რაღა დროს მარქსია

„უნდათ, რომ ჩატეხონ ხიდი ჩვენსა და რუსეთის ეკლესიას შორის. ჩვენ ვინ გვეკითხება იმას, რუსეთის ეკლესია გამტარებელია თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკის. ჩვენ ჩვენს თავს მოვუაროთ და ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ”, განაცხადა პარასკევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ გადაცემას „დიალოგი დავით პაიჭაძესთან” კათალიკოსმა 18 წუთი და რვაასზე მეტი სიტყვა მიუძღვნა. პირველმა იერარქმა რამდენჯერმე განმარტა, რომ არ აპირებდა დისკუსიის მონაწილეებთან პოლემიკაში შესვლას. ამის მიუხედავად, მან გადაცემის სტუმარი რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილი სამჯერ, ხოლო ფილოსოფოსი გიგა ზედანია ორჯერ ახსენა. 

 
„ისინი ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ სინოდში... ერთი ამბობს, რომ ამდენი მღვდელმთავარი რად უნდა?! რად იყოფა ეპარქიები? ეს პატრიარქისა და სინოდის გადასაწყვეტია და არა მათი”. დიალოგის მონაწილეები ინტერნეტით გავრცელებულ წერილზე მსჯელობდნენ, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე 21-25 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის გავლენიან მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სასარგებლოდ რვამდე ეპარქიის გაყოფა იგეგმება. „პატრიარქი ძმისშვილს უმზადებს საყდარს, რომელიც ფარულად, მიზანდასახულად და მისთვის ჩვეული მოხერხებულობით, შთააგონებს ბიძას სინოდში ახალი მღვდელმთავრებით გაიძლიეროს პოზიციები”, ვარაუდობენ წერილის ავტორები. კათალიკოს-პატრიარქს არ უარუყვია მომავალი სინოდის სხდომაზე ეპარქიების გაყოფისა და ახალი მღვდელმთავრების გამორჩევის შესაძლებლობა. 
 
უწმინდესისა და უნეტარესის ყურადღება სხვა საკითხებმა მიიპყრო: „ეს გადაცემა იყო პირველი არხით, ე.ი. სახელმწიფო, ხელისუფლების ტელევიზიით. თუ ეს ხელისუფლების დავალებითაა, მთლად უარესი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა და ცოდვა დაუსჯელი არ რჩება”. მან ქვეყანაში მართლმადიდებელთა სიმრავლესა და ხელისუფლების წინაშე ეკლესიის ძლიერებასაც გაუსვა ხაზი: „მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ
 
ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისათვის, ამით ისინი აკეთებენ მზაკვრობას, რომ ეს მორწმუნე ხალხი აღდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ”. 
ბექა მინდიაშვილისა და გიგა ზედანიას მოქმედების აღსაწერად პატრიარქმა ისტორიაც გაიხსენა  –  „კომკავშირის მდივანმა მოიწვია ხალხი, ერთი სოფლის მოსახლეობა და  შესთავაზა მათ, რომ ვინმე ასულიყო ტაძარზე და მოეჭრა ჯვარი. ვერავინ ბედავდა ამას და, მერე ვიღაცამ თქვა თუ ასე ადვილიაო, შენ თვითონ ადი და მოსჭერიო. ავიდა და მოჭრა ჯვარი. ზოგი ტიროდა, ზოგს უხაროდა. მორწმუნეები ტიროდნენ, რომ ხედავდნენ ასეთ უბედურებას და დაიწყო ჩამოსვლა ტაძრიდან ამ ადამიანმა. მოიღრუბლა. წამოვიდა წვიმა. ჩამოვიდა და შეეფარა ერთ-ერთ ხეს. ატყდა ჭექა-ქუხილი და დაარტყა პირდაპირ იმ ხეს და იმ ადამიანს, რომელმაც მოჭრა ეს ჯვარი. იქვე მოკლა”. კომკავშირელის შემდეგ მისმა უწმინდესობამ შორეული ისტორიაც გაიხსენა – „იულიანე განდგომილი იყო ნათესავი კონსტანტინე დიდისა. იზრდებოდა ქრისტიანულ გარემოცვაში და როცა გამეფდა, გამოაცხადა თავისი თავი წარმართად. და დაუწყო ბრძოლა ეკლესიას. და ერთ-ერთი ომის დროს იგი იყო სასიკვდილოდ დაჭრილი და რომ კვდებოდა იულიანე განდგომილი – განდგომილი ამიტომ ეწოდება, რომ განუდგა ეკლესიას – გამოეცხადა მას მაცხოვარი და ხელი ასწია იულიანემ და თქვა: „შენ დამამარცხე გალილეველოო”. 
 
 გარდა ამისა, პატრიარქი გიგა ზედანიას გამოთქმულმა მოსაზრებამ გააოცა  – „მან მოიყვანა ციტირება მარქსისა, რომ ყოველი რელიგია ოპიუმიაო. რაღა დროს მარქსია? რაღა დროს მისი ციტირებაა?.. ადამიანი, რომელიც დღეს სთვლის, რომ სარწმუნოება არის ერის ოპიუმი და მოჰყავს მარქსი ... ეს საოცრებაა!!  ეს სამწუხარო მოვლენაა”, განაცხადა პატრიარქმა.
 
ზედანიას თქმით, „მარქსი, დიურკჰაიმი და ვებერი არიან რელიგიის სოციოლოგიის ფუძემდებლები და მათი ციტირება ამ დროს აუცილებელიც არის”. 
კათალიკოს-პატრიარქის განცხადებაზე „ეს იყო, მე ვერ ვიტყვი რომ ცუდი, ცუდი კი არა – ცუდზე უარესი გადაცემა”, გადაცემის წამყვანმა დავით პაიჭაძემ განაცხადა: “ჩემი აზრით, შევასრულე ის ფუნქცია, რაც ჟურნალისტს აკისრია. არათუ პატრიარქი, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია თავისი აზრის გამოთქმისას, მათ შორის ჩემს გადაცემაზეც. არასოდეს ვაკეთებ გადაცემას იმ გათვლით, რომ ის მოეწონოს ყველას, ეს შეუძლებელია. ვიღაცას მოეწონა, ვიღაცა კრიტიკულად შეხვდა, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ”.
 
პატრიარქის მიერ გადაცემის დაგმობასთან დაკავშირებით ტაბულა საპატრიარქოს რამდენიმე იერარქს დაუკავშირდა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც საპატრიარქოს მაღალიერარქია, აცხადებს, რომ „პატრიარქის რეაქცია ამ თემის განსაჯაროებამ გამოიწვია, მან ისაუბრა სინოდში აზრთა სხვადასხვაობაზე და თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი რამ არის, თუმცა სხვა ენაზე ამ სხვადასხვაობებს საეპისკოპოსო ბანაკები ჰქვიათ, სადაც მიტროპოლიტი დიმიტრი მნიშვნელოვანი ფიგურაა”. მაღალიერარქი ვერ ამბობს, მართლაც იგეგმება თუ არა რვა ეპარქიის გაყოფის საკითხის განხილვა სინოდზე და ეჭვს გამოთქვამს, რომ გადაცემაში ნახსენები წერილი დიმიტრის კონკურენტების მიერ არის გავრცელებული: „ეპისკოპოსი დიმიტრი არ არის ერთადერთი, ვისაც პატრიარქობა სურს, არსებობენ სხვა გამორჩეული კანდიდატებიც, მე არარეალისტურად მეჩვენება ამდენი ეპარქიის გაყოფა – ეს პროტესტს გამოიწვევს გასაყოფი ეპარქიების ეპისკოპოსებში”.
მისივე თქმით, ახალი ეპარქიების შექმნა საპატრიარქო მიტრისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო და რჩება. ეს სინოდში საპატრიარქო კანდიდატების მხარდამჭერების გაზრდას ემსახურება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის უფლება. 
თუ პატრიარქის არჩევის დროს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხუთი ეპისკოპოსი ჰყავდა, დღეს მათი რიცხვი 37-ია. ამ რაოდენობის მღვდელმთავარი საქართველოში 1811 წელს, ავტოკეფალიის გაუქმების დროსაც კი არ ყოფილა. ეკლესიას მაშინ ათამდე მღვდელმთავარიც ყოფნიდა. შედარებისთვის, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც 6 მილიონამდე, ანუ საქართველოს საპატრიარქოზე თითქმის ორჯერ მეტი მრევლი ჰყავს – 15 მღვდელმთავრით კმაყოფილდება. მსოფლიო საპატრიარქოს 1 მღვდელმთავარი საშუალოდ 2 მილიონ მრევლს მწყემსავს, ხოლო რუმინეთში 1 ეპისკოპოსზე 36 ათასი საერო მოდის. 
 
ახალი ეპარქიის დაარსება ბუნებრივად აჩენს ახალი რეზიდენციის, ტრანსპორტისა და ფინანსების საჭიროებასაც. ამრიგად, ეკლესიას შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფოს მატერიალური დახმარება სთხოვოს, რომელსაც ის, როგორც წესი, ეკლესიისთვის არ იშურებს. 

კომენტარები