თბილისის მოდის კვირეული - ძველი და ახალი სახელებით

გაზაფხული-ზაფხული 2011 თბილისის მოდის კვირეული დასრულდა. მოგეხსენებათ ეს მეორე კვირეული იყო. სულ რაღაც ერთი თვის წინ საქართველოს მოდის კვირეული ჩატარდა, ეს კი თბილისის მოდის კვირეული გახლდათ. ღონისძიება კომპანია ჯეოფეშენმა გამართა. ამ გაორებულ გაუგებრობაში  მოხვედრილი ქართული მოდა საკმაოდ დაბალ საფეხურზე და განვითარების საწყის ეტაპზეა. სწორედ ამიტომაც, მსგავს ღონისძიებებს სამომავლოდ მძაფრი კრიტიკა და მკაცრი კონტროლი სჭირდება.

ორგანიზატორებმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენებები არაორდინარულ  სივრცეში, დაუმთავრებელ გრატო პასაჟში გამართეს.  რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტ მუშაობას და სითამამეს მოითხოვდა. წინა სეზონის მსგავსად, თბილისის მოდის კვირეული ჩამოყალიბებულ დიზაინერებთან თანამშრომლობის გარდა, საინტერესო ახალგაზრდებს, ახალ სახეებს ეძებს. ორგანიზატორები ნონკონფორმისტული გადაწყვეტილებების მიღებას არ ერიდებიან.
 
ამჯერად კვირეულის მონაწილეებს შორის საუკეთესო კოლექციები ატელია-10ა-მ, დათუნა სულიკაშვილმა, გიორგი შაღაშვილმა  და თამუნა ინგოროყვამ წარმოადგინეს. საინტერესო იყო ნინო ჩუბინიშვილის პერფორმანსი და ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსში ერთი-ერთი გამარჯვებულის – გიორგი ქებურიას მინი კოლექცია, რომელიც ამ კვირეულის ყველაზე საინტერესო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.
 
იკა ბობოხიძემ და თეონა თავართქილაძემ (ატელია-10ა) რომანტიული, ჭრელი კოლექცია აჩვენეს. მათ ნამუშევარი მწვანე ფერზე ააწყვეს, აღმოსავლური მოტივებით მოჩითული მაღალი ხარისხის ქსოვილებით შეკერილი სამოსი შორეული აღმოსავლეთის, ინდო-ჩინეთის ნაზ ასოციაციებს იწვევდა.   
 
დათუნა სულიკაშვილმა კათოლიკე მონაზვნები მათი გროტესკული თავსაბურავით და  ჟაკ-ლუი დავიდის „ტელემაქოსი და ევქარისი” საკუთარი კოლექციის ინსპირაციად აქცია. ქალური, ელეგანტური კაბები და პიჯაკები სხვადასხვა მუქი ქსოვილებისაგან შეკერა. იპოვა თხელი აბრეშუმი, რომელზედაც ამ ნეოკლასიკური ნახატის ფრაგმენტი იყო დაბეჭდილი და ამ ქსოვილისაგან, საშუალო სიგრძის კაბები შემოგვთავაზა.
 
გიორგი შაღაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული დიზაინერია. მისი ხელწერა – დეკონსტრუირებული ტანისამოსია, ფერები – ძირითადად მუქი. ამჯერად მისი ჩვენების მთავარი თემა „ტვინი და აზროვნება” იყო. მოდელებს თავზე ტვინის შავ-თეთრი გრაფიკული გამოსახულება ჰქონდათ დამაგრებული, იგივე გრაფიკა მაისურებზეც იყო დაბეჭდილი ინგლისური  წარწერით „use it”. ალბათ, ამ პლაკატური სლოგანით, მოდელიორი ფიქრისა და აზროვნებისაკენ მოგვიწოდებდა. 
 
თამუნა ინგოროყვამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა მაღალი პროფესიონალიზმი და მოდის დიზაინის დიდი ცოდნა. მის ნამუშევარში ნათლად  ჩანს, რომ ის ზუსტად ხვდება, რა უნდა შესთავაზოს თანამედროვე ქალს. თამუნამ მძიმე და მსუბუქი ქსოვილების კონტრასტზე ააგო საკუთარი კოლექცია, მდგრადი  ქსოვილებისაგან დრაპირებული პიჯაკებით და მოკლე კაბებით, პასტელურ ტონებს წითელი ფერი დაუპირისპირა. თხელი აბრეშუმისაგან კი ნეორომანტიული, ანტიკური ქიტონების მსგავსი გრძელი, ჰაეროვანი საღამოს კაბები წარმოადგინა. 
 
ნინო ჩუბინიშვილმა ნიკა მაჩაიძის ანიმაცია და ტუსია ბერიძის ელექტრონული მუსიკა  საკუთარ სიმბოლურ  ნამუშევრებს – ტყავის რელიეფურ კაბებს დაუკავშირა. მათ პერფორმანსი გამართეს: ექვსი ანტიკვარული კარადა ექვს არტობიექტად აქციეს.  თითოეულ კარადაში თითო კაბა ეკიდა, რომელზეც მაჩაიძის ანიმაცია მიდიოდა. ცენტრალურ კარადაში კი, თეთრ კაბაში გამოწყობილი ტუსია ბერიძე იდგა, რომლის სკულპტურულ კაბას ციფრული პროექცია ეცემოდა. ამიტომ კაბა ხან ჭრელი, ხან გრაფიკული, ხან კი ერთი ფერის სიმბოლური ობიექტი ხდებოდა.
 
თბილისის მოდის კვირეული ყოველ სეზონზე  მართავს კონკურსს, რომელშიც სტუდენტებს თუ მოტივირებულ ახალგაზრდებს მონაწილეობა შეუძლიათ. წელს 18 ახალბედა დიზაინერი შეირჩა და მათ შორის ორი გამარჯვებული გამოვლინდა. თამუნა ბოჩიკაშვილი თავისი მხიარული კოლექციით და გიორგი ქებურია. გიორგი 20 წლის სტუდენტია. ის ბიზნესის მენეჯმენტს სწავლობს და ჰიპერმარკეტ გუდვილში მუშაობს. ახალი თაობის თავისუფალი ხელოვანია, რომელიც ყოველგვარი გავლენებისაგან თავისუფალ, ინდივიდუალისტურ, ძლიერ ნამუშევრებს ქმნის. მან მოდერნისტული, ინტუიტიური კოლექცია აჩვენა. მისი გულწრფელი ნამუშევარი თბილისის მოდის კვირეულის ყველაზე საინტერესო, იმედისმომცემ  ნაწილად იქცა. 

კომენტარები