საბჭოთა დღესასწაულები

გილოცავთ 8 მარტს!

0 კომენტარი

 „საბჭოთა ქალებო, დაე, 8 მარტი ქცეულიყოს ბინძური კაპიტალისტების დამარცხების დღედ. წინ კომუნიზმისკენ!” – 1922 წელს, ამხანაგმა ფილიპე მახარაძემ ქალებს დღესასწაული ასე მიულოცა. წითელი რევოლუციონერების საამაყო თარიღი, თანამედროვე საქართველოს კალენდარში ქალთა საერთაშორისო დღედ არის მონიშნული და უქმეა. მართალია, ქართველებმა ფილიპე მახარაძის გვამი პანთეონიდან გადმოაგდეს და 8 მარტსაც მდედრობითი სქესისთვის საჩუქრების მისართმევად იყენებენ, მაგრამ ამით დღესასწაულის არსი არ იცვლება. არ იცვლება იმიტომ, რომ 8 მარტი, როგორც 1927 წლის გაზეთ კომუნისტში რეზინის საქსოვი ქარხნის დამკვრელი მუშა, ქალბატონი ნინა ბაკურაძე წერდა, „კომუნისტური მსოფლიოს დღესასწაულია. დღე, რომელიც ლენინმა აჩუქა მშრომელ ქალებს!” 

ჩვენთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს ისვენებს – ანგოლა, ბელარუსი, კამბოჯა, კუბა, ერიტრეა, გვინეა-ბისაუ, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაკედონია, მოლდოვა, მოზამბიკი, ნეპალი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. „ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების” დღეს ოფიციალურად არ აღნიშნავენ არც პოსტსაბჭოთა პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში და არც შვედეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და დანიაში, სადაც ფემინისტებმა საკუთარი სურვილები ყველაზე მეტად განახორციელეს. 

დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას ხშირად ამერიკელ მუშა ქალებს მიაწერენ. ამბობენ, რომ 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, ქსოვილის ფაბრიკაში მომუშავე ქალები 12-საათიანი სამუშაო დღის, მცირე ხელფასისა და მზარდი სამუშაო დატვირთვის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, ბევრი მათგანი დააკავა, ზოგიერთი შეტაკებისას გარდაიცვალა. ორმოცდაათი წლის შემდეგ კი, წლისთავის აღსანიშნავად 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. თუმცა, რათგერსის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და გენდერული საკითხების მკვლევარი, თემა კაპლანი ფრანგ კოლეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს უბრალოდ ლეგენდაა, რომელიც 1955 წლამდე არავის სმენოდა. ამ დემონსტრაციის შესახებ იმდროინდელი ამერიკული პრესაც არაფერს გვეუბნება, მაშინ, როცა სხვა დემონსტრაციები აქტიურად შუქდებოდა. პროფესორის ვარაუდით, ევროპელი სოციალისტები საბჭოთა კავშირთან ასოცირებამ დაღალა და მითიც ამის საფუძველზე შეიქმნა.  
 
სინამდვილეში ამერიკაში, ქალის (მხოლობითში) საერთაშორისო დღე პირველად 1909 წლის თებერვალში აღნიშნეს. 1908 წელს  აშშის სოციალისტურმა პარტიამ შექმნა ქალთა ეროვნული კომიტეტი და დემონსტრაციების ჩატარება დაავალა. სოციალისტური პარტიის ნიუ იორკის შტაბმა გადაწყვიტა ბრძანების შესრულებას შედგომოდა და 1908 წლის 8 მარტს მასობრივი გამოსვლა მოაწყო მუშა ქალთა უფლებების დაცვისთვის. ამერიკელმა სოციალისტებმა დაადგინეს, რომ ყოველი წლის თებერვლის ბოლო კვირა დღე, ქალთა ეროვნულ დღესასწაულად უნდა გამოცხადებულიყო. 1909 წლის 23 თებერვალს ნიუ იორკელი სოციალისტი ქალები ისევ შეიკრიბნენ ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. ზოგადად, პროპაგანდისტულ საქმიანობაში, საერთო სოციალისტური კალენდარი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და მემარცხენე ძალის კონსოლიდაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა. 
 
ევროპაში ქალთა დღის დამკვიდრება კლარა ცეტკინის პოლიტიკურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ცეტკინი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მოგვიანებით კი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1890 წლიდან 1915 წლამდე ის გერმანული სოციალისტური გაზეთის – თანასწორობის – რედაქტორი იყო. ცეტკინი გამოცემის საშუალებით პროლეტარიატის ინტერესებს აქტიურად ლობირებდა. გაზეთს ლაიტმოტივად გასდევდა ჩაგრული პროლეტარიატის და კიდევ უფრო ჩაგრული ქალთა „კლასის” ტანჯვის ხატი. კლარას ინიციატივით, ევროპაში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1911 წელს დაიწყეს. 1910 წლის აგვისტოში მეორე ინტერნაციონალის დაწყებამდე კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა კრება გაიმართა. ლუის ზიტცმა და კლარა ცეტკინმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა შემოიტანეს, თუმცა რიცხვი არ დაუთქვამთ. 1911 წლის 18 მარტს პარიზის კომუნის 40 წლისთავს სოციალისტებმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნაც დაამთხვიეს. სოციალისტები პარიზის კომუნას პროლეტარიატის პირველ დიქტატურად თვლიდნენ. იმავე დღეს ქალის საერთაშორისო დღე ავსტრია-უნგრეთის სოციალისტურმა ნაწილმაც აღნიშნა. ვენის ქუჩებში 300-მდე ქალი გამოვიდა.  
 
ყველაზე დრამატულად ქალის დღე 1917 წლის თებერვალს, პეტროგრადში აღინიშნა. ეკონომიკური კრიზისის გასაპროტესტებლად ქალებმა 23 თებერვალი (გრეგორიანული კალენდრით, დასავლეთში – 8 მარტი) აირჩიეს. 25 თებერვალს მეფემ გენერალ ხაბალოვს დემონსტრანტების დაშლა, საჭიროების შემთხვევაში კი სროლა უბრძანა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, ყველას კარგად ახსოვს: მეფე წავიდა, დროებითი მთავრობა მოვიდა, ისიც დაამხეს და ბოლშევიკებმა ქვეყანა ხელთ იგდეს. 8 მარტი (ახალი სტილით) რევოლუციის წინმსწრები ბოლშევიკური ღონისძიება გახლდათ. მადლიერმა ლენინმა კლარა ცეტკინს ნატვრა აუსრულა და 1922 წელს ქალთა საერთაშორისო დღე საბჭოთა დღესასწაულად აქცია. სადაც კომუნისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, იქ 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად მკვიდრდებოდა. 1965 წელს კი ეს თარიღი მთელ საბჭოთა კავშირში უქმე დღედ გამოცხადდა. კომუნისტური დღესასწაულის საერთაშორისო არენაზე გამოჩენას, ნიუ იორკელი ქალების შესახებ მითმა შეუწყო ხელი. 1977 წელს, გაერომ წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა მდედრობითი სქესისთვის დღესასწაული მათი ისტორიული და კულტურული ტრადიციის მიხედვით მიეძღვნათ. გაეროს რეპუტაციაზე დიდი ხანია აღარავინ დავობს. გასულ კვირას კი პრეზიდენტმა ობამამ ამერიკაში მარტი ქალთა თვედ გამოაცხადა, ხოლო მოქალაქეებს  მოუწოდა ქალთა საერთაშორისო დღესასწაულის 100 წლისთავი 8 მარტს აღენიშნათ. რადგან პრეზიდენტმა ათვლის წერტილად 1911 წელი ცნო, ამით ოფიციალურად მოკვდა 1857 წლის მითი. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ მის ხელისუფლებაზე ბევრს მხოლოდ ის ათქმევინა, რომ კრიპტოსოციალიზმის ნიღაბი სულ უფრო გამჭვირვალე ხდება.
 
 საქმე ის არის, რომ ახლა 8 მარტის დღესასწაულს მნიშვნელოვნად ერთი მხრივ ისინი  მიიჩნევენ, ვინც ამ დღეს ყვავილების ჩუქებას ან მიღებას მიეჩვია, ხოლო მეორე მხრივ – ვისთვისაც აღნიშნულ დღესასწაულს იდეოლოგიური მიზნები აქვს. მაგალითად, გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, თამარ საბედაშვილი ტაბულასთან საუბარში 8 მარტს მნიშვნელოვან დღესასწაულს უწოდებს. განმარტავს, რომ „ეს დღესასწაული დიდი ხანია დაიცალა საბჭოთა კონტექსტისგან, დღეს მას ქალთა უფლებების ადვოკატირებისა და ამ თემაზე პედალირებისთვის ვიყენებთ”. საბედაშვილისთვის ქალთა საერთაშორისო დღეს პრაგმატული მნიშვნელობა აქვს, რომლითაც გენდერული თანასწორობის საკითხმა წინ უნდა წამოიწიოს. 
 საბედაშვილი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას, ქალის ბედნიერების ხელისშემშლელი ფაქტორების მოშლაში ხედავს, რაც მენტალობის ცვლილებით უნდა მოგვარდეს. ის ქალების პრობლემებს მრავალ ფენად ახარისხებს: ოჯახის რეპრესიული ხასიათიდან დაწყებული – მმართველ ორგანოებში ქალთა არაპროპორციული წარმომადგენლობით დამთავრებული. როგორც დასავლელ ფემინისტებს, მათ ქართველ კოლეგებსაც ხშირად მოჰყავთ სტატისტიკა. ამით ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლებ რეალიზებულები არიან, მეტი დატვირთვა აქვთ ბავშვების აღზრდაში და რაც მთავარია, მათი მძიმე სამუშაო ნაკლებანაზღაურებადია. 
 
მთავარი დამნაშავე ქალთა ჩაგვრის პროცესში, ფემინისტების აზრით, ტრადიციული ოჯახია. თუმცა ეს მოსაზრება ახალი არ არის, ჩარლზ ფურიედან – ენგელსის  ნაშრომამდე „ოჯახის წარმოშობა, კერძო საკუთრება და სახელმწიფო” ფემინისტებისა და სოციალისტებისთვის,  ტრადიციულ ოჯახსა და კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ სისტემას შორის ორგანული კავშირი არსებობდა. ოჯახური ჩაგვრის სისტემის აღმოსაფხვრელად, ფემინისტების აზრით, აუცილებელია, ქალმა სახლი დატოვოს და სამუშაოდ გავიდეს. მათ, ვინც დიასახლისობას არჩევს, ზოგჯერ ასეც ახასიათებენ: პარაზიტი (ბევუა და ფრიდანი), ნახევრად ადამიანი (შტაინმანი). ხოლო მეორე ნაწილი მათ შეიცოდებს და იტყვის, ქალებს, რომლებსაც ამგვარი არჩევანის გაკეთება მოუწიათ, ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და შეურაცხყოფისგან დავიცვათო. 
მათი აზრით, ოჯახში ჩაგვრის კიდევ ერთი მექანიზმი არსებობს – ბავშვი. გაჩენისა და ძუძუთი კვების გარდა, ფემინისტების აზრით, ქალს ზედმეტად ბევრი ევალება აღზრდაში. ეს კი მას დიასახლისად აქცევს. მამაკაცზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, ქალი სამსახურში უნდა წავიდეს, სახელმწიფომ კი შექმნას ბავშვებზე მზრუნველობის დღის ცენტრები, სადაც დედები ბავშვებს დატოვებენ. ამ გზით ქალს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს. თუმცა, თუ ადრე ქალი მეუღლეზე იყო დამოკიდებული, ამის შემდეგ ის სახელმწიფოზე ხდება დამოკიდებული. ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ოჯახში დარჩენას აირჩევს თუ სამუშაოზე წასვლას. ორივე გადაწყვეტილება თანაბრად პატივსაცემია. მდედრობითი სქესის წარმომადგენლის გადაწყვეტილებაზე ოჯახის სხვა წევრების პროტესტი „იძულების ფორმა” არ არის. მრავალი ქალის გაბედული ნაბიჯები მეტყველებს, რომ ყველაფრის გადალახავაა შესაძლებელი. ხოლო თუ ქალს ურჩევნია, ოჯახის წევრების გაბრაზებას, წინსვლა ანაცვალოს – ეს მისი ინდივიდუალური არჩევანია. ადამიანს აქვს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. ყველა თავისით განსაზღვრავს, რა არის ბედნიერება – ოჯახში დარჩენა თუ სხვა ნებისმიერი. 
 
მეორე პრობლემა, რასაც ქართველი და უცხოელი ფემინისტები ასახელებენ, პოლიტიკაში ქალთა მცირე დოზით მონაწილეობაა. თამარ საბედაშვილი თვლის, რომ სამთავრობო ორგანოებში გენდერული პროპორციულობაა საჭირო. თუმცა გაუგებარია, ეს  რას გულისხმობს – როგორ უნდა გადანაწილდნენ ქალები და კაცები 50/50-ზე ისე, რომ ამან საბჭოთა სოციალური ინჟინერია არ მოგვაგონოს: გავთვალოთ, რომელ სექტორში რამდენი კაცი და რამდენი ქალი უნდა მუშაობდეს? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დისკრიმინაცია. თუმცა ამ კონტექსტის გათვალისწინებით პროპორციულობის და კვოტების მაგივრად, ფაქტებზე უნდა ვისაუბროთ. 
 
მესამე მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი ფემინისტებისთვის ქალთა ფინანსური შემოსავალია. ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ერთი და იგივე შრომის გამღებ ქალსა და კაცს, ანაზღაურება სხვადასხვაგვარი აქვთ. თუმცა ერთი რამ გაუგებარია – თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ ქირაობენ კორპორაციები მხოლოდ ქალებს. ეს მათ ხარჯების შემცირების საშუალებასა და კონკურენტებთან მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს. 
 
ფემინისტები ქალთა ბედნიერებისთვის იბრძვიან. მათ მიერ დასახელებულ საკითხებს შორის ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად მნიშვნელოვანია. აუცილებელია ქალებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია. თუმცა ფემინისტები აქცენტს მაინც ოჯახისა და საზოგადოების მჩაგვრელ ხასიათზე სვამენ. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ისინი ქალებს მეტ ბედნიერებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ გენდერული როლების ცვლილება გარანტირებულ ბედნიერებას არ ნიშნავს – ისეთ ქვეყანაშიც კი, სადაც ფემინისტებმა თითქმის ყველა საწადელს მიაღწიეს, ქალთა ბედნიერება ყოველწლიურად იკლებს, მამაკაცებისა კი იზრდება.
 
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უპრიანი იქნება დაისვას კითხვა, რას, ან რატომ ვზეიმობთ საქართველოში? თუ გვსურს, ქალთა დღე ვიზეიმოთ, 8 მარტი ამისთვის საუკეთესო თარიღი არ არის – პარტიული თარიღია. ეგებ მოვიდა დრო, მიდგომას –  „რატომაც არა”, კითხვა – „რატომ?” დავუპირისპიროთ და უარი ვთქვათ იმ დღესასწაულზე, რომელიც კომუნისტურ ფესვებს ვერ მალავს.
 
ცხადია, ყვავილების ბიზნესის ერთჯერადი გამოცოცხლება ცუდი არაა, მაგრამ ამის გაკეთება სახელმწიფო კალენდრის მიღმაც არის შესაძლებელი. 
ბოლოს და ბოლოს, თუ ევროპაში საშუალოდ 10 დღეს ისვენებენ, ჩვენ ყურით მოთრეული თარიღების აღნიშვნის გამო, 40%-ით მეტს ვისვენებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები