კალორია

 ჯანმრთელი და დაბალანსებული კვება ჩვენი დროის მონაპოვარი და თანამედროვე ადამიანის მიდრეკილებაა, მაგრამ კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ეძებდა კავშირს საკვებსა და საკვებით გამოწვეულ ეფექტებს – კეთილდღეობასა თუ ავადმყოფობას შორის. ანტიკურ საბერძნეთში ითვლებოდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ოთხი ელემენტის, შავი და თეთრი ნაღველის, ლორწოსა და სისხლის ბალანსზე. ჰიპოკრატეს მკურნალობის მეთოდს სწორედ ამ ბალანსის აღდგენა შეადგენდა. ჰიპოკრატემ  და პლუტარქემ საკვებისა და ჯანმრთელობის თემას წიგნები მიუძღვნეს. ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ ნიორი სხვა სასწაულმოქმედ თვისებებთან ერთად, ფიზიკური ძალისა და მხნეობის მომგვრელია, სწორედ ამიტომ, ლეგენდის მიხედვით, პირამიდებზე მომუშავე მონებს ფარაონები ნიორს აჭმევდნენ. ლეგენდისავე თანახმად, ეს მათ შრომისუნარიანობასა და ენერგიას მატებდა. თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, ჯანმრთელი კვება ჯერ ეროვნულ ობსესიად, შედეგად კი დიდ ინდუსტრიად იქცა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია დიეტოლოგიური ლიტერატურა, რომლის გაგებისთვისაც იმ ძირითადი ცნებების გაგებაა აუცილებელი, რომელსაც ეს ლიტერატურა იყენებს. დღეს კალორიაზე ვისაუბრებთ.

ადამიანის ორგანიზმი საკვების მეშვეობით იღებს იმ ენერგიას, რომელიც მას სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად სჭირდება (სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, მოძრაობა). 1 კალორია ენერგიის განსაზღვრული რაოდენობაა და უდრის იმ სითბურ ენერგიას, რაც 1 კგ წყლის 1 გრადუსით (ცელსიუსით) გასაცხელებლად არის აუცილებელი. ერთი კალორია სინამდვილეში კილოკალორიას ნიშნავს, მაგრამ სიმარტივისთვის კილოკალორია კალორიამ ჩაანაცვლა.

მიღებული კალორიების „მონელება” პირდაპირ კავშირშია მიმღების სხეულის წონასთან და აქტივობასთან. თუ მიღებული კალორიების რაოდენობა დახარჯული კალორიების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება, დაირღვევა ბალანსი და მოხდება ჭარბი წონის აკუმულირება. საპირისპიროდ, წონის დაკლებას გამოიწვევს დახარჯულზე ნაკლები კალორიების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ საკვები მრავალი კომპონენტისგან შედგება, კალორიებს მხოლოდ ოთხი წყაროსგან ვიღებთ: ნახშირწყლებისგან, ცილებისგან, ცხიმებისგან და ალოკოჰოლიდან. ნახშირწყლების და ცილების ყოველი გრამი 4 კალორიის მატარებელია, თითო გრამი ალკოჰოლი 7-ის, ცხიმები – 9 კალორიის. ანუ, თუ მივიღებთ საკვებს, რომელიც 10 გრამ ცხიმს შეიცავს, მხოლოდ ცხიმიდან 90 კალორიას მივიღებთ.

ნებისმიერი საკვები, რომლის მკვებავი ღირებულება, შემცველი კალორიების რაოდენობის თანაფარდია, დაბალანსებულ და შესაბამისად ჯანმრთელ საკვებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ასეთია მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, მჭლე ხორცი, ფრინველის თეთრი ხორცი და დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები. იმ კატეგორიაში, რომელიც კალორიების გარდა ბევრს არაფერს შეიცავს, ლიდერობს ნამცხვრეული, ჯემები, მურაბა და შოკოლადი. სასმელებიდან ასეთია ლუდი, ღვინო და მაგარი ალკოჰოლური სასმელები.

ფორმისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჩვენ მიერ მიღებული კალორიების 60 პროცენტი ნახშირწყლებიდან (მარცვლეული, ბოსტნეული) უნდა მოდიოდეს, ცილებიდან მიღებულმა კალორიებმა 15 პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს, ხოლო ცხიმიდან მიღებული კალორიები 30 პროცენტამდე უნდა შევამციროთ.

კომენტარები