ახალი გამოწვევების წინაშე

0 კომენტარი

ტაივანი „4 აზიური ვეფხვის” სახელწოდებით ცნობილი სახელმწიფოებიდან, ერთ-ერთია. მისი ეკონომიკა, მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე, გასაოცარი სისწრაფითა და დინამიურობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის მაგალითს „ტაივანურ სასწაულს” უწოდებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ტაივანი უკვე დასახელდა მოწინავე და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნად.    

გლობალური კონკურენციის თვალსაზრისით, დღეს ეს ქვეყანა მსოფლიო ოცეულში შედის. მთავარი მიზეზი საგარეო ვაჭრობაში მისი აქტიური მონაწილეობაა: ბოლო 40 წლის განმავლობაში სწორედ საგარეო ვაჭრობის განვითარებამ მოუტანა ტაივანს ეკონომიკური კეთილდღეობა. დღეს იგი მსოფლიოში, კომპიუტერული აღჭურვილობების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
ტაივანის ეკონომიკა, რომელიც მზარდი და დინამიურია, ექსპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ელექტრონული აღჭურვილობებისა და მანქანა-მოწყობილობების ექსპორტი ტაივანის მშპ-ს 70%-ს შეადგენს. თუმცა ასეთი დამოკიდებულება, მსოფლიო მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში, ეკონომიკისთვის მტკივნეული ნაწილი იქნება. მაგალითად, 2009 წელს ექსპორტი 27%-მდე შემცირდა. 
ამჟამად ტაივანის ექსპორტი იმპორტზე მეტია. ამ ინდიკატორით იგი ჩინეთის, იაპონიის და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხეა. ჩინეთი იაპონიის შემდეგ მეორე წყაროა ტაივანური პროდუქციის იმპორტისათვის და პირველი, უცხოური ინვესტიციების სფეროში. 
თავის მხრივ, ტაიბეიც პეკინთან ურთიერთობების დათბობით და მის ეკონომიკაში ინტეგრაციითაა დაინტერესებული. 2010 წლის იანვარში ტაივანსა და ჩინეთს შორის რამდენიმე სახის ხელშეკრულება დაიდო, რომლებიც საბანკო სისტემების დაცვას, უსაფრთხოებასა და დაზღვევას შეეხებოდა. ყველა ეს ხელშეკრულება ტაივანისათვის ახალი შესაძლებლობების წარმოშობას და მისი კომპანიების ჩინეთში თავისუფლად მუშაობის რეალიზებას ემსახურებოდა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულებები ჩინეთსაც აძლევს სარგებელს: მათი წყალობით მას ბევრად უფრო თავისუფლად შეუძლია ტაივანის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელება და ყველაზე მნიშვნელოვანი – მონაწილეობა მიიღოს ტაივანის ეკონომიკურ პროცესებში, მართალია შეზღუდული ფორმით, მაგრამ მაინც!
სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეადგინა ქვეყანების რეიტინგი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობის მიხედვით. შედეგებიდან ირკვევა, რომ წელს ამ ინდიკატორით ტაივანმა იაპონიას გადაუსწრო. იაპონიის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არის 33,800$, ხოლო ტაივანის – 34,700$. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრების ღირებულება ტაივანში იაპონიაზე სამჯერ უფრო იაფია, მოსახლეობის რაოდენობა  კი ბევრად უფრო დაბალია.
თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტაივანს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე იყენებს. მის სრულად ათვისებას რამდენიმე მიზეზი უშლის ხელს. ერთ-ერთი ტაივანის დიპლომატიური იზოლაციაა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში გავრცელდა სავაჭრო ხელშეკრულებები, ტაივანი კი დღემდე თავს იკავებს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციაზე – ასეთია მისი დიპლომატიური პოლიტიკა. ამას გარდა არის ასპექტები, რომლებზეც სამუშაო ჯერ კიდევ მრავლადაა, მაგალითად, კორუფციის დონე. ამ ინდიკატორით 179 ქვეყანას შორის ტაივანი 39-ე ადგილზეა, ბიზნესის კეთების სიადვილით კი 183 ქვეყნიდან 33-ე. ამის მთავარ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ შედარებით მაღალი გადასახადებია. მაგალითად, თუ ერთიანი განაკვეთი ტაივანში 40%, ხოლო საქართველოში – 20% არის, მოგების გადასახადი საქართველოში 15%, ტაივანში კი – 25%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები