ფოლკსვაგენ მილანო ტაქსი

 საავტომობილო სამყაროში ახალი – ელექტრომობილების ეპოქა იწყება და ბუნებრივია, ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიც ფოლკსვაგენია, ამ საქმეშიც პირველობა სურთ. ამისთვის ამზადებენ ელექტრომობილების კონცეფციებს, რათა იმ მომენტისთვის, როდესაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა შესამჩნევად გაიზრდება, შესაბამისი ტექნოლოგიები მზად ჰქონდეთ.

ლითიუმ-იონური აკუმულატორების სიძვირე, ელექტრომობილების მაღალ ფასს განაპირობებს, რის გამოც, ასეთი ავტომობილების მასობრივი წარმოება ჯერჯერობით წამგებიანი საქმეა. თუმცა შორს არც ის დროა, როცა აკუმულატორებზე ფასი დაეცემა და ბიზნესის ეს ახალი სფერო მომგებიან საქმედ გადაიქცევა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის ემზადება ფოლკსვაგენი, რომელიც 2013 წელს ბაზარზე ერთბაშად სამ ელექტრომობილს გამოუშვებს.
ამ სამიდან ერთი კი კონცეპტუალური Up-ის ბაზაზე შექმნილი ტაქსი იქნება, რომელიც ვოლფსბურგელებმა ჰანოვერის წლევანდელ გამოფენზე მილანო ტაქსის სახელით გაგვაცნეს. სახელიდანაც ჩანს, რომ მალე ის მილანის ტაქსის სახით მოგვევლინება, თუმცა უკვე რამდენიმე სხვა ქალაქსაც, მათ შორის, ბერლინს, ნიუ იორკსა და ამსტერდამსაც აქვთ იმის სურვილი, რომ მათ ქუჩებში ასეთმა ტაქსიმ იაროს.
ერთი შეხედვით, ავტომობილი კომპაქტური გაბარიტებით (სიგრძე 3.73 მეტრი, სიგანე 1.66 მეტრი, სიმაღლე 1.60 მეტრი) გამოირჩევა, თუმცა საკმაოდ მოცულობითი და კომფორტული სალონით კი დაიკვეხნის. სხვათა შორის, მილანო ტაქსის ორივე მხარეს მხოლოდ თითო კარი აქვს. და თუ მარცხნივ მძღოლის კარი „ადგილზეა”, მარჯვენა მხარეს ის უკანა სავარძლების გასწვრივ მდებარეობს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ავტომობილის გასწვრივ, წინისკენ იღება. ასე სალონში მოხვედრა და იქიდან გადმოსვლა უფრო მოსახერხებელია. სალონში ვერ ნახავთ მძღოლის გვერდითა სავარძელს. ეს ადგილი მცირე საბარგულისთვისაა გამოყოფილი. მგზავრებს კი უკანა სავარძლები (მხოლოდ ორი ადგილით) ელის. ფოლკსვაგენი ირწმუნება, რომ მგზავრებს მილანო ტაქსი ლუქსის კლასის შესაფერისი კომფორტით დახვდება.
მილანო ტაქსის მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის ნომინალური სიმძლავრე დაახლოებით 70 ცხენის ძალა, პიკური სიმძლავრე კი თითქმის 115 ცხენის ძალაა. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ძრავის ნომინალური სიმძლავრით მუშაობისას, 1500-კილოგრამიანი ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ 119 კმ/სთ-ს მიაღწიოს. ძრავისთვის საჭირო ენერგია ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკში გროვდება. მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 300 კილომეტრის (ეს მანძილი ელექტრომობილის მართვის სტილზეა დამოკიდებული) გავლა შეძლოს. გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ აკუმულატორების 80 პროცენტით დასამუხტად, დაახლოებით ერთი საათია საკმარისი. 
 

კომენტარები