სახალხო კრების ახალი პროდუქტი - ”შეფიცულთა ინსტიტუტი”

დღეს ჭადრაკის სასახლეში სახალხო კრების სპეციალური ორგანოს - შეფიცულთა რაზმის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. შეფიცულები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებენ და მოსახლეობას “უსამართლობისგან დაიცავენ”, განაცხადა სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, შეფიცულებთან დაკავშირება და მათგან დახმარების თხოვნა ნებისმიერ მოქალაქეს ცხელი ხაზის მეშვეობით შეეძლება.

"ხელისუფლების სურვილია, რომ შეფიცულებთან დაკავშირებით მოსახლეობას ”მხედრიონის” ასოციაცია გაუჩნდეს , მაგრამ ეს არ მოხდება. შეფიცულთა შემადგენლობით სახალხო კრების ძალიან სერიოზული ორგანო შეიქმნა, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის იქნება დასაყრდენი, ვის მიმართაც ხელისუფლება უსამართლო ნაბიჯის გადადგმას გაბედავს," აღნიშნა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ”შეფიცულთა ინსტიტუტი” ”სახალხო პატრულის” მსგავსი ინსტიტუტია, რომელიც 2009 წლის აპრილის საპროტესტო აქციების დროს შეიქმნა და „დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა.“ ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ სახალხო კრების "შეფიცულები" უსამართლობის წინააღმდეგ „ცარიელი ხელებით“ იბრძოლებენ და მთელი საქართველოს მასშტაბით სახალხო კრების მიერ გახსნილ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტებთან იმოქმედებენ.

ჭადრაკის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არჩევნები აუცილებლად იქნება, თუმცა, მისი თქმით, არჩევნებამდე „გამოცხადდება დაუმორჩილებლობა და ხელისუფლება წავა, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება.“

ჭადრაკის სასახლეში ”შეფიცულთა” ფიცის ტექსტი მსახიობმა გია ბურჯანაძემ წაიკითხა. ფიცის დადების შედეგ , ”შეფიცულებს” დროშები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. „შეფიცულთა ინსტიტუტის“ წესდება იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაწერა.

 

კომენტარები