კომპიუტერების ისტორიული მუზეუმი გაიხსნა

 "კომპიუტერი არაჩვეულებრივი გამოგონებაა, რომელმაც მე-20 საუკუნეში ყველაფერი შეცვალა, ადამიანების ცხოვრების სტილი, სამუშაო გარემო, გართობის საშუალებები”, – განაცხადა გასულ კვირას მუზეუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლენ შუსტეკმა, კომპიუტერების ისტორიული მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე. სილიკონის ველზე მდებარე პატარა ქალაქ მაუნტინ-ვიუში, რომელიც მანამდე კომპანია Google-ის შტაბბინით იყო ცნობილი, კომპიუტერული სამყაროს კორიფეები შეიკრიბნენ, მათ შორის დონალდ კნუტი, გორდონ მური, ბილ გეიტსი, სტივ ვოზნიაკი და მრავალი სხვა. სწორად ისინი გახდნენ პირველი მომლოცველები, რომლებიც კომპიუტერული სამყაროს ახალი მექისკენ, კომპიუტერების ისტორიული მუზეუმისაკენ დაიძრნენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში 2300 კვ.მ. ფართობზე განთავსებულ მუზეუმზე, მას შემდეგ რაც მუზეუმი ბოსტონიდან კალიფორნიაში გადმობარგდა და რეორგანიზაციას შეუდგა, 19 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც აისახა კიდეც წარმოდგენილი ექსპონატების რეპრეზენტატიულობაზე და მრავალფეროვნებაზე. შეგროვილი ტექნიკის საშუალებით სრული წარმოდგენის შექმნა შეიძლება თუ განვითარების რა გზა განვლო თანამედროვე კომპიუტერებმა ძვ. რომაული აბაკიდან ტაბლეტურ კომპიუტერებამდე. მუზეუმის მესვეურებმა მრავალმილიონიანი სუპერკომპიუტერებიდან დაწყებული წარსულის პოპულარული სათამაშოების და კალკულატორების ჩათვლით ყველაფრის შეგროვება შეძლეს, დაახარისხეს და თავისი ადგილი მიუჩინეს. ნივთები თავად ჰყვებიან კაცობრიობის გასული ორი ათასი წლის ისტორიას, იმ ისტორიას, რომელიც თავად ამ ნივთების საშუალებით შეიქმნა.

2011 წლის იანვრიდან მაუნტინ-ვიუს კომპიუტერების ისტორიული მუზეუმი მრავალ მილიონ ტურისტს მოემსახურება. არადა ტექნოლოგიების გურმანებს იქ სანახავი ბევრი აქვთ. სხვა სად შეიძლება იხილოს ადამიანმა სულ რაღაც 15 დოლარად, რაც ბილეთის ფასს შეადგენს, მესამე რაიხისდროინდელი შიფრაციის მანქანა “ენიგმა”, კომპანია Apple-ის პირველი პერსონალური კომპიუტერი Lisa, დიდი გამომთვლელი მონსტრები – ENIAC, JOHNNIAC და მათი მსგავსები, ჰოლერიტის მანქანა, Commodore 64, რობოტი ძაღლი AIBO, სუპერკომპიუტერი CRAY, გუგლის პირველი სერვერი, აბაკები, არითმომეტრები, ნაირ-ნაირი კალკულატორები და სათამაშოები, რომელთა ქონაზეც ჩვენი მამების თაობა ოცნებობდა. მათ შორის Gameboy, Atari, Nintendo და ათასი სხვა. გარდა იმისა, რომ ამ ნივთების ნახვა უშუალოდ შეიძლება, მუზეუმის შემქმნელებმა იმაზეც იზრუნეს, რომ სტუმრებისათვის ეჩვენებინათ თუ რეალურად როგორ მუშაობდა და ფუნქციონირებდა გარდასული ეპოქის ესა თუ ის მოწყობილობა. ასე რომ, თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურებოდა Windows 1.0, Linux-ის პირველი ვერსია და როგორ იშიფრებოდა ინფორმაცია გერმანულ “ენიგმაში”, შეგიძლიათ მუზეუმს ესტუმროთ.

გამოფენის სახელწოდებაა – Revolution: The First 2000 Years of Computing (რევოლუცია: პირველი 2000 წელი გამოთვლით ტექნოლოგიებში) და მასში წარმოდგენილი ექსპონატები ე.წ. “დროის ათწლიანი გამოცდის” წესს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ ვერ ნახავთ გამოფენაზე წარმოდგენილ ნივთებს შორის iPhone-ებს, iPad-ებს და ბოლო ათწლეულის სხვა ფეტიშისტურ გაჯეტებს. მუზეუმის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მომავალშიც ამ წესს დაიცავენ და გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ იფიქრებენ გამოფენაზე ამა თუ იმ ნივთის დამატებას. მაუნტინ-ვიუში შეკრებილი ზემოხსენებული კორიფეების განცხადებით, კომპიუტერების ისტორიული მუზეუმის გახსნა დროული იყო იმის შესაფასებლად, თუ რა გზა განვლო კაცობრიობამ გამოთვლითი ტექნიკის სფეროში და, ამასთან, იმ ძველი და ერთი შეხედვით არაფრად საჭირო ნივთებისათვის პატივის მისაგებად, რომელთა მოძიებაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მუზეუმის შემქმნელებმა ორი კურდღელი მოკლეს – ნივთებსაც მოუარეს და ტექნომანებსაც გაუჩინეს ადგილი, რომლის მონახულებაზე ფიქრიც მათ უკვე დაიწყეს.

P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ:

http://www.computerhistory.org

კომენტარები