პანარაბული დომინოს ეფექტის შიში

ბოლო რამდენიმე კვირაა, არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბების საპროტესტო აქციები ერთი ქვეყნიდან მეორეში ინაცვლებს. ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება და ახლა ექსპერტთა მთავარი შეკითხვაა, თუ ვინ იქნება შემდეგი.

არაბული ლიგის ქვეყნებზე გაკეთებულ 2009 წლის ანგარიშში, გაეროს სპეციალური კომისია მიუთითებდა, რომ ამ რეგიონში უმუშევრობის, სოციალური უთანასწორობის, რეპრესიებისა და კორუფციის განსაკუთრებულად მაღალი დონეა. 2010-11 წლებიდან ამ ყველაფერს საკვებ პროდუქციასა და ნავთობზე ფასების ზრდაც დაემატა. დაუსაქმებელი მოსახლეობის სრული უმრავლესობისთვის კი ეს ყველაფერი გაუსაძლის მდგომარეობას ქმნიდა. გახშირდა ადამიანების მიერ თავის დაწვის ფაქტები. პიროვნული პროტესტი, ინტერნეტსაიტებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით მალე მოქალაქეთა საერთო ამბოხებად იქცა. მანიფესტანტები სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად არსებული რეჟიმების შეცვლასაც მოითხოვენ. ტუნისსა და ეგვიპტეში განვითარებული მოვლენებით შეშინებულმა იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ საკუთარი ხალხის სურვილი უკვე დააკმაყოფილა – მან მთავრობა დაითხოვა და ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა.

მომავალი აჯანყებების ყველაზე რეალურ მსხვერპლად ექსპერტებს იემენის პრეზიდენტი – ალი აბდულა სალეჰი მიაჩნიათ, რომელიც ჩრდილოეთ იემენს 1978 წლიდან უდგას სათავეში, ხოლო უკვე გაერთიანებულ სახელმწიფოს 1990 წლიდან ხელმძღვანელობს. გასულ კვირას ქვეყნის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მოეწყო, რომლის ორგანიზებაც ინტერნეტსაიტების მეშვეობით სტუდენტებმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა და ისლამისტებმა მოახერხეს. ჯერჯერობით სალეჰი იემენის მმართველად რჩება – იგი ქვეყნის ტომობრივი მოსახლეობით მანიპულირებს, შეიარაღებული ძალებიც მხოლოდ მას ემორჩილებიან. შეძლებენ თუ ვერა პროტესტანტები სალეჰის მმართველობის დამხობას, ჯერჯერობით ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მმართველობის რევოლუციის გზით დასრულება იემენის არაერთგვაროვან საზოგადოებაში დიდ ქაოსს გამოიწვევს.

მშვიდი მდგომარეობა არც სუდანშია. ქვეყნის სამხრეთი ნაწილის დაკარგვაზე პასუხისმგებლობას მოსახლეობა ომარ ალ-ბაშირს, მოქმედ პრეზიდენტს აკისრებს. მან საკუთარი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები და მათთვის მიცემული პირობების ნახევარზე მეტი ვერ შეასრულა. ცხოვრების დონე ამ ქვეყანაში ისევ დაბალია, ფასები კი მუდმივად იზრდება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში უმუშევარი ახალგაზრდები დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, მათი აქციები მალე სამართალდამცავებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 70 პროტესტანტი კი დააკავეს.

ალჟირსა და ლიბიას მეზობელმა სახელმწიფოებმა კარგი გაკვეთილი ჩაუტარეს. იმის შიშით, რომ იგივე მათ ქვეყნებშიც არ განმეორდეს, ამ სახელმწიფოების ლიდერებმა უკვე შეამცირეს იმპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული გადასახადები, ხოლო საკვებ პროდუქტებზე ფასები დაწიეს. 

განსაკუთრებულად რეპრესიული სახელმწიფოების ლიდერები, როგორიცაა ლიბიის მმართველი მუამარ კადაფი და სირიის ხელმძღვანელი ბაშარ ალ-ასადი, ჯერჯერობით მტკიცედ დგანან ქვეყნის სათავეში და ნებისმიერ საპროტესტო ელემენტს მკაცრად უსწორდებიან. თუ ამ ქვეყნებში პროტესტმა ისეთივე მასშტაბებს მიაღწია, როგორც მაგალითად ეგვიპტეშია, მაშინ, ექსპერტთა ვარაუდით, იგი ბევრად უფრო სისხლიანი იქნება.

მაროკოს მეფე თავს ჯერჯერობით უსაფრთხოდ გრძნობს.  მისი საკითხი ნაკლები სიმწვავით დგას – მონარქის დიდი სამხედრო არმია ქვეყნის მცირერიცხოვან მოსახლეობას მარტივად უმკლავდება. რაც შეეხება საუდის არაბეთს, აქ საქმე ცოტა განსხვავებულადაა. განათლებული მოსახლეობის მზარდი რაოდენობა ქვეყნის საშუალო ფენას წარმოადგენს, მონარქის პოლიტიკა დიდად წარმატებული უკვე აღარ არის, ალ-ყაიდასთან არსებული მოუგვარებელი პრობლემებიც მის არაეფექტიანობაზე მიუთითებს.  მარტივი შესაძლებელია, ქვეყანაში არსებული მოჩვენებითი სიმშვიდიდან, დიდ არეულობამდე დროის მცირე მონაკვეთი იყოს დარჩენილი.

2003 წლის ნოემბერში ჯორჯ ბუშმა შუა აზიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გამოსვლაში კითხვა დასვა: „აქვს თუ არა რაიმე შანსი ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას მიაღწიოს თავისუფლებას? მილიონობით ქალს, მამაკაცსა და ბავშვს საკუთარმა ისტორიამ და კულტურამ ხომ არ მიუსაჯა მუდმივ დესპოტიზმში ცხოვრება? ამ რეგიონის მოქალაქეები განწირულები ხომ არ არიან იმისთვის, რომ ვერასოდეს გაიგონ რა არის თავისუფლება და  ვერასოდეს გააკეთონ საკუთარი ნების შესაბამისი არჩევანი?”. 8 წლის შემდეგ არაბული სამყაროს მოსახლეობის პასუხი ამ კითხვებზე ცალსახაა. უკანასკნელი პერიოდი რიგი არაბული სახელმწიფოებისთვის ავტოკრატიული მმართველობისაგან გათავისუფლების და დემოკრატიისაკენ სწრაფვის პერიოდია. იმ პირობების გამოსწორება, რომელიც ამ ქვეყნებში უკვე მრავალი წელია არსებობს, ახალი, დემოკრატიული მთავრობებისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.  

კომენტარები