მიწისძვრის ღმერთი

 წინა კვირას, ინტერნეტით გავრცელდა ქადაგება, სადაც წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური დავით ქვლივიძე, იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საუბრობს.  ამ დროისთვის ჩანაწერი უკვე 27 ათასზე მეტმა მნახველმა მოიწონა – მისი რეიტინგი სწრაფად იზრდება. მღვდელი ბუნებრივ კატასტროფას ღვთაებრივ სასჯელს მიაწერს და ერთ-ერთ მიზეზად ამ ქვეყანაში „ქალწულობის ინსტიტუტის” არარსებობას ასახელებს. მამა დავითი – მმკ-ს აქტიური წევრი – უფრო შორსაც მიდის და ბიბლიურ წარღვნას, სოდომსა და გომორს, ჯალალ-ედ-დინის ლაშქრობას, კონსტანტინოპოლის დაცემას, ოქტომბრის რევოლუციას, წინა წელს ჰაიტისა და ჩილეში მომხდარ მიწისძვრებს ერთმანეთთან აკავშირებს და ღვთის რისხვად წარმოგვიდგენს. 

მთელი ქადაგება სავსეა, როგორც ღვთისმეტყველებისთვის აქამდე უცნობი ტერმინებით, მაგალითად: „ყოვლადწესიერი ღმერთი”, ისე ანტისემიტური განცხადებებით, „ქრისტეს ჯვარმცმელ”-ებრაელთა ორიათასწლოვანი ტანჯვისა და დევნის შესახებ, რომელიც მათთვის ასევე ღმერთს მოუვლენია. აპოკალიფსის წინმსწრებ მოვლენებზე საუბრისას, მღვდელი აღნიშნავს, რომ ყოვლადმოწყალე და სამართლიანი ღმერთი, ადამიანებს წინასწარ აფრთხილებს, თუ რა მოჰყვება გარყვნილებას. სწორედ ამიტომ, გზასაცდენილ შვილთა ჭკუაზე მოსაყვანად, უსამართლო არ იქნება, თუ ერთხელაც ცუნამის ან დამპყრობელს გამოგზავნის.

წმინდა წიგნების თავისებური ინტერპრეტაციის უფლება ყველას აქვს, თუმცა მამა დავითის ქადაგებაში ვერ შევხვდებით თანაგრძნობის გამომხატველ სიტყვებს დაღუპულთა ოჯახების ან დაზარალებულების მიმართ. გარდა ტრაგედიისადმი ცინიკური დამოკიდებულებისა, გაუგებარია, როგორ იქცნენ მარტის თვეში იაპონელები იმ ქვეყნის შვილებად, სადაც „ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამეძავო სახლებია გახსნილი”, როცა დეკემბერში, საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქმა ილია მეორემ მათ გემოვნებიანი ერი უწოდა და კულტურა შეუქო. სამწუხაროდ, სასულიერო პირების მიერ ღმერთის თანამსაჯულის როლის მორგება ახალი არ არის. ასეთ შემთხვევებში  ქრისტიანული გულმოწყალება და მოყვასის სიმძიმის გაზიარება, ან უკანა პლანზეა გადაწეული, ან საერთოდ დავიწყებულია. „ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?” (ლუკა 13:4) – საგანგებოდ შენიშნა იესო ნაზარეველმა მათთვის, ვისაც სხვებზე ნაკლებ ცოდვილი ჰგონია თავი და გაჭირვებაში მყოფების მიმართ თითის გაშვერით ჭეშმარიტების მფლობელის სახელს ითვისებს. მაგრამ აქ მთავარი კონტექსტია – მსგავსი ქადაგებების მიზანს მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ რწმენის გამყარება წარმოადგენს. ყვითელი პრესით ტირაჟირებული თეორიის მიხედვით, აპოკალიფსი არათუ ახლოს არის, არამედ ამ წუთებში ხორციელდება. მამა დავითიც იაპონელი ხალხის უბედურების, ამ ბიბლიური პროცესის ცოცხალ ნაწილად წარმოჩენას ცდილობს. მოლოდინი იმდენად დიდია, რომ სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი ყოველ კატაკლიზმს ლამის სიხარულით ხვდება. შემდეგ „გარყვნილ ერს” ზევიდან გადმოხედავენ და თავმომწონედ ეტყვიან – „ხომ გაფრთხილებდით! ჟამი ახლოა!” იქვე სასხვათაშორისოდ ამატებენ, რომ მათ ცოდვილები კი არ სძულთ, უბრალოდ „ეცოდებათ”. მაგრამ ამის ბევრს აღარ სჯერა.
 
თანამედროვე ქრისტიანი ლიდერების სიტყვებში, მსგავს დამოკიდებულებას ვერ შევხვდებით. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ბართლომეოს პირველმა – „დამძიმებული გულით” – გამოხატა ღრმა მწუხარება ამომავალი მზის ქვეყნებში მცხოვრები თავისი – „დებისა და ძმების მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ და რომელთაც ჯერ კიდევ ემუქრებათ საფრთხე”. მსგავსად ადეკვატური იყო რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს რეაქცია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა იაპონიის საელჩოში ვიზიტისას განაცხადა: „მიიღეთ საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სამძიმარი და დიდი გულისტკივილი და გთხოვთ გადასცეთ იგი თქვენს მოსახლეობას”. 
 
რასაკვირველია ქრისტიან პირველიერარქებსაც სჯერათ, რომ ადამიანის სიცოცხლე ღვთის ხელშია. მაგრამ „ღვთის შეუცნობელი ნების” გამო, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის კონკრეტულ, მორალისტურ ახსნაზე პრეტენზიას არ აცხადებენ. კითხვაზე – არის თუ არა ღვთის სასჯელი ბუნებრივი კატასტროფა? – ქრისტიანული პასუხია – არ ვიცი. საპირისპიროდ, ფუნდამენტალისტები აცხადებენ, რომ ზუსტად იციან რატომ ხდება კატასტროფები და გადარჩენის რეცეპტსაც გვთავაზობენ. ხშირად ეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დავიწყებას ნიშნავს. 
აღსანიშნავია, რომ დეკანოზი დავითი, თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოების ყურადღებას „გარყვნილების წინააღმდეგ” მიმართული ლაშქრობებით იქცევს. ისინი პირდაპირ იმეორებენ მოსკოვის პატრიარქის ქადაგებას. უწმინდესმა კირილმა ერთი წლის წინ ზუსტად იგივე განაცხადა ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შესახებ და უბედურება ამ ქვეყნის მცხოვრებთა მორალური ფასეულობების დაცემას გადააბრალა. ამ შეფასების შემდეგ, მოსკოველ პატრიარქს შეახსენეს, რომ ალკოჰოლიზმი, პროსტიტუცია, ნარკოტიკები და აბორტი მისი სამწყსოს მთავარ პრობლემად რჩება. მიუხედავად ამისა, იგივე სამწყსო იაპონელთა ტრაგედიას მაინც ასეთი შინაარსის წერილებს უძღვნის: “ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ღმერთმა ისინი დასაჯა რუსეთის წინააღმდეგ გამოხტომების გამო”, “აი, ის იარაღიც, რომელსაც მათ ჟირინოვსკი დაჰპირდა. არაა საჭირო ჩვენი კუნძულებისკენ თათების გამოშვერა”. თავად ჟირინოვსკი კი, იაპონელი ხალხის რუსეთში გადმოსახლების ინიციატივით გამოვიდა. მოსკოველი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ ციმბირი იაპონელებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ადგილია. აქაც ნულოვანი, თუნდაც ფარისევლური თანაგრძნობა.
 
დეკანოზი დავითის ქადაგებაში უფრო დაუჯერებელი თეზაც არსებობს. მისი თქმით, ღმერთი ადამიანებს ხანდახან არა მხოლოდ კატაკლიზმების, არამედ სხვა ადამიანების მეშვეობით სჯის. ამის მაგალითიც იქვე მოჰყავს და ამბობს, რომ მონღოლთა ურდო მეფე ლაშა-გიორგის სამაგალითო გახრწნილების გამო შემოგვესია. რწმენა რაციონალურ საფუძვლებს ყოველთვის არ მოითხოვს, მაგრამ ამ ლოგიკით, თუ მტერი საქართველოზე თავდასხმისას ღვთის ნებას აღასრულებს, მისი ქცევა, დანაშაულად კი არა, სათნოებად უნდა მივიჩნიოთ. ტრაგედიაში კი, მხოლოდ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ.  ეს კი იმ აზრის გაგრძელებაა, რომელიც ყველაზე უკეთ, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გამომავალმა ჟურნალმა ქვაკუთხედმა 2008 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა: „უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა... იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად დასავლური ინტეგრაციის გზაზე?!” 
 
პასუხისმგებლობის დამნაშავიდან მსხვერპლზე გადატანის მცდელობა, მამა დავითისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან უკვე ტრადიციაა. ასე ხდება მაშინ, როცა ქალის მიმართ მამაკაცის განხორციელებულ ძალადობას, მდედრობითი სქესის „გამომწვევ” ჩაცმულობას აბრალებენ. ქადაგებაში ასევე უპასუხოდ რჩება კითხვა, თუ რატომ მისცა უფლება ღმერთმა „თავისივე ნების” აღმსრულებელ ჯალალ-ედ-დინს სიონის ტაძრის გუმბათი მოენგრია, რომლის გვერდითაც, უკვე აწმყოში, ჰელოუინის აღსანიშნად შეკრებილი ახალგაზრდები მამა დავითის მრევლმა „ტაძრის შეურაცხყოფის” პასუხად დაარბია. 
 
მორწმუნე ქრისტიანების ნაწილისთვის ამგვარი ცოცხალი მითები იმაზე მეტად გასაგებია, ვიდრე რთული თეოლოგია სიყვარულის ღმერთისა და ადამიანის პიროვნული თავისუფლების შესახებ. როცა სამყაროს სილამაზეში ისინი ღმერთს ვეღარ ხედავენ, უფლის პოვნას კატასტროფებში ცდილობენ. შედეგად, ღმერთი ქრონიკული ნევრასთენიით დაავადებულ სოციოპათს ემსგავსება, რომელიც მათი თეორიებისთვის ნიადაგის გამყარების მიზნით, დროდადრო მიწისძვრებით ჩხირკედელაობს და აქა-იქ ვულკანებს აფრქვევს. ფუნდამენტალისტები ტრაგედიით წარმოსახვითი სასწაულის შექმნას ცდილობენ და ავიწყდებათ, რომ „ნათესავი ესე ბოროტი სასწაულს ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას” (ლუკა 11:29)