საქართველომ PACE-ს გახილვაში მონაწილეობა არ მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის 17 იანვრის სპეციალურმა მოსმენამ, რუსეთ-საქართველოს ომსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესახებ, ქართული მხარის გარეშე ჩაიარა. PACE-ს ინფორმაციით,  მოსმენაზე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, ომის შედეგების აღმოფხვრის პერსპექტივები და საპარლამენტო ასამბლეის სამი რეზოლუციის განხორციელების გზები. შეხვედრის შემდეგ, PACE-ს პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ აღარ უნდა ვიკამათოთ წარსულზე. მომავალზე მსჯელობაა საჭირო~.  რუსული მხარე კმაყოფილი იყო – სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა აღნიშნა,  რომ PACE-ს ომის შედეგებთან დაკავშირებული დებულებათა ნაწილის შესრულება არარეალისტურია და რეზოლუციები ჩიხამდე მიგვიყვანს. მისი თქმით, ეს ორგანიზაციის სულ უფრო მეტ საღად მოაზროვნე წევრს ესმის.

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ ქართულმა მხარემ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ევროპის საბჭოს ასამბლეამ სამი მნიშვნელოვანი რეზოლუცია უკვე მიიღო. ისინი რუსეთს აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, ქართული მხარისთვის სწორედ ეს არის პრიორიტეტული.

ევროპის საბჭო პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც ომიდან უმოკლეს დროში რუსეთის მხრიდან ოკუპაციას და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს სათანადო შეფასება მისცა. ორგანიზაციამ კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა რუსეთის ფედერაციას, თუმცა კრემლის უმოქმედობას არანაირი სანქცია არ მოჰყოლია. უკვე 2009 წელს რუსეთს უკვე მინიმალური მოთხოვნები წაუყენეს შესრულების კონკრეტული ვადით. 2010 წლის 1 იანვრამდე მას უნდა უზრუნველეყო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უპირობო დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლების აღიარება ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შეუფერხებელი გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური წმენდის ფაქტების აღკვეთა და მათი შედეგების აღმოფხვრა. ვადის ამოწურვიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა სიტუაცია უცვლელია. 2010 წელს აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რეზოლუციებს `პოლიტიზირებულიც~ უწოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის მიხედვით, 2 წელიწადში ერთხელ ყველა წევრ ქვეყანაზე მათ მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგი ტარდება. რუსეთზე ბოლო მონიტორინგი 2005 წელს ჩატარდა. მას შემდეგ უკვე მეექვსე წელია, ასამბლეა მონიტორინგის საბოლოო დოკუმენტის მიღებას ვერ ახერხებს. 

კომენტარები