უმუშევრობის ზრდა ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ნაკლებია

მსოფლიოში უამრავი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. მათ უმრავლესობას  საერთო პრობლემა აქვს – სამუშაო ადგილების ნაკლებობა. მეორე მხრივ, ხშირად ნებისმიერი სამსახური უბრალოდ საკმარისი არ არის.

დასაქმების პრობლემაზე ფიქრისას, ყველას ერთი და იგივე რამ უტრიალებს თავში – უმუშევრობა. თუმცა დასაქმების ბაზრის კვლევისას, მხოლოდ ამ ასპექტის გათვალისწინებამ შეიძლება არასანდო შედეგები მოგვცეს. მათი ინტერპრეტაციაც, შესაბამისად, არაზუსტი იქნება.

ხშირად, არაერთ განვითარებად ქვეყანაში უმუშევრობის დონე განვითარებულ ქვეყნებზე უფრო დაბალია. საქმე ისაა, რომ იქ დასაქმებად ითვლება ნებისმიერი სამუშაო, რომელიც საარსებო მინიმუმს უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ფორმალურად მართლაც დასაქმებულები არიან, ეს სამუშაო ადგილები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის ძალიან ცოტას ნიშნავს. ასეთი სამუშაო ადგილები ხშირად ამ ადამიანების სიღარიბის შემსუბუქებას ვერ უზრუნველყოფს.

Gallup-მა გადაწყვიტა, ინტერპრეტაციის ცდომილება მაქსიმალურად შეამციროს: ის ცდილობს, არა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დათვალოს 129 ქვეყანაში, არამედ  მათი ინდივიდუალური კეთილდღეობა და სამსახურით კმაყოფილება გაზომოს. Gallup-ი ითვლის არა მხოლოდ ნებისმიერ სამსახურს, ის ითვლის „კარგ” სამსახურებს. ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოკითხავს 129 ქვეყნის რესპონდენტებს და ამოწმებს, თუ რამდენი მათგანია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული და რამდენია უმუშევარი.

სრულ განაკვეთზე დასაქმებულად ითვლება ის, ვინც დაქირავებული თანამშრომელია და კვირაში სულ მცირე 30 საათს მაინც მუშაობს. ის შეიძლება თვითდასაქმებულიც იყოს, ოღონდ ისიც სამუშაოს კვირაში მინიმუმ 30 საათს უნდა უთმობდეს. ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულად ითვლება ის, ვინც კვირაში 30 საათზე ნაკლებს მუშაობს. აქ რესპონდენტები ორ ჯგუფად იყოფიან: პირველი, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობით კმაყოფილია, დამატებით სამუშაოს არ ეძებს და რომც შესთავაზონ, მაინც არ დათანხმდება. მეორე, ვინც დამატებითი სამუშაოს ძიებაშია და თანახმაა, დაუყოვნებლივ შეუდგეს მუშაობას. უმუშევრად ითვლება ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს, ვერ შოულობს, თუმცა მზად არის სამსახურის გამოჩენისთანავე დაიწყოს მუშაობა. კვლევა ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, როდესაც რესპონდენტებს ან უბრალოდ არ უნდათ მუშაობა, ან სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ: მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც სრული დატვირთვით სწავლობენ, პენსიონერები ან შეზღუდული უნარების მქონე პირები.

Gallup-ის 2009 და 2010 წლების კვლევის შეფასებით, მსოფლიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 7% უმუშევარია. 40% დასაქმებულია სრულ განაკვეთზე, 12% – ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ დამატებითი სამუშაოს ძებნის პროცესშია. 2009-2010 წლებში უმუშევრობის დონემ მსოფლიოს ყველა რეგიონში მოიმატა. შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში უმუშევრობა ყველაზე მეტად გაიზარდა: შუა აღმოსავლეთში 2009 წელს 8%-დან 13%-მდე და აფრიკაში – 6%-დან 12%-მდე.

ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ზრდა ასეთი დრამატული არ ყოფილა. Gallup-ის კვლევის შეფასებით, საქართველოში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 20-29%. ნახევარ განაკვეთზე – 35%-ზე მეტი. უმუშევარია – 15%-ზე მეტი. საქართველოს უშუალო მეზობლებიდან, სომხეთში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 30-39%. ნახევარ განაკვეთზე – 35%-ზე მეტი. უმუშევარია – 15%-ზე მეტი. რუსეთში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 50%-ზე მეტი. ნახევარ განაკვეთზე – 15%-ზე ნაკლები. უმუშევარია 5-9%. თურქეთში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 40-49%. ნახევარ განაკვეთზე – 15-24%. უმუშევარია 10-14%.

აზერბაიჯანის შესახებ კვლევას მონაცემები არ აქვს. საქართველოს შემთხვევაში, კვლევამ ვერ გაითვალისწინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 7%-ია. ამის მიზეზად ინტერვიუერების უსაფრთხოება დაასახელა.

გლობალურად, საშუალოდ, დასაქმების ადრეული ასაკი 15, ხოლო გვიანი – 69 წელია. ამასთან, 15-დან 29 წლამდე რესპონდენტები ან დამატებითი სამუშაოს ძიებაში არია, ან საერთოდ უმუშევრები. 50-დან 69 წლამდე რესპონდენტები, საშუალოდ, ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ და სხვა სამსახურის შეთავსებაც უნდათ. 69 წლიდან იზრდება იმის ალბათობა, რომ არ მუშაობენ და არც სურვილი აქვთ. მამაკაცებს უფრო უმართლებთ ვიდრე ქალებს: მსოფლიოში დასაქმებული მამაკაცების რაოდენობა ქალებისას ორჯერ აღემატება. ამასთან, როგორც წესი, მეტი ალბათობაა, რომ სწორედ მამაკაცი იქნება სრულ განაკვეთზე დასაქმებული.

კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, ერთ სულზე მშპ-ც უფრო მაღალია. ამასთან, სრულ განაკვეთზე კონტრაქტით დაქირავებული თანამშრომლები უფრო დადებითად აფასებენ საკუთარ კეთილდღეობას, ვიდრე თვითდასაქმებულები. ინდივიდუალური კეთილდღეობისა და წარმატების შეფასებისას, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სამუშაო სტატუსიცაა.

Gallup-ის კვლევის შეფასებით, ხარისხიან სამუშაო ადგილებს ყველაზე ეფექტიანად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. ამ კომპანიების სათავეში, როგორც წესი, ნებით და არა აუცილებლობის გამო თვითდასაქმებული ადამიანები არიან. თუ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, ამ ადამიანებს მეტი შანსი ექნებათ, სხვები კონტრაქტის საფუძველზე დაიქირაონ. ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება ინდივიდუალური კეთილდღეობა და საზოგადოების პროდუქტიულობა – კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორობა (რომელიც, პირველ რიგში, სწორედ ამ მიზნისკენ სტაბილური სვლის საზომია) საქართველოსთვის არც ისე პატარა მიღწევაა.

კომენტარები