BP ანუ ბოლშოი პეტროლიუმ

14 იანვარს ბრიტანული კომპანია BP დათანხმდა 8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები – 5% – რუსულ კომპანია Роснефть-ს მიყიდოს. რუსული კომპანია კი თავისი აქციების 9.5%-ს British Petroleum-ს გადასცემს. გარიგების შედეგად რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანია, British Petroleum-ის მეორე ყველაზე დიდი მფლობელი იქნება.

აშშ-ში ამ შეთანხმებას ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად განიხილავენ. „გარიგებას დაკვირვება და ანალიზი სჭირდება. BP ჩვენი სამხედრო სტრუქტურების მთავარი მომმარაგებელია”, – აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ბურგესი. მან ეს გარიგება Dubai Ports World of P&O-ს მიერ აშშ-ში პორტების შეძენას შეადარა. აღნიშნული გარიგება აშშ-ის მთავრობამ დაბლოკა. მან მოუწოდა აშშ-ის სამთავრობო კომიტეტს

შეთანხმება უკეთ გამოიკვლიოს. დემოკრატმა კონგრესმენმა ედ მარკიმ კი განაცხადა, რომ BP ახლა „ბოლშოი პეტროლიუმს” ნიშნავს.
შეთანხმება BP-სა და Роснефть-ს შორის, ბარაკ ობამას მიერ შექმნილი მექსიკის ყურის სპეციალური კომისიის მოხსენების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში შედგა. BP-ის დიდი პრობლემები შეექმნა გასულ ზაფხულს მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მკაცრად მიუდგა კომპანიის ამ შეცდომას და ის თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა, British Petroleum-ის საბაზრო ფასი განახევრდა და 60 მილიარდი დოლარი გახდა. მას შემდეგ აქციების ფასი 70%-ით გაიზარდა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ კომპანიამ გასულ ზაფხულს დიდი გამოცდილება მიიღო და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან გათვითცნობიერებულნი უსაფრთხო ბურღვაში.

გარიგების მიხედვით, ბრიტანული კომპანია Роснефть-თან ერთად არქტიკაში ნავთობის მოსაპოვებელ გაბურღვებში ჩაერთვება. ვარაუდობენ, რომ კარის ზღვაში 5 მილიარდი ტონა ნავთობი და 10 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ეს ჩრდილოეთის ზღვის თავდაპირველი მარაგის ტოლია.

BP-სთვის რუსეთი საუკეთესო არჩევანი იყო. გასულ წელს მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის პარალელურად, British Petroleum-ს სურდა გრენლანდიისგან არქტიკაში გაბურღვის უფლება მოეპოვებინა. ამ უკანასკნელმა კომპანია უარით გაისტუმრა. ვეფხვების ძიძად ქცეული რუსეთის პრემიერ-მინისტრი მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრის დროს British Petroleum-ს თანაუგრძნობდა. ის აცხადებდა, რომ BP ამ კატასტროფაში დამნაშავე არ იყო და ყველაფერს ამერიკულ სუბკონტრაქტორ კომპანიებს აბრალებდა.

შეთანხმება BP-სა და Роснефть-ს შორის გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, იუსტიციის ჩრდილოვანმა მინისტრმა კრის ბრაინტმა გააკრიტიკა. მან განაცხადა: „რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს უფლება, რომ თავისი მოგების გაზრდას ეცადოს. თუმცა ამავდროულად ძლიერი ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. რუსეთში ყველაფერი სხვაგვარადაა, შეიძლება სახელმწიფომ მათი აქციები მიიტაცოს და შემდეგ ღმერთმა იცის ვის ჯიბეში აღმოჩნდება კომპანიის ფული. რუსეთში კორუფციის დონის შემოწმებაც კი შეუძლებელია”.

BP-სა და რუსულ კომპანიას შორის შეთანხმების შესახებ კომენტარი გააკეთა Юкос-ის პრესსპიკერმაც. მან British Petroleum-ი გააფრთხილა, რომ მის მიერ შეძენილი აქციები რუსეთის მთავრობამ Юкос-ს მოჰპარა და Роснефть-ის ხელში არაკანონიერადაა. 2003 წელს რუსული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს. Юкос-ის აქციები ჯერ გაყინეს, თითქმის გააუფასურეს და შემდეგ კი რუსეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფ Роснефть-ს მიყიდეს. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი ლებედევი კიდევ ერთხელ, 14 წლით „გააციმბირეს”. ხოდორკოვსკის საქმის არასამართლიანი წარმოება საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმაც, მრავალჯერ დაგმო.

BP რუსეთში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს, თუმცა მის გამოცდილებას სასიამოვნო ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს. პოსტსაბჭოთა რუსეთის ბაზარზე British Petroleum-ი 1998-1999 წლებში შევიდა. BP-მ ვლადიმირ პოტანინის ნავთობკომპანია Сиданко-ში 10% შეიძინა. თუმცა მალევე Сиданко მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო გაკოტრების პირას მივიდა. პოტანინმა კომპანია დატოვა და British Petroleum-მა ახალ მფლობელ TNK-სთან გააგრძელა ურთიერთობა. BP-TNK-ს ხელმძღვანელი ბრიტანელი ბობ დადლი გახდა. თუმცა ამით ბრიტანულ კომპანიას უკეთესი ბიზნესგარემო არ შექმნია. British Petroleum-ის თანამშრომლებს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და 2009 წელს ბობ დადლიმ რუსეთიდან ძლივს „გამოასწრო”.

2-წლიანი შესვენების შემდეგ ბობ დადლი, უკვე BP-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, რუსეთში ბრუნდება. რა გამოსწორდა რუსეთის ბიზნესგარემოში ამ ორი წლის განმავლობაში, უცნობია, თუმცა BP-სთვის არქტიკული მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოსაპოვებლად ყველანაირ რისკზე მზად არის. გაბურღვებში მთავარი როლი რუსულ კომპანიას ექნება და არა BP-ს. მოპოვებული ნავთობი კიდევ უფრო გაათამამებს კრემლს, რომელიც ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდებას ხშირად უჩერებს. 

კომენტარები