისას ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ეკონომიკასა და განათლების სფეროში. ძალაში შევიდა ღია საჰაერო სივრცეების შესახებ შეთანხმება, რომელიც სამოქალაქო ავიაციის ბაზრების ლიბერალიზაციას გულისხმობს. ამას გარდა, კანმა ისაუბრა ტრანსოკეანური თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე, რომელიც ამჟამად ამერიკას, ავსტრალიას, ჩილესა და წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებს აერთიანებს. კანის თქმით, იაპონიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდეს თუ არა ამ ხელშეკრულებას. ამჟამად იაპონიის წინაშე მდგარი საკითხების სიღრმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს ქვეყანა კიდევ საკმაო ხანს ვერ მოიცლის თავისუფალი სავაჭრო ზონებისთვის. 

კომენტარები