მატლის წელიწადი

0 კომენტარი

რამდენიმე დღეში კურდღლის წელიწადს შევეგებებით, ვეფხვისას კი გავაცილებთ. თუმცა შეგვიძლია 2010 წელს – და 2011-საც – მატლის წელიწადი ვუწოდოთ. Stuxnet-ი და Wikileaks-ი ორი მაგალითია იმისა, თუ როგორ შემოაღწევს ხოლმე მატლი – კომპიუტერულიც და ადამიანურიც – ჩვენს ცხოვრებაში. შედეგებს 2011 და შემდგომი წლების განმავლობაში სამ დონეზე – ტექნიკურ, ადამიანურსა და ისტორიულზე – ვიგრძნობთ.

გასულ ზაფხულს, ვიღაცამ აშკარად შეიტანა Stuxnet-ის მატლი – სუპერკიბერიარაღი – ირანის ზოგ მგრძნობიარე კომპიუტერულ სისტემაში. Stuxnet-ის სამიზნე დაპროგრამებული ლოგიკური რეგულატორი – PLC იყო, რომელიც დროში ზუსტად გაწერილ ისეთ სამრეწველო პროცესებს მართავს, როგორიც, მაგალითად, ბირთვულ რეაქტორებშია. სამიზნე PLC-ის მოძებნის შემდეგ, Stuxnet-ს მასში საკუთარი კოდი შეჰქონდა. ამით თავსაც ინიღბავდა და მის მიერ გამოწვეულ ცვლილებებსაც, რომელთა შედეგად კომპიუტერული სისტემა არასწორად მართავდა პროცესს.

Stuxnet-მა ახალი თაობის დახვეწილი მატლების დაბადება გვამცნო. ნაკლებ შესამჩნევი იყო ადამიანური მატლის როლი – ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ხომ ნებისმიერი კომპიუტერული სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. Stuxnet-ი დახურულ ქსელებში აღწევდა – ანუ, ინტერნეტთან დაუკავშირებელ ქსელებში, ე.წ. „ფლეშის” მეშვეობით, რომელსაც USB პორტში ვიღაც აერთებდა.

დაახლოებით იმავე პერიოდში, Wikileaks-მა საკუთარ ვებგვერდზე ავღანეთის ომის შესახებ პენტაგონის 77 ათასი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ოქტომბერში, ინტერნეტ სივრცეში 400 ათასი დოკუმენტი გამოჩნდა ერაყის ომთან დაკავშირებით. ეს ნახევარ მილიონამდე დოკუმენტი SIPRNET-იდან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დახურული კომპიუტერული ქსელიდან იყო მოპარული.

SIPRNET-ის ტიპის დახურული სისტემა იზოლირებულია ინტერნეტთან მიერთებული ქსელებისაგან, რათა დაცული იყოს ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების კიბერშპიონებისაგან. ერთი ქსელიდან მეორეში ინფორმაციის გადასაცემად, ეს ინფორმაცია ვინმემ ელექტრონული საშუალებით ერთი კომპიუტერიდან მეორემდე საკუთარი ფეხით უნდა მიიტანოს – ზუსტად ისე, როგორც ეს ვიღაცამ Wikileaks-ისთვის გააკეთა.

აქ საქმე დახვეწილ კომპიუტერულ მატლთან არ გვქონია. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ადამიანმა-მატლმა შეიტანა კომპაქტ-დისკი ლედი გაგას სიმღერებით, და ბევრი იარა წინ და უკან, ბევრი იმუშავა პენტაგონის მოსაწყენ დოკუმენტებში გასარკვევად. შემდეგ, როგორც ამბობენ, ამ ადამიანმა წაშალა ნეო-გლემ-როკის ჰიტები და ჩამოტვირთა პენტაგონის მოსაწყენი დოკუმენტები, რომლებიც მალე Wikileaks-ის ჰიტებად იქცა.

და ლედი გაგას თემას რომ გავყვეთ, Monster Ball Tour-ი ნოემბრის მიწურულს გაგრძელდა, როდესაც Wikileaks-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება დაიწყო.

ხელისუფლებების, ბიზნესებისა და ინდივიდების კომპიუტერიზაციაზე დამოკიდებულების ზრდასთან და საკუთარი საოპერაციო სისტემების ინტერნეტთან შესაბამისი სისტემებით ჩანაცვლებასთან ერთად, უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ხალხმა ინტერნეტში არსებულ კიბერსაფრთხეებთან გამკლავება დაიწყო. შემდეგ, მატლის წელიწადში, მათ შეახსენეს უსაფრთხოების უძველესი საფრთხის – ადამიანების შესახებ. მათი კიბერშეტევებისაგან დახურული სისტემებიც კი დაუცველია.

მატლები, რომლებმაც აშშ-ის მთავრობის ანგარიშები მოიპარეს, ალბათ, აქტივისტი მატლები იყვნენ – იმ ტიპის მეოცნებე, აშკარა ნეოანარქისტები, რომლებსაც Wikileaks-ი იზიდავს. თუმცა, ფრთხილად იყავით; აქტივისტ მატლებთან მჭიდროდ დაკავშირებული მატლის სახეობებს შორის ტერორისტი, ჯაშუში და უძველესი უხერხემლო არსებები – მოსყიდული მატლები არიან. 2011 წელს – და შემდეგაც, მათ შემოსევას უნდა ველოდეთ.

ტექნიკურ დონეზე კი ელოდეთ თქვენი სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლების ვიზიტს, რომლებიც USB პორტებს, კომპაქტ-დისკის დრაივებს და დახურულ კომპიუტერულ სისტემასთან მიერთების ნებისმიერ სხვა საშუალებას დაბლოკავენ. მობილური ტელეფონები და პერსონალური კომპიუტერები აიკრძალება მგრძნობიარე ადგილებში, ხოლო ხელჩანთების თუ სხვა ჩანთების ჩხრეკა რიგით პროცედურად იქცევა. გამკაცრდება იმ ადამიანთა იდენტურობის დადასტურების პროცედურები, რომლებიც ქსელებში ერთვებიან, ასევე, მათ საქმიანობაზე კომპიუტერში მონიტორინგი.

ადამიანურ დონეზე, სამწუხაროდ, Wikileaks-ის ქურდობის ერთ-ერთი შედეგი, ერთმანეთისადმი უნდობლობის ზრდა იქნება. დიპლომატია – არა მარტო ამერიკული – უკვე საკმაოდ გაიყინა. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში, გამკაცრდება უსაფრთხოების დაცვის პროცედურები, ხოლო კანონები ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე, გამჟღავნებასა და შპიონაჟზე გადაიხედება.

ამერიკაში, 9/11-ის შემდგომი ტენდენცია უსაფრთხოების სამსახურებს შორის ინფორმაციის მეტი გაზიარებისა, შეიცვლება. მონიტორინგი და კონტროლის გასაადვილებლად მონაცემების დაცვა შედარებით ვიწრო კატეგორიებად მოხდება. ეს, ალბათ, შემდეგ ადამიანურ მატლს ხელს შეუშლის – ჩამოტვირთოს გიგაბაიტები ან ტერაბაიტები იმ ინფორმაციისა, რომელიც უშუალოდ მის მოვალეობას არ ეხება. მაგრამ ეს ხელს შეუშლის უსაფრთხოების სფეროს მკვლევრებსაც, თავი მოუყარონ ამ დანაწევრებულ ინფორმაციას და ერთი დიდი სურათი დაინახონ, რათა რაიმე მოსალოდნელი უბედურება თავიდან აგვაცილონ.

თავისი ვებგვერდის მიხედვით, Wikileaks-ი, რომელიც ამ სტატიის წერის მომენტში კვლავ ხელმისაწვდომია, არის „მიჩქმალული და შელამაზებული უსამართლობის გამოვლენის უნივერსალური საშუალება... გამოქვეყნება აუმჯობესებს გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა კი ხელს უწყობს უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას”. უეჭველია, რომ ამ ორგანიზაციის ბევრ მომხრეს სწამს ამ იდეალისა. მაგრამ ის, რაც Wikileaks-მა გააკეთა, არ იყო უსამართლობის გამოვლენა – ასობით ათასი საიდუმლო ინფორმაციის ინტერნეტით გამოქვეყნება ამორალური კიბერხულიგნობა იყო. შედეგად, გამჭვირვალობა კი არ მოიმატებს, არამედ შემცირდება. გილოცავ, Wikileaks!

და ბოლოს, ამ ყველაფერს ერთი მისასალმებელი, ისტორიული შედეგი მოჰყვა. ის ანგარიშები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში ამერიკის საელჩო თბილისიდან ვაშინგტონში გზავნიდა, ადასტურებს იმას, რაც ზოგმა ჩვენგანმა დიდი ხანია იცოდა – საქართველოს თავს რუსეთი დაესხა! ვნახოთ, როგორ გაანალიზდება ეს ინფორმაცია მომავალ, მატლის წელიწადს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები