დაივიწყეთ გადატვირთვა; იშოვეთ ახალი მყარი დისკი

0 კომენტარი

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის პოლიტიკის” მხარდასაჭერად, მოსკოვსა და კიშინიოვში შეიარა. რუსეთის ხილვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამერიკის პრიორიტეტია, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. მან ის მიღწევები ჩამოთვალა, რომლებიც გადატვირთვას მიეწერება, რუსი მასპინძლები ღიად გააკრიტიკა და მოლდოვის გავლით წავიდა, რამაც მოსკოვი გაანაწყენა. თუმცა ახალი არაფერი მომხდარა – გადატვირთვა მიღწევებზე გაზვიადებული საუბრისა და მკაცრი, მაგრამ ფუჭი სიტყვათშეხამების ნაერთად იქცა.

ტერმინი „გადატვირთვა” ბაიდენმა პირველად 2009 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ახსენა. ორი წლის შემდეგ იგი შედეგებს ითვლის: ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ, შეთანხმება ანტისარაკეტო თავდაცვაზე  და თანამშრომლობა ირანისა და ავღანეთის საკითხებში. „შეერთებულ შტატებსა და რუსეთს, – წერს ბაიდენი თავის სტატიაში, რომელიც 13 მარტს International Herald Tribune-ში გამოქვეყნდა, – შეუძლიათ, ჰქონდეთ უთანხმოებები, მაგრამ მაინც ერთად იმუშაონ”.
 

 

თუმცა, ამ მუშაობის შედეგები უღიმღამოა. ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ რუსეთს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ამერიკას. ანტისარაკეტო თავდაცვაზე NATO-რუსეთის დისკუსიებმა კი აშშ შეაჩერა – თეთრმა სახლმა სარაკეტო სისტემის შექმნაზე თქვა უარი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განთავსებულიყო  და სამომავლოდ ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხისაგან დაეცვა. გარდა ამისა, სანქციებმა, რომელთა ზემოქმედებას მხოლოდ ზოგიერთი ირანელი გრძნობს, ისლამური რესპუბლიკის გეოპოლიტიკური ამბიციები ვერ მოთოკა – რაც მოსკოვს არ ანაღვლებს. ირანის ბირთვული შეიარაღების პროგრამა თუ შენელდა, ეს იმის შედეგი კი არ არის, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის შეხედულებები სპარსეთის ყურეზე ახლა ერთმანეთს ემთხვევა. ამის მიზეზი ისაა, რომ ვიღაცამ ირანის დახურულ კომპიუტერულ ქსელებში Stuxnet-ის ვირუსი შეუშვა.
 
რაც შეეხება ავღანეთს, მოსკოვმა NATO რთულ მოლაპარაკებებში ჩაითრია – კრემლი ტვირთების ნაწილის საკუთარ და სატელიტი ქვეყნების ტერიტორიებზე გატარებისთვის ეკონომიკურ ბეგარასთან ერთად პოლიტიკურ გადასახადსაც ითხოვს. ეს მაშინ, როცა ტვირთი იმ ომის საწარმოებლად არის საჭირო, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის და მისი საზღვრის სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი. 
წინააღმდეგობაზე კი მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლებიან. ვიცე-პრეზიდენტმა გულახდილად ისაუბრა რუსეთთან უთანხმოებებზე თავის მთავარ გამოსვლაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან აღნიშნა, რომ რუსეთში არსებული „ბიზნეს და სამართლებრივი კლიმატი” აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამას „პოლიტიკური მოდერნიზაცია” – ანუ დემოკრატიზაცია – სჭირდება.
 
ბაიდენმა ისეთი გახმაურებული სასამართლო პროცესებიც კი ახსენა, როგორიც ადვოკატ სერგეი მაგნიცკის საქმეა, რომელიც წინასწარი პატიმრობის დროს  გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიცია კორუფციაში დაადანაშაულა. ასევე ისაუბრა მიხაილ ხოდორკოვსკიზეც, რომელიც ციხეში იტანჯება იმ სასამართლო პროცესის შედეგად, Washington Post-მა „აშკარა ფარსი” რომ უწოდა.
 
კიშინიოვში ბაიდენმა 2005 წელს, თბილისში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხალხისადმი მიმართვის მსგავსი სიტყვა წარმოთქვა. „დემოკრატიის მიღწევა არ არის ადვილი”, უთხრა ბაიდენმა მოლდოველებს, „მაგრამ თქვენ იცით, რომ ამისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში ამერიკა, გპირდებით, თქვენი პარტნიორი იქნება”.
 
დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, მოლდოვის ის ტერიტორია, რომელიც რუსებს, მიუხედავად 1999 წლის სამხედრო ძალების გაყვანის ხელშეკრულებისა, კვლავ ოკუპირებული აქვთ, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ამ კონფლიქტის „მოგვარებას მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
ბაიდენის სიტყვები რუსეთში ბევრს არ მოეწონა და ნაციონალისტური ხასიათის სტატიების ტალღაც კი გამოიწვია. მაგრამ მოსკოვის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა უკვე ისწავლა თვალების მილულვა და ამერიკული გულახდილობის შემოტევების ატანა – გადატვირთვის ფარგლებში უთანხმოებაზე თანხმობას თითქმის არანაირი ფასი არა აქვს. 
 
და მაინც, ასეთმა სიტყვებმა, შესაძლოა, ვინმეს აფიქრებინოს, ხომ არ გადატვირთა ვაშინგტონმა თავისი გადატვირთვა. სამწუხაროდ, ის უცვლელია – მცდარ ვარაუდებზე დაფუძნებული მცდარი პოლიტიკა.
 
„ორი წლის წინ ხელისუფლებაში რომ მოვედით, – წერს ბაიდენი, – რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. რუსეთ-საქართველოს ომმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში ამ კონფლიქტის დაწყებამდეც ეს სახიფათო ტენდენცია აშკარა იყო... ირონიაა, რომ ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ამერიკის და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები ისევე, როგორც ეკონომიკური ინტერესები, ყველაზე მეტად ემთხვეოდა ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ობამამ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა დაისახა”.
სინამდვილეში, აშშ და რუსეთი ერთმანეთს ბუშის ადმინისტრაციის უყურადღებობის ან არასწორი დიპლომატიის შედეგად არ დაშორებიან. ისინი იმიტომ დაცილდნენ, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ისეთი უსაფრთხოების ინტერესები განსაზღვრა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ამერიკის ინტერესებს – ეს საქართველოზე რუსეთის თავდასხმით დაგვირგვინდა.
 
გადატვირთვა ამ რეალობას უარყოფს და სანაცვლოდ, მცდარ ვარაუდს ეფუძნება, რომ სწორად გატარებული დიპლომატია მდგომარეობას გამოასწორებს. ამას დიპლომატიის ორმაგ კურსთან მივყავართ – მუშაობა იმ სფეროებში, რომლებშიც თანხმობაა და შეთანხმება იმაზე, რომ უფრო რთულ სფეროებში უთანხმოებაა. ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირველ ეტაპზე ეს შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო. მაგრამ საჭიროა რთული საკითხების დაძლევაც, ვინაიდან რეალურ სამყაროში, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანების სურვილი ამის ერთ-ერთი მაგალითია.
 
„მომდევნო ნაბიჯი [აშშ-რუსეთის] ურთიერთობაში, – წერს ბაიდენი, – ვაჭრობასა და კომერციაში უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება იქნება”. ამერიკის მხრიდან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერაც აქედან გამომდინარეობს. „მაგრამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, –  აგრძელებს ბაიდენი, – რუსეთში არსებული ბიზნეს და სამართლებრივი კლიმატი და დემოკრატიის დაბალი ხარისხი, სერიოზული ბარიერები იქნება”. თუ ეს მართალია, იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ეს შეშფოთება მხოლოდ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლითა და გაზეთში გამოქვეყნებული სტატიით ვერ შემოიფარგლება.
 
რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთი ბარიერია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის. საკითხი, თუ ვინ გააკონტროლებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რუსულ ტანკებს გასათელად არ უნდა შევუგდოთ. ბუნებრივია, ეს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის წესებზე დაფუძნებული სავაჭრო სისტემა რაიმეს ნიშნავს.
 
რუსეთთან კარგი ურთიერთობა ყველას სურს, მაგრამ ორი წელი ძალზე გრძელი პერიოდია იმისათვის, რომ გადატვირთვის ღილაკზე თითი გეჭიროს – სისტემა შეიძლება მოიშალოს. დაივიწყეთ გადატვირთვა – ჩვენ ახალი, მყარი დისკი გვჭირდება, ახალი და რეალისტური პოლიტიკური მიდგომა. 
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები