ილუზორული სტაბილურობის ფასი

0 კომენტარი

ერთი თვის წინ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ არაბული სამყაროს არასტაბილურ და არაპოპულარულ მთავრობებს შორის, სწორედ ტუნისი იქცეოდა სახალხო აჯანყების მორიგ ეპიცენტრად. პოლიტიკური ვნებათაღელვა ქვეყანაში უკანასკნელად 1987 წელს იყო. მაშინ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიმ, ტუნისის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი ხნიერი წინამორბედი ჰაბიბ ბურგუიბა ე.წ. კოსმეტიკური გადატრიალების შედეგად ჩაანაცვლა. მას შემდეგ, 23 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა ბენ ალიმ ავტოკრატიული, თუმცა, გარკვეულწილად, ეფექტური სახელმწიფო ააშენა.

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ცხოვრების დონე ტუნისში მაღალია. ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ($3720 – Doing Business 2010) თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე მაროკოსა და ეგვიპტეში. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ალჟირსაც უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნავთობის მომპოვებელია. ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ბიზნესი და ქსოვილის მრეწველობა. სიღარიბის დაძლევის, წერა-კითხვის გავრცელების, განათლების, შობადობის კონტროლისა და ქალთა მდგომარეობის კუთხითაც ტუნისმა მაღალ შედეგებს მიაღწია. მოსახლეობის უმრავლესობა საშუალო ფენას წარმოადგენს, რომელიც შრომით შეიქმნა და არამხოლოდ ნავთობის ტუმბვით.

მიუხედავად ეკონომიკური წარმატებისა, ბენ ალის ტუნისი პოლიციური სახელმწიფო იყო. დაუწერელი შეთანხმება – „გაჩუმდი და მოიხმარე” – რომელიც მან ტუნისელებთან გააფორმა, ერთი შეხედვით, ქვეყანას სამოთხედ წარმოაჩენდა – მაგალითად, იმავე ალჟირის ქრონიკული არეულობებისა და კადაფის ლიბიის ფონზე.

თუმცა, რეჟიმის აქცენტი ეკონომიკურ განვითარებაზე, საბოლოო ჯამში, მისი კრახის მიზეზი გახდა. სწრაფმა განვითარებამ მოსახლეობაში მოლოდინების ინფლაცია გამოიწვია. ეს მოლოდინები, საშუალო კლასის წარმომადგენლებში, იმაზე სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკას შესწევდა მისი დაკმაყოფილების უნარი. შედეგად მივიღეთ ფრუსტრაცია და რევოლუციისთვის ნიადაგი ასე გაჩნდა. საბაბი ქუჩის გამყიდველის სასოწარკვეთილი პროტესტი გახდა, რომელმაც ტუნისის ილუზორულ სტაბილურობას ფარდა ახადა.

17 დეკემბერს ქალაქ სიდი-ბუდიზში, 26 წლის მუჰამედ ბუაზიზიმ დემონსტრაციულად დაიწვა თავი. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდამ შესაფერისი სამსახური ვერ იშოვა და ბოსტნეულით ვაჭრობას შეუდგა. მაგრამ ხელისუფლებამ არც ამის ნება დართო (არ გასცა სათანადო ლიცენზია).

ახალგაზრდა მამაკაცის თვითშეწირვის ფაქტი საჯარო გამოსვლების საბაბად იქცა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება იყო. საპროტესტო მუხტის გაღვივებას სოციალურმა მედიამაც შეუწყო ხელი. ერთი თვის განმავლობაში YouTube-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე რიგითი ტუნისელები მობილური ტელეფონის კამერით გადაღებულ ვიდეომასალას აქვეყნებდნენ. აქტიური კამათი მიმდინარეობდა სხვადასხვა პოპულარულ ბლოგებზე. ამას ემატებოდა Al Jazeera-ს მიერ ტუნისის მოვლენების ინტენსიური გაშუქებაც და შედეგმაც არ დააყოვნა: ქვეყნის შედარებით ღარიბ რეგიონებში სპონტანურად აგორებულმა ქუჩის აქციებმა მდიდარ ზღვისპირეთსა და დედაქალაქს იანვრის დასაწყისში მიაღწია. სოციალურ-ეკონომიკურ პროტესტს პოლიტიკური მოთხოვნებიც დაემატა – პოლიტპატიმრების განთავისუფლება, პრეზიდენტის გადადგომა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

დემონსტრანტებმა სხვადასხვა შენობები შტურმით აიღეს. ტუნისში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. პოლიციამ, ზოგ შემთხვევაში, ცეცხლიც კი გახსნა. სხვადასხვა მონაცემებით, არეულობების შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტი ბენ ალი შეეცადა სახალხო გამოსვლებზე რეაგირება მოეხდინა. 10 იანვარს იგი უმუშევარ კურსდამთავრებულებს მომავალი 2 წლის განმავლობაში 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა. პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრიც გადააყენა და პირობა დადო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დაკავებულ დემონსტრანტებსა და ბლოგერებს გაათავისუფლებდა. ანალიტიკოსების აზრით, ბენ ალი, რომელიც ქვეყანას შიშის რეჟიმში მართავდა, სწორედ მაშინ ჩაბარდა წარსულს, როდესაც ტუნისის ქუჩებთან დათმობაზე წასვლას შეეცადა. მართლაც, 14 იანვარს, პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და თავი საუდის არაბეთს შეაფარა.

დღეს ტუნისს ახალი, დროებითი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ფუად მებაზაა ასრულებს. მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ განუშის ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბება მოსთხოვა. გარკვეული წინააღმდეგობები თან კაბინეტის შექმნასაც ახლდა. ხალხის მოთხოვნით, ახალ მთავრობაში ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრეები ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ტუნისის

ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის პოსტი ჩაიბარა უკვე ლეგანდად ქცეულმა ბლოგერმა – სლიმ ამამოუმ. ბოლო დროს მას პრეზიდენტ ბენ ალის წინააღმდეგ ნამდვილი ინტერნეტომი ჰქონდა გაჩაღებული. დროებითი პრეზიდენტი და ეროვნული ერთობის მთავრობა ქვეყანას მომდევნო 60 დღის განმავლობაში, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უხელმძღვანელებენ. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ ამ ვადაში უნდა ჩატარდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები